Thumbnail
  • სანდრო ტონალი ბრეშას პირველ გუნდში 2017-18 წლების სეზონში დააწინაურეს
  • იტალიაში მას ახალგაზრდა პირლოს უწოდებენ
  • მანჩესტერ იუნაიტედი ნახევარმცველს დიდი ხანია აკვირდება

იტალიელი სანდრო ტონალით მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება. "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს მისი დამატება სურს. ნორვეგიელმა სპეციალისტმა ორშაბათს ფიორენტინასა და ბრეშას შორის უგოლოდ დასრულებულ შეხვედრაში სკაუტები გააგზავნა, რათა ტონალის დაკვირვებოდნენ.

"ახალგაზრდა პირლო" - ასე უწოდებენ სანდრო ტონალის იტალიაში. მისი სათამაშო სტილი ძალიან ჰგავს ლეგენდარული ანდრეა პირლოს სათამაშო სტილს. გარდა ამისა, 19 წლის ფეხბურთელს გარეგნულადაც ამსგავსებენ მაესტროს. 

ახალგაზარდა ნახევარმცველზე დიდი მოთხოვნაა. მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა, ფეხბურთელში დიდი თანხა გადაიხადოს, რადგან კლუბში მიაჩნიათ, რომ სანდროს დიდი პოტენციალი აქვს.

"ოლდ ტრაფორდის" წარმომადგენლებმა იტალიელზე SunSport-თან ისაუბრეს:

"ტონალის 18 თვეა ვაკვირდებით, ჩვენმა იტალიელმა სკაუტებმა მისი შეძენა გვირჩიეს. სანდრო თავის ასაკში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა".

ტონალი ბრეშას პირველ გუნდში 2017-18 წლების სეზონში დააწინაურეს. გასულ სეზონში ბრეშა სერია A-ში აღზევდა და წლევანდელი სეზონი იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში დაიწყო, ბრეშას წარმატებაში სანდრო ტონალის როლი ძალიან დიდია. 

თავად იტალიური კლუბი ხვდება, რომ ახალგაზრდა ტალანტის შენარჩუნება გაუჭირდება და ცდილობს, იგი სარფიანად გაუშვას. ბრეშა ტონალის დაახლოებით 40 მილიონ ფუნტად აფასებს.

სანდრომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ითამაშა, სადაც თავი 1 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.  

კომენტარები

ბოლო ამბები