- ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:6, 6:4, 6:4 დუშან ლაიოვიჩი
- ქართველს მეორე წრეში გერმანელი მეტოქე ელის
კანადის ქალაქ მონრეალში ATP-ის 1 000-იანი სერიის (მასტერსი) ტურნირი 'როჯერს კაპი' დაიწყო. პირველ წრეში მე-13 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) სერბ დუშან ლაიოვიჩს შეხვდა და სამ სეტში მოუგო - 3:6, 6:4, 6:4.
მატჩი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პირველ წრეში სერბის უპირატესობა აშკარა იყო, მან 1:1-ზე მოახერხა ქართველის მოწოდების მოგება და შემდეგ იგივე სეტის ბოლოსაც გაიმეორა - 3:6.
მეორე სეტი არეული თამაშით გამოირჩა, მოწოდება არც ერთ ჩოგბურთელს არ გამოსდიოდა - შედეგად, მათ 7 ბრეიკი გაახერხეს ჯამში. ნიკამ უფრო იყოჩაღა და სეტი 6:4 მოიგო.
მესამე სეტი ნიკასთვის ცუდად დაიწყო - 0:2, მაგრამ მან იქვე გაახერხა უკუბრეიკი. ამას კი მოყვა საკუთარი მოწოდების წაგება და ისევ უკუბრეიკი! 3:3-ზე ნიკამ კიდევ ერთხელ მოიგო სერბის მოწოდება. 5:4-ზე ბასილაშვილს უბრალოდ უნდა მოეგო თავისი მოწოდება და ეს მოახერხა, მეორე ცდაზე მოიგო მატჩ პოინტი და შემდეგ წრეში გავიდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს მე-2 წრეში გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი (35) იქნება, რომელმაც იოლად დაამარცხა ფრანგი ჟო-ვილფრედ ცონგა (60) - 6:2, 6:2.
ნიკა მიმდინარე რეიტინგში 1 975 ქულით მე-16 პოზიციაზეა, გამარჯვების შემთხვევაში კი ის კარიერაში პირველად გადაცდება 2 000 ქულას (2020 ექნება).
კომენტარები