Thumbnail
  • საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფორვარდი კარიერას უკრაინაში გააგრძელებს
  • 17 წლის ფეხბურთელმა კიევის დინამოს ახალგზარდული გუნდის მაისურით ითამაშა
  • კიევის დინამოს უეფას ახალგაზრდულ ლიგაში სულ მალე იუვენტუსთან თამაში უწევს

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების 17 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე კარიერას კიევის დინამოში გააგრძელებს. ამის შესახებ უკრაინული სპორტული მედია ავტორიტეტულ პორტალ Transfermarkt-ზე დაყრდნობით იუწყება, თავად კლუბს კი ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ნიკოლოზ ქუთათელაძემ, რომელიც პარი სენ-ჟერმენის ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა, მახაჭყალის ანჟიში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა. ახლახან ქუთათელაძემ კიეველთა 21-წლამდელების გუნდის საკონტროლო მატჩში (ტობოლის 21-წლამდელებთან), სასტარტო შემადგენლობაში, 19-ნომრიანი მაისურით ითამაშა და როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ქუთათელაძე (მარჯვნიდან პირველი ზედა რიგში) კიეველთა საკონტროლო მატჩში

საქართველოდან წასვლის შემდეგ, ნიკოლოზ ქუთათელაძე ორი წლის განმავლობაში პრაღის სპარტის საფეხბურთო სკოლაში ირიცხებოდა, რის შემდეგაც კიდევ ექვსი წელიწადი ლილის აკადემიაში გაატარა. ფორვარდი 2016 წელს პსჟ-ში გადავიდა, სადაც პარიზული კლუბის 16-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა.

შარშან ნოემბერში ქუთათელაძემ კონტრაქტი მახაჭყალის ანჟისთან გააფორმა, თუმცა ახალგაზრდა ფორვარდმა რუსეთის პრემიერლიგის კლუბის მაისურით თამაშის უფლება ვერ მიიღო. ამის მიზეზი მახაჭყალის კლუბისთვის დავალიანებების გამო დაკისრებული სანქციები გახდა.

მეტი ამ თემაზე: ეს ტრამპლინია - ნიკოლოზ ქუთათელაძე ანჟიზე, ნეიმარსა და კავანიზე

კიევის დინამოს 21-წლამდელთა გუნდი უეფას ახალგაზრდულ ლიგაში გამოდის, სადაც 1/8-ფინალის საგზურისთვის 20 თებერვალს შინ ტურინის იუვენტუსის თანატოლებს დაუპირისპირდება. სხვათა შორის, კიეველთა ღირსებას უკრაინის მოქალაქე, 18 წლის გარემარბი გიორგი წიტაიშვილი იცავს. 

კიევის დინამოს მაისური აქამდე არაერთ ქართველ ფეხბურთელს მოურგია: კახა კალაძეს, გიორგი დემეტრაძეს, მიხეილ ჯიშკარიანს, მალხაზ ასათიანს, ოთარ მარცვალაძეს, ალექსანდრე ამისულაშვილსა და სხვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები