Thumbnail

ფინალი აბუ დაბიში – ქართველმა ტალანტმა გრანდ სლემზე გაიბრწყინა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლუკა მაისურაძემ დილის სესიაში 5 მეტოქე დაამარცხა
  • ქართველი ოქროს მედლისთვის სამხრეთკორეელ ძიუდოისტს შეერკინება 

21 წლის ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (81 კგ.) არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემის ფინალში გავიდა და საღამოს სესიაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველმა ტალანტმა დღეს 5 ორთაბრძოლა ჩაატარა და ერთის გარდა, ყველა შემთხვევაში, მეტოქეებს საქმე ვადაზე ადრე მოუთავა.

ლუკამ ბელარუსი იუსუპ ბეკმურზაევი 50 წამში დააიპონა, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სტუარტ მაკვოტთან ვაზარები გაცვალა, შემდეგ კი, მე-3 შიდო აჰკიდა.

ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში იპონზე იტალიელი კრისტიან პარლატი დასცა, მეოთხედფინალში თბილისის გრან პრის წლევანდელ გამარჯვებულ ფრან დე ვიტს (ჰოლანდია) დამატებით დროში აჯობა, ნახევარფინალში კი კანადელი ანტუან ვალუა-ფორტიე ასევე იპონით დაჯაბნა.

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ლუკას მეტოქე სამხრეთკორეელი მუნ ჯინ ლი იქნება, რომელმაც გზიდან მოლდოველი დორინ გოტონოაგა, ბელარუსი იუნუს იუნუს ბეკმურზაევი, შვედი რობინ პაჩეკი, გერმანელი დომინიკ რესელი და თურქი ვედატ ალბაირაკი ჩამოიცილა.

ამავე წონაში ზებედა რეხვიაშვილმა საწყის რაუნდში ავსტრალიელ ეოინ გუჰლანს 3 შიდო მიაღებინა, შემდეგ კი, ხსენებულ რესელთან იპონით დამარცხდა.

2 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც, სადაც ფრიდონ გოგანმა მხოლოდ სამოელ ვილიამ ტაი ტინს აჯობა, ხოლო რუმინელ ალექსანდრუ რაიკუს ვეღარ გაუმკლავდა. გიორგი ჩიხელიძემ საწყის წრეშივე რუს დენის იარცევთან იპონით წააგო.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები