Thumbnail
  • ქართველმა ძიუდოისტებმა ფრანგულ და რუსულ გუნდებს აჯობეს
  • ფინალში მებრძოლის მეტოქე SUCY JUDO იქნება

ძიუდოს ქართული კლუბი მებრძოლი პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში მიმდინარე ევროპის ლიგის გათამაშების ფინალში გავიდა და საღამოს ბლოკში ოქროს მედლებისთვის იბრძოლებს.

თავიდანვე ვთქვათ, რომ მებრძოლის ღირსებას ბაგრატ ნინიაშვილი, ამირან პაპინაშვილი (ორივე – 60 კგ.), ფრიდონ გიგანი, ვალერი იაშვილი (ორივე – 73 კგ.), ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე – 90 კგ.), გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი (ორივე +90 კგ.) იცავენ.

📺 მებრძოლი (საქართველო) 5:0 ნიცა (საფრანგეთი)

ქართული კლუბი ბრძოლაში მეოთხედფინალიდან ჩაება, სადაც ფრანგულ ნიცას 5:0 სძლია. ნინიაშვილმა დენის ვიერუს აჯობა, ბექაურმა რაიან ლეალი დააიპონა, გიგანმა ასევე სწრაფად პაატა დოლიაშვილს მოუგო და წმინდა გამარჯვებები იზეიმეს ტატალაშვილმა და ოქრუაშვილმაც.

📺 მებრძოლი (საქართველო) 5:0 ედელვაისი (რუსეთი)

დამაჯერებელი იყო ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა ნახევარფინალშიც, სადაც რუსულ ედელვაისს 3:2 აჯობეს. წარმატებულად გაისარჯნენ ნინიაშვილი, გიგანი და ტატალაშვილი, რომელთაც შესაბამისად, იაკუბ შამილოვს, ლეჩი ედიევს და მაგომედ ედილბიევს სძლიეს, პაპუნაშვილი მანსურ ლორსანოვთან დამარცხდა, ოქრუაშვილი კი – ზელიმხან ბაშაევთან.

ფინალში მებრძოლის მეტოქე ფრანგული SUCY JUDO იქნება, რომელმაც გზიდან ბერძნული არისი და ასევე ფრანგული SGS JUDO ჩამოცილა.

კომენტარები

ბოლო ამბები