Thumbnail
  • 📅 8 აგვისტო | ⌚ 21:30 | ⚽ ფეიენოორდი V დინამო თბილისი | 📺 პირველი არხი
  • დინამო თბილისს როტერდამში ურთულესი მატჩი ელოდება
  • როგორ თამაშობს ფეიენოორდი, რისთვის უნდა იყვნენ მზად თბილისელები

დღეს, თბილისის დინამო ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე როტერდამის ფეიენოორდს შეხვდება. დიდი ხანია, ქართულ გუნდებს ასეთი ძლიერი და სახელიანი მეტოქე არ ჰყოლიათ. ამ მატჩმა ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - ამასთან, ეს შეხვედრა კარგი მაჩვენებლი იქნება იმისა, თუ სად ვართ თანამედროვე ევროპის საფეხბურთო რუკაზე და რამდენად შეგვწევს ძალა, თუნდაც ლოკალური დუელი მოვუგოთ დასავლეთ ევროპული ჩემპიონატების ერთ-ერთ ლიდერს. აქვე 5 მთავარი ფაქტორი, რომელიც დინამომ როტერდამულ კლუბთან დუელის წინ უნდა გაითვალისწინოს.

1. საწყისი 15 წუთი

ფეიენოორდი ფორმაში არ არის. გუნდმა არცთუ ისე შთამბეჭდავი სატრანსფერო კამპანია ჩაატარა, ვერ მოიგო პირველი საშინაო თამაში და, ზოგადად, ჰოლანდიურ პრესაში ამ სეზონის წინ, ფეიენოორდის მიმართ სკეპტიციზმი ჭარბობს. დინამოსთან როტერდამელები თავისი თვითრწმენის დაბრუნებას და დასაწყისიდანვე თამაშში ინიციატივის აღებას ეცდებიან. შესაბამისად, პირველი 15 წუთი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუკი დინამომ მოახერხა და ფეიენოორდს მატჩის დასაწყისიდანვე თავისი თამაშის პოვნის საშუალება არ მისცა, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ როტერდამული გუნდი შეცდომების დაშვებას დაიწყებს.

2. შანსი კონტრშეტევაზე

ფეიენოორდი არცთუ ისე ძლიერია დაცვაში. გასულ სეზონში მათ 34 მატჩში 41 გოლი გაუშვეს, რაც საშუალოდ თამაშში 1 გოლზე მეტია. წლევანდელ სეზონში პირველივე შეხვედრაში მათ ორი გოლი მიიღეს და როტერდამელთა დაცვა სპარტასთან კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა. თუკი (როცა) დინამო მოახერხებს დაცვიდან ამოსვლას, მეტოქის ნახევარზე სივრცეს და მომენტებს აუცილებლად იპოვის. ასე მოხდა სპარტასთან შეხვედრაშიც. სპარტას კონტრშეტევის დროს ფეიენოორდის ნახევარზე იმდენი სივრცე იყო, რომ გოლის გატანა მხოლოდ ტექნიკის საქმე აღმოჩნდა.

3. როგორ უტევს ფეიენოორდი

ფეიენოორდს უყვარს ბურთის ფლობა. გასულ სეზონში მათ თამაშში ბურთი საშუალოდ 60 პროცენტზე მეტი ჰქონდათ. ამის მიუხედავად, პოზიციური შეტევის დროს, როტერდამული გუნდი არცთუ ისე სახიფათოა. ფეიენოორდს ბურთი ბოლო შეხვედრაშიც 60 პროცენტზე მეტი ჰქონდა, თუმცა მეტოქის მესამედზე თამაშის მხოლოდ 26 პროცენტი წარიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ მატჩის დიდი ნაწილი ფეიენოორდს სახიფათო ზონებში ბურთის გადატანა უჭირდა და ბურთს ძირითადად ცენტრში აგორავებდა. მოედნის ცენტრში თამაშის 48 პროცენტი წარიმართა.

ფეიენოორდის ყველაზე ძლიერი მხარე მათი ზეწოლაა - ძალიან გაბარიტული და ათლეტური გუნდი ძირითადად ჩაწოდებების, სტანდარტების და ფიზიკური ზეწოლის ხარჯზე უტევს. ერთი სტატისტიკური დეტალი: სპარტასთან ბოლო შეხვედრაში ფეიენოორდის პასების 16 პროცენტი გრძელ პასებზე მოდიოდა, 3 პროცენტი კი ჩაწოდებებზე - ეს ძალიან დიდი რიცხვია. შედარებისთვის: პირველ ტურში ამსტერდამის აიაქსმა, რომელიც მთელი თამაში ასევე აგებდა თავისი პასების მხოლოდ 7 პროცენტი მოანდომა გრძელ პასებს, ჩაწოდებებს კი სულ რაღაც 1 პროცენტი.

დინამო ფეიენოორდის გრძელი პასების და ჩაწოდებების წინააღმდეგ მზად უნდა იყოს. ბოლო ტურში ფეიენოორდის 10 მინდვრის მოთამაშიდან რვა 180 სანტიმეტრზე მაღალი იყო. ათლეტური და გაბარიტული ფეიენოორდის ხანგრძლივი ზეწოლის ქვეშ რომ არ მოხვდეს, დინამოსთვის უკეთესი იქნება, ბურთი დიდი ხანი დაიჭიროს ხოლმე და როტერდამელებს ზეწოლის საშუალება არ მისცეს.

4. მაქსიმალური ყურადღება მარჯვენა ფლანგზე

დინამომ განსაკუთრებული ყურადღება თავისი დაცვის მარჯვენა ფრთას უნდა დაუთმოს. ბოლო თამაშში ფეიენოორდის შეტევების 45 პროცენტი მათი მარცხენა ფლანგიდან მოდიოდა და აქედან გაკეთებულ გადაცემას მოყვა როტერდამელთა პირველი გოლი.

თავისი მარჯვენა ფლანგიდან ფეიენოორდი ბევრად იშვიათად, შეტევების 30 პროცენტს უტევდა.

5. ბერგჰუისი და ნარსინგი

დინამომ ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს სტივენ ბერგჰუისს. იგი გასულ სეზონში 18 გოლით და 12 საგოლე პასით როტერდამელთა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. ბერგჰუისი თამაშს ხშირად იღებს თავის თავზე და ერთ შეხვედრაში საშუალიოდ 2.5 დრიბლინგი აქვს და თამაშში 2.1-ჯერ გაჰყავს პასებით თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე.

როტერდამელთა ახალწვეული ლუსიანო ნარსინგი

მის გარდა, დინამოსთვის განსაკუთრებით სახიფათო სულ ცოტა ხნის გადასული ლუსიანო ნარსინგი უნდა იყოს. მან წინა შეხვედრა სპარტასთან სათადარიგო სკამიდან დაიწყო. ის გუნდში ბოლომდე ადაპტირებული არ არის და უცნობია, ითამაშებს თუ არა სასტარტოში დინამოსთან. ნარსინგი სწრაფი და ტექნიკური მოთამაშეა. ინგლისში მას კარიერა არ აეწყო, თუმცა იქამდე იგი წლების მანძილზე, პსვ ეინდჰოვენის რიგებში, ჰოლანდიური ერედივიზიონის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები