Thumbnail

მილტონ ჰეიგი: მატჩი ისტორიული მნიშვნელობისაა და ეს ფაქტორი გვაძლიერებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილტონ ჰეიგისა და მიხეილ ნარიაშვილის პრესკონფერენცია 'დინამო არენაზე'
  • ნარიაშვილი ''ბორჯღალოსანთა'' კაპიტანი პირველად იქნება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ''დინამო არენაზე'' შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება - ეს ქართული რაგბისთვის ისტორიული მოვლენაა, რადგანაც შოტლანდია ელიტური სარაგბო ქვეყნებიდან პირველია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

''ბორჯღალოსანთა'' მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს და მეტოქის შესახებ ისაუბრეს.

მილტონ ჰეიგი: "ბედნიერები ვართ, რომ გვეძლევა საშუალება, ტიერ1-ის გუნდს მშობლიურ მიწაზე ვეთამაშოთ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების და რაც მთავარია, ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ამ თამაშის ისტორიული მნიშვნელობა ჩვენთვის დამხმარე ფაქტორია და მას გვერდზე არ გადავდებთ, ეს კიდევ უფრო გვაძლიერებს.

მინდა მოვუწოდო ქომაგებს, რომ ხვალ საღამოს მოვიდნენ სტადიონზე და მთელს მსოფლიოს დაანახონ, როგორ უყვართ რაგბი საქართველოში!

ტრიბუნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და გულშემატკივრებთან ერთად, ბევრად უფრო ადვილია თამაში. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია ექვსი ერის გადაწყვეტილების მიმღებებისთვისაც. მათ უნდა დაინახონ, რომ საქართველოში ასეთ მატჩებზე სტადიონი ივსება. მინდა მოვუწოდო ქომაგებს, რომ ხვალ საღამოს მოვიდნენ სტადიონზე და მთელს მსოფლიოს დაანახონ, როგორ უყვართ რაგბი საქართველოში.

შარიქაძე სამკვირიან სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის, რის გამოც შოტლანდიასთან ორივე მატჩს გამოტოვებს. ვიმედოვნებთ, რომ რეაბილიტაცია კარგად ჩაივლის და ის მსოფლიო თასზე ჩვენთან ერთად იქნება. არაა გამორიცხული, რომ მერაბი იაპონიაში პირველ ორ თამაშშიც დაგვაკლდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შემოგვიერთდეს."

მიხეილ ნარიაშვილი 31-ე მორაგბე გახდება, რომელსაც 'ბორჯღალოსნებისთვის' უკაპიტნია. მან ამ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და ისურვა, რომ მერაბ შარიქაძე კუთვნილ ადგილს მალე დაუბრუნდეს.

მიხეილ ნარიაშვილი: "მილტონის სიტყვებს ვერაფერს დავამატებ, ყველანი ბედნიერები ვართ შოტლანდიასთან საქართველოში თამაშის შესაძლებლობით. მოთამაშეები მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ეს შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატაროთ.

ჩემთვის რთულია წინა შეხვედრაზე საუბარი, რადგან არ მითამაშია, თუმცა ვფიქრობ, რომ ნორმალური იყო. ეს იყო პირველი მოსამზადებელი მატჩი, რომელმაც დაგვანახა, რა გვაქვს გასაუმჯობესებელი და რას ვაკეთებთ კარგად. გავაანალიზეთ შეცდომები, ვუყურეთ შოტლანდიის თამაშსაც და ვეცდებით, ბევრად უფრო დალაგებული, სწრაფად მოაზროვნე გუნდი ვიყოთ.

ბედნიერი ვიქნებოდი, ახლა ეს ადგილი მერაბს რომ ჰქონდეს დაკავებული. ყველანი დამწუხრებული ვართ მომხდარით. გუნდისთვის ძალიან რთულია ორი ისეთი მოთამაშის დაკარგვა, როგორებიც შარიქაძე და ცუცქირიძე არიან. ვიმედოვნებთ, რომ მერაბი მალე შეძლებს დაბრუნებას და ჩვენთან ერთად იქნება მსოფლიო თასზე“.

რაც შეეხება კაპიტნობას, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდები, ვიყო ბუნებრივი, ისეთი, როგორიც აქამდე ვიყავი. არ მინდა სტატუსის გამო ზედმეტი წნეხი მქონდეს."

კომენტარები

ბოლო ამბები