Thumbnail
  • რამდენიმე ამბავი ტოტენჰემის არგენტინელ მწვრთნელზე

სამშაბათს ტოტენჰემ ჰოთსპურმა ტურინში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იუვენტუსთან ფრედ ითამაშა. სპურსი დასაწყისშივე 2 ბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ ჩრდილოეთ ლონდონის მოქნილი ახალგაზრდებით სავსე გუნდმა, „იუვეს“ მალევე, ჯერ თამაშის მიმდინარეობა და შემდეგ ანგარიში შემოუტრიალა.

ეს მატჩი და ზოგადად ბოლო წლების ტოტენჰემის საოცარი ფორმა, საოცარ ახალგაზრდებთან ერთად, გუნდის არგენტინელი მთავარი მწვრთნელის - მაურისიო პოჩეტინოს დამსახურებაა.  

სად გაიზარდა?

„პოჩი“ ბრიტანელების ყოფილ სამხედრო ფორტში, მერე დასახლებად გადაქცეულ მერფიში აღზრდილია. პირველად საყვარელი სპორტის სახეობა, 1978 წელს მამასთან ერთად, მერფის ბარში ნახა, სადაც მის სამშობლოში გამართულ მუნდიალზე, მარიო კემპესი დაფრინავდა. ჰექტორ პოჩეტინოს ვაჟი ადგილობრივ გუნდში თამაშისას ხოსე გრიფამ შენიშნა და სანტა ფეს პროვინციის დედაქალაქში - როსარიოში წაიყვანა.

გრიფა და ბიელსა პოჩეტინოებს სახლში ეწვივნენ და ჰექტორის 13 წლის შვილი მოიკითხეს. მშობლებმა ვაჟი გააღვიძეს და ოთახში შესულმა ბიელსამ ხოსე გრიფას უთხრა "ნახე ხოსე, ნაღდი ფეხბურთელის ფეხები აქვს."

ნიუელსის წლები
(ზედა რიგში, მარცხნიდან მეხუთე)

როგორი ფეხბურთელი იყო?

პატარა პოჩეტინოს როსარიოში თავისი პირველი კლუბი, ინგლისელი მასწავლებლის, ისააკ ნიუელის დაარსებული - ნიუელს ოლდ ბოისი ელოდა. თანაგუნდელ ძველ ბიჭებთან ერთად, მალე, პროვინციაში ყველაზე დიდი ძველი ბიჭი - მარსელო ბიელსა გაიცნო.

 სპურსის მწვრთნელმა, ნიუელსში 6 სეზონი ითამაშა, ერთხელ 1990-91 წლებში არგენტინის პრიმერა დივიზიონის გამარჯვებული გახდა, ხოლო 1992-ში კლაუსერა მოიგო. 1994-ში „პოჩი“ ბუენოს აირესიდან ბარსელონაში გაფრინდა, სადაც ესპანიოლის სასტარტოს წევრი გახდა.

არგენტინის ნაკრებში მაურისიო პოჩეტინომ 20 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მისი სანაკრებო კარიერის მთავარი პერიოდი, გუნდისთვის ყველაზე წარუმატებელ მსოფლიო ჩემპიონატის - 2002 წლის კორეა-იაპონიას უკავშირდება, სადაც პოჩეტინომ ინგლისთან მატჩში მაიკლ ოუენზე პენალტი აიკიდა, რომლიც დევიდ ბექემმა გაიტანა და არგენტინამ საძულველ მეტოექსთან 1:0 წააგო.

არგენტინის ნაკრებს მაშინ მისი ყოფილი მწვრთნელი - მარსელო ბიელსა წვრთნიდა, ბიელსა მალევე გაუშვეს და მასშემდეგ პოჩეტინოს ნაკრებში აღარ უთამაშია. მებრძოლმა ცენტრალურმა მცველმა კარიერა 2006 წელს ესპანიოლში დაამთავრა და მალევე ამ გუნდის მწვრთნელი გახდა.

არგენტინა 0:1 ინგლისი
მაიკლ ოუენის და პოჩეტინოს ეპიზოდი

მაურისიო პოჩეტინო
"ცხოვრებაში არის რაღაცეები, რაზე საუბარიც, უბრალოდ არ ღირს. თქვენ რა გგონიათ, მარადონამ რომ ხელით ითამაშა 1986-ში პეტერ შილტონმა ჰკითხა ხელი იყო თუ არა? ყველამ იცოდა, რომ ხელი იყო. მაიკლ ოუენმაც იცის, რომ პენალტი არ იყო, მაგრამ ახლა ამას აზრი აღარ აქვს."

სად და როგორ დაიწყო მწვრთნელობა?

ესპანიოლში, 2009 წელს. გუნდში მისულს, სადებიუტო მატჩში გვარდოლას პირველი სეზონის სუპერ ბარსელონასთან მოუწია თამაში, პოჩიმ ანრის, ეტო’ოს და მესის გუნდი შეაჩერა და ყველასთვის მოულოდნელად ფრე - 0:0 ითამაშა. არგენტინელმა გუნდი იმ სეზონში გავარდნას გადაარჩინა და თან ბარსას ლიგის მატჩში, კამპ ნოუზე 1:2 მოუგო, რაც მანამდე 27 წელი არავის ჰქონდა გაკეთებული.

ბიელსას დავალება პოჩეტინოს, 1987 წელი: შემდეგ კვირას, სან ლორენცოსთან ვთამაშობთ. მოწინააღმდეგეზე დოსიე მჭირდება. წაიკითხე სამი გაზეთ მათი ბოლო მატჩის შესახებ და არ გამოგრჩეს ელ გრაფიკოს სამშაბათის ნომერი.

გადასვლა კუნძულზე...

პოჩეტინოს პირველად ინგლისში საუთჰემპტონმა დაუძახა და ოსვალდო არდილესის შემდეგ იგი პირველი არგენტინელი გახდა, რომელმაც ინგლისის ტოპ დივიზიონის გუნდი ჩაიბარა. „პოჩიმ“ 2013-14 წლების სეზონი, კლუბისთვის სარეკორდო ქულთა რაოდენობით, მერვე ადგილზე დაასრულა.

"ადამიანი, როგორც მოედანს გარეთ იქცევა, ზუსად იგივეს იმეორებს მოედანზე"

სონი (ტოტენჰემ ჰოთსპური)
"თამაშის წინ და თამაშის მერე გუნდელებისთვის ხელის ჩამორთმევა მიყვარს ხოლმე, ხუმრობით... ყველასთან მიდვივარ, მაგრამ მწვრთნელს, რომ ვხედავ მხოლოდ სიტყვიერ მისალმებას ვჯერდები, ცოტა მეშინია ბოსის."

ტოტენჰემი

წარმატებული სეზონის შემდეგ ახალგაზრდა მწვრთნელი სამუშაოდ ტოტენჰემ ჰოთსპურმა მიიწვია. ყველას უკვირდა, თუ რატომ გაუშვა თავის დროზე ტოტენჰემის მფლობელმა გუნდიდან ჯერ ჰარი რედნაპი, კაცი, რომელმაც სპურსი ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე ათამაშა და კლუბს ახალი სახე მისცა. ხოლო, შემდეგ ანდრე ვილაშ-ბოაში, რომელმაც ტოტენჰემის ისტორიაში, პრემიერლიგის სეზონში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და გარეტ ბეილი ბოლომდე გახსნა. ლევის მეტი უნდოდა და პოჩეტინოს სახით მიიღო კიდეც.

მაურისიომ გუნდი ახალ სიმაღლეზე აიყვანა, ტოტენჰემი წინა წლებთან შედარებით სტაბილურად კარგად თამაშობს, ოთხეულის წევრია და ჩემპიონთა ლიგაზე სპურსის წლევანდელი გამოსვლა, ტოტენჰემის გულშემატკივრებს კიდევ უფრო უკეთესი მომავალის იმედს აძლევს.

რაც მთავარია ამას „პოჩი“ პოტენციალში ინვესტირებით და ადგილობრივი ახალგაზრდა კადრებით აკეთებს. ჰარი ვინკსი, ერიკ დაიერი, დელე ალი, ბენ დევისი, რაიან მეისონი, კლუბის რეკორდსმენი - ჰარი კეინი და სხვები, ამის ნათელი მაგალითი არიან.

პოჩის ბიჭები

მაურისიომ, მარსელო ბიელსასგან ბევრი რამ ისწავლა, ის თვლის, რომ ადამიანი მოედანზე ისევე იქცევა, როგორც ცხოვრებაში, ამიტომ ჯერ მათ ცხოვრებას სწავლობს. ზონალური დაცვა და სამსახურივით ფეხბურთი დიდად არ აინტერესებს, ის პრიორიტეტს ინდივიდს ანიჭებს და ერთი-ერთზე თამაშის პრაქტიკა, მისი ძლიერი სამწვრთნელო მხარეა. ლიონელ მესის მსგავსად როსარიოელი, ჩემპიონთა ლიგის კამპანიას 7 მარტს უემბლიზე, იუვენტუსთან საპასუხო შეხვედრით განაახლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები