Thumbnail
  • 📅 19 ოქტომბერი | ⌚ 18:00 | ⚽ ატლეტიკო V ვალენსია
  • დიეგო სიმეონე მომავალ მატჩზე, კლასიკოზე და სხვა საკითხებზეც

სანამ კატალონიაში არეულობაა და მომავალი გაურკვეველი, ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდში გაიმართება -  "ვანდაზე" ატლეტიკო "ვალენსიას მასპინძლობს...

ალბერტ სელადესის გუნდი 12 ქულით მხოლოდ მე-7 ადგილზეა, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა, რადგან ლა ლიგის ცხრილის ზედა ნაწილში შესაშური სიმჭიდროვეა - "ღამურები" ლიდერ რეალს 6 ქულით ჩამორჩებიან, ატლეტიკოსთან სხვაობა კი მხოლოდ 3 ქულაა, რომლის აღმოფხვრაც ერთ მატჩში შეიძლება. 


დიეგო სიმეონეს დაცვის ცენტრში არ ეყოლება სტეფან სავიჩი. უკვე დიდი ხანია, ვერ თამაშობს ხორვატი მცველი სიმე ვრსალკოც. ვიტოლოს კვლავ მცირე პრობლემები აქვს, ასე რომ, დიდი ალბათობით, ნახევარდაცვის მარცხენა ფრთაზე საულს ვიხილავთ. 

შეტევაში ალვარო მორატა და დიეგო კოშტა თამაშისთვის მზად არიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიმეონე პორტუგალიელ ჟოაო ფელიქსს სიღრმეში დახევს. 

ხოსე გაიას თამაში ისევ საეჭვოა, თუმცა გამორიცხული აღარ არის, მაგრამ ხაუმე კოსტა მარცხენა ფლანგზე სასტარტოში ადგილს შეინარჩუნებს. ვალენსიას არც მარჯვენა მცველი კრისტიანო პიჩინი ეყოლება, იტალიელი ისევ ტრავმირებულია. ნახევარმცველი დანიელ ვასი ამ მიზეზის გამო, ისევ დაცვაში გაირჯება. სელადესმა კი უნდა აარჩიოს შეტევაში - კარგად ათამაშებული მაქსი გომესი თუ გამოჯანმრთელებული კევინ გამეორო, რადგან როდრიგოს სასტარტოში ადგილი გარანტირებული აქვს.

ვალენსიას კარლოს სოლერი დაუბრუნდა, ის თამაშისთვის მზად არის და, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაშიც დაბრუნდება. 

სიმეონემ ვალენსიასთან თამაშისთვის ეს 19 ფეხბურთელი შეარჩია

დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "დიეგო კოშტა და ალვარო მორატა გიჟურ ფორმაში არიან. ორივე ენთუზიაზმით ვარჯიშობს და ვიმედოვნებ, რომ ეს მათ არ გაუნელდებათ. ისინი კიდევ მოუმატებენ, ჩვენ ორი დიდებული ფორვარდი გვყავს. 

ვილიარეალთან მატჩი მაიამიში? რა პრობლემაა, ჩვენ ვითამაშებთ, სადაც გვეტყვიან - საუდის არაბეთში, ბოლივიაში თუ თურქეთში.

რაც შეეხება კლასიკოს გადადებას, ის, რაც ხდება და რა პრობლემაცაა ახლა კატალონიაში გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთი. ასეთ დროს, ფეხბურთის მატჩის ჩატარების საკითხი უკანა პლანზე გადადის".

ალვარო მორატა (ატლეტიკო): "სტადიონზე საოცარ ატმოსფეროს ველით, ვალენსიასთან თამაშები სულ ასეა. ფანები ჩვენ მოდუნების საშუალებას არ მოგვცემენ. ვალენსია დიდი გუნდია, ერთ-ერთი უძლიერესი ესპანეთში. მძიმე თამაში იქნება, თუმცა მათთვის ორმაგად. მათთვის ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო ვიზიტი. უნდა აგრესიულად შევუტიოთ და ორგანიზებულად დავიცვათ თავი, ეს იქნება გამარჯვების საწინდარი".

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ფელიპე, ხიმენესი, ლოდი - ჟოაო ფელიქსი, საულ ნიგესი, თომასი, კოკე - მორატა, დიეგო კოშტა 

ვალენსია (4-4-2): სილესენი - ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, ხ. კოსტა - ფ. ტორესი, პარეხო, კოკლენი, ჩერიშევი - როდრიგო, გამეირო

საინტერესო ფაქტები

⚽  ლა ლიგის ბოლო 8 მატჩიდან 6-ში ატლეტიკომ გოლი არ გაუშვა. 

⚽ ლა ლიგაში ატლეტიკოს ბოლო 5 მატჩში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ ატლეტიკომ შინ ვალენსიას ბოლო 7 თამაშიდან (ყველა შეჯიბრება) 6 მოუგო.

⚽ ატლეტიკოს ლა ლიგაში შინ ვალენსიასთან 9 თამაშია (6 მოგება, 3 ფრე), რაც არ წაუგია.

⚽ ატლეტიკოს ლა ლიგაში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" 11 მატჩია, რაც არ წაუგია. 

⚽ ლა ლიგაში ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებიდან მხოლოდ ორში მოახერხა გოლის გატანა ორივე გუნდმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები