Thumbnail
  • უელსთან მატჩის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა და მიხეილ ნარიაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს
  • მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა გამართა და უელსთან 14:43 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ''ბორჯღალოსანთა'' მწვრთნელმა და კაპიტანმა მედიის კითხვებს უპასუხეს.

საქართველომ მსოფლიო თასზე მონაწილეობის ისტორიაში, ტიერ1-ის გუნდს პირველად გაუტანა ორი ლელო და მეორე ტაიმი 14:14 დასრულდა, თუმცა უელსელებს შესვენებამდე სოლიდური უპირატესობა ჰქონდათ მოპოვებული.

უპირველეს ყოვლისა, მილტონ ჰეიგმა თამაშის მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეორე ტაიმისთვის მორაგბეებს სთხოვა ისე ეთამაშათ, თითქოს ანგარიში 0:0 იყო.

მილტონ ჰეიგი: უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ბევრი ვიმუშავეთ. თამაშამდე ბიჭებს ვუთხარი, რომ გაწეული სამუშაოს ფონზე, მთელი მატჩის განმავლობაში კონკურენტუნარიანები ვიქნებოდით, თუ არ დავუშვებდით შეცდომებს. სწორედ აქაა გასაღები. პირველ ტაიმში ამდენი შეცდომა არ უნდა დაგვეშვა, რადგან 29-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა წარმოუდგენელია. შესვენებისას ბიჭებს ვთხოვეთ, რომ არ ეფიქრათ ანგარიშზე, ისე ეთამაშათ, თითქოს 0:0 იყო და ვფიქრობ, ძალიან კარგი ტაიმი ჩავატარეთ.

მილტონ ჰეიგმა კომენტარი ექვს ერში საქართველოს ნაკრების შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

მილტონ ჰეიგი: მიუხედავად შედეგისა, თუ გვინდა საქართველომ პროგრესი გააგრძელოს და თამაშის ხაერისხი გააუმჯობესოს, მისთვის აუცილებელია ისეთ ტურნირში ჩართვა, როგორიც ექვსი ერია. შეუძლებელია მსოფლიო თასზე უელსთან მატჩში ელოდო საოცრებებს, თუ თუ არ ხარ მიჩვეული ასეთ სისწრაფეებზე თამაშს. პირველ ტაიმში გაშვებული 29 ქულა იმაზე მეტყველებს, რომ თუ შეცდომას ვუშვებთ, უელსის მსგავსი კარგი გუნდი აუცილებლად მოგვკლავს.

თუ არ მოვხვდებით ექვს ერში, საქართველომ წლის განმავლობაში ტიერ1-ის ნაკრებებთან მინიმუმ 4 შეხვედრა უნდა გამართოს. ამის შემდეგ შევძლებთ ვიყოთ კონკურენტუნარიანი. სანამ ეს არ მოხდება, სამწუხაროდ, ასეთი შედეგი ხშირი იქნება.

ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ყურადღება იმ ახალგაზრდა მორაგბეებზეც გაამახვილა, რომლებმაც მსოფლიო თასზე სადებიუტო მატჩი ჩაატარეს.

მილტონ ჰეიგი: მათ ძალიან კარგად ითამაშეს. ისინი ჩვენი გუნდის მომავალი არიან. ძალიან მაგარია ჩვენმა შესანიშნავმა ახალგაზრდებმა მსოფლიო თასზე ასე მაგრად რომ ითამაშეს. 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ, მათ არ აწუხებთ დიდი გუნდებთან თამაშის ფსიქოლოგიური წნეხი, რადგან ამ ქვეყნების წინააღმდეგ უკვე ნათამაშები აქვთ.

„ძლიერები ვართ, როცა ჩვენი სტილით ვთამაშობთ“

გუნდის კაპიტანი მიხეილ ნარიაშვილი რა თქმა უნდა შედეგით უკმაყოფილოა, მაგრამ მოეწონა ის ხასიათი, რომელიც გუნდმა მეორე ტაიმში გამოამჟღავნა:

მიხეილ ნარიაშვილი: თამაშში გვიან შევედით და ისეთ გუნდთან, როგორიც უელსია, ამისათვის საფასური გადავიხადეთ. მეორეს მხრივ, კმაყოფილი ვარ იმ ბრძოლისუნარიანობით და ხასიათით, რომელიც გუნდმა აჩვენა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ვცდილობდით თავი საუკეთესოდ წარმოგვეჩინა და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ. მაგრამ შესვენებამდე მეტოქეს ძალიან იოლად გავატანინეთ ლელოები. ამაზე და სხვა ყველაფერზე, რაც დღეს არ გამოგვივიდა, აუცილებლად ვიმუშავებთ.

ქართველი ბურჯის აზრით, ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმში მოახერხეს საკუთარი ძლიერი მხარეების გამოყენება და მომდევნო მატჩებში შედეგის მიღწევას ამ გზით ეცდებიან:

მიხეილ ნარიაშვილი: პირველ ტაიმში არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ საკუთარი სტილით გვეთამაშა და ძლიერი მხარეები გამოგვეყენებინა. მეორე ტაიმში ჩვენი შერკინება და მოლი ამუშავდა და ლელოებიც გავიტანეთ. საქართველო სწორედ ამ კომპონენტებშია ძლიერი და მომდევნო შეხვედრებში ამის ხარჯზე უნდა მივაღწიოთ წარმატებას.

ბორჯღალოსნები მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს, კუმაგაიაში ურუგვაის წინააღმდეგ გამართავენ. თამაში საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები