Thumbnail
  • ორფორვარდიან ტაქტიკას დღეს მწვრთნელები უკვე იშვიათად იყენებენ
  • გავიხსენოთ თავდამსხმელთა ლეგენდარული დუეტები

დღეს საფეხბურთო გუნდები უმეტესად მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდით თამაშობენ. მეტიც: მას მერე, რაც ხოსეპ გვარდიოლამ ე.წ. ‘ცრუ ცხრიანის’ ფენომენი დაამკვიდრა, სულ უფრო ხშირად ვხედავთ, როგორ ამბობენ კლუბები უარს კლასიკურ ცენტრალურ თავდამსხმელზე. არადა, ათწლეულების მანძილზე, კლუბებისა და ნაკრები გუნდების წინა ხაზი ორი გამოკვეთილი ცენტრფორვარდით კომპლექტდებოდა, რაც დღეს ძალიან იშვიათად ხდება. ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ახლო წარსულში ცნობილი წყვილები გავიხსენოთ და ვიკამათოთ, თავდასხმის რომელი დუეტი იყო საუკეთესო.

რივალდო და რონალდო მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალში

უმჯობესია, ბოლო 20 წელიწადზე გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ყველას, ვინც დისკუსიაში ჩაემბმება, წყვილების უმეტესობის თამაში ნანახი ჰქონდეს. სანამ უშუალოდ ბოლო 20 წლის გამორჩეულ წყვილებზე გადავალთ, ოდნავ უფრო უკანაც გავიხედოთ და გავიხსენოთ ისეთი დაუვიწყარი დუეტები, როგორებიცაა სამპდორიას მანჩინი-ვიალი, გერმანიის ნაკრების ფიოლერი-კლინსმანი (1990), ბრაზილიის ნაკრების რომარიო-ბებეტო (1994), მარადონა-კარეკა (ნაპოლი), ვან ბასტენი-გულიტი (ჰოლანდიის ნაკრები, მილანი) და ა.შ.

რუდი ფიოლერი და იურგენ კლინსმანი

ფორვარდების ბოლო 20 წლის საუკეთესო წყვილებზე სტატიის დაწერის იდეა პოპსპორტის კლუბიდან წამოვიდა, სადაც ამ თემაზე დიდი დისკუსიაა. თანაც, მას მერე, რაც მწვრთნელებმა მეორე ცენტრფორვარდებზე უარი თქვეს და ძირითადად 4-2-3-1 ტაქტიკაზე გადავიდნენ, ორი ფორვარდის ფენომენი ბევრს ენატრება.

დუაიტ იორკი და ენდი კოული

ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ეს არა მარტო ამ ეპოქის, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია. დუაიტ იორკისა და ენდი კოულის ევროპის ისეთ დიდ სტადიონებზე ეშინოდათ, როგორებიცაა ბარსელონას ‘ნოუ კამპი’ ან ტურინის ‘დელე ალპი’. სამაგიეროდ, ისინი აღაფრთოვანებდნენ ‘ოლდ ტრაფორდის’ პუბლიკას, ინგლისში კი მათ ყველა მცველი უფრთხოდა. იორკი და კოული ერთმანეთს იდეალურად უგებდნენ და უმეტესად ერთი შეხებით გათამაშებული კომბინაციებით არღვევდნენ დაცვის ხაზს. 

ბევრმა არ იცის, რომ ეს დუეტი, შესაძლოა, არც კი შემდგარიყო, რადგან მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულ დამრიგებელ სერ ალექს ფერგიუსონს პატრიკ კლუივერტის, ან გაბრიელ ბატისტუტას გადაბირება სურდა და იორკის სასარგებლოდ გადაწყვეტილება ბოლო მომენტში მიიღო. მაშინ, იუნაიტედმა ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრების ფორვარდში სარეკორდო თანხა, 12 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

იუნაიტედის ფანები იორკის ტრანსფერს თავიდან სკეპტიკურად შეხვდნენ, მერე კი ძალიან შეუყვარდათ და მას ‘The Smiling Assassin’ შეარქვეს, რადგან დუაიტს სახე სულ უღიმოდა. იუნაიტედში მან ენდი კოულის სახით, თავისი ‘სულიერი ძმა’ იპოვნა, რომელსაც თითქმის ტელეპატიურად უგებდა.

POPSPORT CLUB | ჩაერთე დისკუსიაში

ოღონდ, ჩემპიონთა ლიგის 1999 წლის ლეგენდარულ ფინალში, იუნაიტედს ბაიერნთან ტედი შერინგემმა და ოლე გუნარ სულშერმა მოაგებინეს, რაც, ცოტა არ იყოს, ირონიული ამბავია. ფერგიუსონმა იორკი-კოულის წყვილზე უარი 81-ე წუთზე თქვა, როცა კოულის ნაცვლად მოედანზე სულშერი შეუშვა. და ბაიერნთან თამაში შემოატრიალა! იორკმა და კოულმა მომდევნო სეზონში ერთად 46 გოლი გაიტანეს.

იუნაიტედი ჯერ კოულმა დატოვა (2001), ერთი წლის შემდეგ კი იორკმაც და ისინი ბლექბერნში გაერთიანდნენ, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო ისეთი მრისხანე დუეტი, როგორც მანამდე, მანჩესტერში.

გრაფიტე და ედინ ჯეკო

2009 წელს, ბუნდესლიგა, ყველასათვის მოულოდნელად, ვოლფსბურგმა მოიგო. საშუალო დონის გერმანული კლუბის სენსაციური ჩემპიონობა ძირითადად 5 ადამიანის დამსახურება იყო - ფელიქს მაგათის (მწვრთნელი), ანდრეა ბარძალის (დაცვის ხაზის შეფი), ზვიეზდან მისიმოვიჩის (გამთამაშებელი) და ორი ძალიან შედეგიანი ფორვარდის (ედინ ჯეკო და გრაფიტე).

სეზონის მძიმედ დაწყების შემდეგ, გრაფიტე-ჯეკოს დუეტი ისეთ ტანდემად ჩამოყალიბდა, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოს გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში. ვოლფსბურგის საჩემპიონო სეზონში მათ ერთად 54 გოლი გაიტანეს და გერდ მიულერისა და ული ჰიონესის რეკორდი დაამხეს. გრაფიტე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ჯეკო კი - ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდი. დაუვიწყარია გრანდიოზული მატჩი ბაიერნთან, რომლის მეორე ტაიმში მათ დუბლები შეასრულეს.

ფელიქს მაგათის წასვლის შემდეგ, ეს დუეტიც დაიშალა, რადგან ჯერ არმინ ფეე, მერე კი სტივ მაკლარენი მოდას აჰყვნენ და ერთი ცენტრფორვარდით თამაში დაიწყეს. ეს განსაკუთრებით მაკლარენს ეხება, რომელმაც გრაფიტე ფლანგზე გადაიყვანა და მოგვიანებით აღიარა, რომ ეს დიდი შეცდომა იყო.

ტიერი ანრი და დენის ბერგკამპი

ეს ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური წყვილია, რადგან ორივეს უნიკალური ტექნიკა ჰქონდა. დენის ბერგკამპმა და ტიერი ანრიმ ლონდონის არსენალში ოქროს ეპოქა შექმნეს - სწორედ მათ დროს მოემატა ლონდონურ კლუბს გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჰოლანდიელი ოდნავ უკნიდან თამაშობდა, ფრანგი კი არსენალის ყველა დროის საუკეთესო ფორვარდადაა მიჩნეული.

რაულ გონსალესი და ფერნანდო მორიენტესი

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის რეალის წინა ხაზის ეს წყვილიც უკვდავია. ფერნანდო მორიენტესი კლასიკური ცხრიანი გახლდათ, რაული კი მოძრავი მეორე ფორვარდი, რომელიც ყველგან იყო და ყველაფერი შეეძლო. მათი დუეტი ფაქტობრივად მას შემდეგ დაიშალა, რაც რეალმა მილანის ინტერიდან ბრაზილიელი რონალდო შეიძინა.

დავიდ ვილია და ფერნანდო ტორესი

ესპანეთში დავრჩეთ: რაულისა და მორიენტესის შემდეგ, იქ დავიდ ვილიას და ფერნანდო ტორესის ეპოქა დაიწყო. გარდა იმისა, რომ ისინი ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ვილია და ტორესი ერთმანეთს, როგორც იტყვიან, თვალდახუჭული უგებდნენ. ორივე ‘ფურია როხას’ რეკორდსმენია - ვილიამ ნაკრებში 98 მატჩი ჩაატარა და 59 გოლი გაიტანა, ტორესმა კი - 110 მატჩში 38 გოლის გატანა შეძლო. 

ფილიპო ინძაგი და ანდრეი შევჩენკო

2000-იანი წლების დიდი მილანის სუპერთავდასხმა ისტორიაში დარჩა, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი. ფილიპო ინძაგიმ და ანდრეი შევჩენკომ ბრწყინვალე დუეტი იმიტომ შექმნეს, რომ ერთმანეთს იდეალურად ავსებდნენ. პიპო ნამდვილის საგოლე მანქანა იყო, შევა კი მეორე ფორვარდი, რომელიც მის გარშემო მოძრაობდა და სივრცეებს უთავისუფლებდა. 2003 წელს მათ ერთად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ინძაგიმ ეს კიდევ ერთხელ შეძლო 2007 წელს, მაგრამ უკვე უკრაინელის გარეშე, რომელიც 2006-ში ლონდონის ჩელსიში გადავიდა.

სამუელ ეტო’ო და დიეგო მილიტო

მილანშივე, ოღონდ ინტერის ბანაკში იყო ფორვარდების წყვილი, რომელთა უნიკალური ურთიერთგაგების დამსახურებაა ის, რომ ‘ნერაძურიმ’ 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჟოზე მოურინიოს ღვაწლს არავინ აკნინებს, მაგრამ რომ არა მილიტო და ეტო’ო, ინტერს იმ გრანდიოზული სეზონის ჩატარება გაუჭირდებოდა.

ალესანდრო დელ პიერო და დავიდ ტრეზეგე

მათ ანგარიშზე ერთად 365 გოლია! დელ პიერო იუვენტუსის ცოცხალი ლეგენდაა და ტურინული გრანდის ფორმით სულ 290 გოლი გაიტანა, ტრეზეგემ კი 320 თამაშში 171 გოლის გატანა შეძლო. ერთად თამაშის პერიოდში 365 გოლი დაუჯერებელი მაჩვენებელია. დელ პიერო იუვეს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ, მესამე ადგილზე კი ტრეზეგეა, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ ჯამპიერო ბონიპერტის მხოლოდ 6 გოლით ჩამორჩა! ანუ, კიდევ 7 გოლიც და მეორე ადგილზე იქნებოდა.

ტრეზეგე უსწრებს იუვეს ისეთ ლეგენდებს, როგორებიც იყვნენ რობერტო ბეტეგა (162) და ომარ სივორი (161). სწორედ ტრეზეგეს გუნდში მისვლის შემდეგ დატოვა იუვენტუსი ფილიპო ინძაგიმ. სხვათა შორის, დელ პიეროსა და ინძაგის წყვილიც გადასარევი იყო და რომ არა ტრეზეგე, საინტერესოა, რამდენის გატანას მოახერხებდა პიპო დელ პიეროსთან ერთად.

გამოკითხვა

რომელია საუკეთესო შემტევი დუეტი?

  • იორკი - კოული
  • გრაფიტე - ჯეკო
  • მესი - სუარესი
  • დელ პიერო - ტრეზეგე
  • შევჩენკო - ინძაგი
  • რაული - მორიენტესი
  • სამორანო - სალასი
  • სხვა წყვილი

კომენტარები

ბოლო ამბები