Thumbnail

‘ეს რა იყო? ასე არ შეიძლება!’ - მესი გრანადასთან მარცხის შემდეგ ყვიროდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გრანადასთან მარცხის შემდეგ მესიმ თანაგუნდელებს უყვირა
  • ვალვერდე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს

ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ 5 ტურია გასული, ბარსელონას კი უკვე 2 წაგება აქვს და საუკეთესო ექვსეულშიც კი არ არის. შაბათს კატალონიური გრანდი გრანადასთან 0:2 დამარცხდა - ბარსას ვერც ლიონელ მესიმ უშველა, რომელიც თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

ესპანური მედიის ინფორმაციით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი მატჩის შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყო. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ ბარსელონას გასახდელიდან მესის ყვირილის ხმა გამოდიოდა, რაც ხშირად ნამდვილად არ ხდება.

“ვერ ვიჯერებ, რომ ეს მართლა ხდება. ასე არ შეიძლება! თამაშებს უფრო მეტი კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ,” - ყვიროდა მესი გასახდელში და როგორც ‘მარკა’, AS და სხვა გამოცემები წერენ, თანაგუნდელებიდან მისთვის პასუხი არავის გაუცია.

არგენტინელის გაბრაზება აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონატში ასეთი ცუდი სტარტი 25 წელია აღარ ჰქონია - 2 მოგება, 1 ფრე და 2 მარცხი 5 ტურის შემდეგ. 7 თამაშია, ბარსას სტუმრად არ მოუგია. 

'ეს უკვე უკვე იმის ნიშანია, რომ ყველაფერი კარგად არ არის!'

“ძალიან ვნერვიულობ, რადგან სტუმრად კარგად ვერ ვთამაშობთ. როცა რამდენიმე მატჩში ასე ხდება, უკვე იმის ნიშანია, რომ ყველაფერი კარგად არ არის. როგორც მწვრთნელი, მომხდარის გამო პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე ვიღებ. მართალია, მოედანზე ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ პასუხისმგებლობა ბოლოს მაინც მწვრთნელმა უნდა აიღოს,” - განაცხადა ბარსას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მატჩის შემდეგ, რომლითაც ანდალუსიური გრანადა დროებით ლა ლიგის ლიდერი გახდა. საქმე ისაა, რომ დღეს სევილია რეალს ხვდება და როგორც არ უნდა დასრულდეს ეს მატჩი, გრანადა პირველ ადგილს დაკარგავს.

კომენტარები

ბოლო ამბები