Thumbnail
  • ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების 22 წლის მცველმა ფანები გადაიმტერა
  • ამის მიზეზი ცოტა ხნის წინ რაჰიმ სტერლინგთან მომხდარი მისი კონფლიქტია
  • ჯო გომესს მხარი თავად რაჰიმ სტერლინგმა და გარეთ საუთგეიტმა დაუჭირეს

ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების მცველმა ჯო გომესმა, მანჩესტერ სიტის თავდამსხმელთან, რაჰიმ სტერლინგთან კონფლიქტის გამო, ინგლისელი ფანები გადაიმტერა. 

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მე-9 ტურის მატჩში, რომელშიც ინგლისის ნაკრებმა მონტენეგრო ანგარიშით 7:0 დაამარცხა, 22 წლის ჯო გომესი მოედანზე შეცვლაზე, 70-ე წუთზე შევიდა. ბურთთან ფეხბურთელის ყოველ შეხებას, "უემბლიზე" შეკრებილ ინგლისელ ფანატთა ნაწილი სტვენით ხვდებოდა.

შეგახსენებთ, რომ გომესსა და სტერლინგს ურთიერთობა ჯერ კიდევ ლივერპული-სიტის (3:1) მატჩის დროს დაეძაბათ და მათი კონფლიქტი ეროვნულ გუნდში გამოძახების შემდეგაც გაგრძელდა. მომხდარის გამო ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა რაჰიმ სტერლინგი დასაჯა და ის მონტენეგროსთან მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

მეტი ამ თემაზეინგლისი და ჩეხეთი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ

სიტის ფორვარდი და ლივერპულის მცველი ერთმანეთს პრემიერლიგის მატჩში დაუპირისპირდნენ

მონტენეგროსთან თამაშის შემდეგ, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა გააკეთა: 

"ჯოს გამო ძალიან შეწუხებული ვარ. მას ცუდი არაფერი ჩაუდენია და ინგლისის ნაკრების არცერთი მოთამაშე იმსახურებს ასეთ სტვენას. მომხდარის გამო დამწუხრებულია გუნდის ყველა ფეხბურთელი".

მონტენეგროსთან ჰეთ თრიქი ჰარი კეინმა შეასრულა

ჯო გომესისადმი გულშემატკივრების დამოკიდებულებას ტვიტერზე თავად რაჰიმ სტერლინგიც გამოეხმაურა:

"მივმართავ ინგლისის ნაკრების ყველა გულშემატკივარს. არ მსურდა ამ თემასთან მიბრუნება, მაგრამ იძულებული ვარ, ეს გავაკეთო. ჩემთვის მძიმე სანახავი იყო, რომ უსტვენდნენ ჩემს თანაგუნდელს იმისთვის, რაშიც დამნაშავე მე ვიყავი. ჯოს არასწორი არაფერი გაუკეთებია და ჩემთვის მიუღებელია ის, რომ რთული კვირისა და გაწეული სამუშაოს შემდეგ, მან ფანატებისგან ასეთი დამოკიდებულება მიიღო. მანამდე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და შევეგუე მის შედეგს".

ინგლისის ნაკრებმა მონტენეგროსთან გამარჯვების წყალობით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა. გარეთ საუთგეიტის გუნდი A ჯგუფში ბოლო მატჩს 17 ნოემბერს, კოსოვოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები