- კახი ასანიძე რუს და ბულგარელ ძალოსნებს ჩამორჩა
- გურამ გიორბელიძემ ევროპის რეკორდი გააუმჯობესა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს, მედლები 67 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდა, კახი ასანიძეს კი კვარცხლბეკზე ასვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
კახიმ, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟია, ორივე მოძრაობაში მე-4 შედეგი აჩვენა და საბოლოოდაც მე-4 ადგილი დაიკავა.
ასანიძეს ატაცში პირველი 2 ცდა (131 და 133 კგ.) გაუცუდდა, თუმცა, მობილიზება მოახერხა და 134 კგ. დააფიქსირა.
ატაცი
131 კილოგრამი ❌
133 კილოგრამი ❌
134 კილოგრამი ✅
ქართველი სპორტსმენი უკეთ გამოიყურებოდა აკვრაში, სადაც 158 და 164 კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა, 167 კგ. კი ვერ დასძლია, არადა, ამ შემთხვევაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ხდებოდა.
აკვრა
158 კილოგრამი ✅
164 კილოგრამი ✅
167 კილოგრამი ❌
ჯამში, კახიმ 298 კგ. მოაგროვა და მე-3 ადგილზე გასულ ვალენტინ გენჩევს (ბულგარეთი) 1 კგ-ით ჩამორჩა, ჩემპიონი რუსი ზულფატ გარაევი (314 კგ.) გახდა, მეორეზე კი კიდევ ერთი ბულგარელი სტილიან გროზდევი (302 კგ.) გავიდა.

ამავე წონაში ძალები გურამ გიორბელიძემაც მოსინჯა, რომელიც მასზე უფროს მეტოქეებთან ჭიდილში ბოლომდე დაიხარჯა და ათ მონაწილეს შორის მე-7 ადგილი დაიკავა.
გიორბელიძემ ატაცში სამივე ცდა (117, 120 და 122 კგ.) გამოიყენა და მე-9 იყო.
ატაცი
117 კილოგრამი ✅
120 კილოგრამი ✅
122 კილოგრამი ✅
აკვრაში, გურამმა 148 კგ-ის კვალად 153-კილოგრამიანი შტანგაც დაიმორჩილა და ჭაბუკთა ევროპის რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა.
აკვრა
148 კილოგრამი ✅
153 კილოგრამი ✅
155 კილოგრამი ❌
სარეკორდო გამოდგა ქართველი ძალოსმის ორჭიდის ჯამიც – 275 კგ. ამასთან, გიორბელიძემ საქართველოს 3 რეკორდიც დაამყარა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გიორგი დოკვაძემ, დღეს საღამოს კი, ფიცარნაგზე არჩილ მალაყმაძესაც (73 კგ.) ვიხილავთ.
კომენტარები