Thumbnail

დათუნაშვილი: პატრიარქის ხათრით ყველას შევურიგდები, თუმცა ეს ფორმალობა იქნება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დათუნაშვილის თქმით, ფედერაციის მესვეურებთან ვერ ითანამშრომლებს
  • შესაბამისად, მძიმე არჩევანის წინაშეა: კარიერის დასრულება, ან ქვეყნიდან წასვლა

გრძელდება დაპირისპირება მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის. დათუნაშვილმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ფედერაციის მესვეურებთან ვერ ითანამშრომლებს და შესაბამისად, მძიმე არჩევანის წინაშეა: კარიერა დაასრულოს, ან სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს.

შეგახსენებთ, რომ განხეთქილება იყო ქართულ ძიუდოშიც, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ძიუდოს ფედერაციის მესვეურებმა და ძიუდოისტებმა დიდი საერთო შერიგების შესახებ განაცხადეს და ამაში საქართველოს პატრიარქის უდიდეს როლზე გაამახვილეს ყურადღება. ჟურნალისტებმა ზურაბ დათუნაშვილს ჰკითხეს, შეურიგდება თუ არა გეგა გეგეშიძეს პატრიარქის ჩარევის შემთხვევაში, რაზეც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“პატრიარქმა რომ მთხოვოს, ჩემს პირადს გვერდზე გადავდებ და ნებისმიერ ადამიანს შევურიგდები. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, სპორტულ კარიერაზე უარი უნდა ვთქვა. შესაძლოა შერიგება ფორმალურად მოხდეს, მაგრამ რეალურად არაფერი შეიცვლება”. - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წელი ქართული ჭიდაობისთვის სკანდალურად დაიწყო. 10-13 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველო ჩემპიონატი ჭიდაობაში. 11 იანვარს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კგ. წონითი კატეგორიის ფინალი მიმდინარეობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. ფონალური ორთაბრძოლის მონაწილე ზურაბ დათუნაშვილმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა და საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე იყო, რომელიც პირადად დაუპირისპირდა ზურაბ დათუნაშვილს.

19 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, სადაც გეგა გეგეშიძის და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებაა ასახული. კადრებში კარგად ჩანს ფედერაციის პრეზიდენტს და ნაკრების კაპიტანს შორის მომხდარი ინციდენტი. კადრების გავრცელების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რასაც გეგა გეგეშიძის დაპატიმრება და შემდეგ, გირაოს წესით გათავისუფლება მოჰყვა. ამასთან, გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დატოვეს.

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები