Thumbnail

'მაინც ვერ მიპოვით... მამა, მეშინია!' - სალას ბოლო სიტყვები თვითმფრინავიდან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • თვითმფრინავი, რომლითაც არგენტინელი კარდიფში მიფრინავდა რადარებიდან გაქრა
  • ემილიანო სალამ ახლობლებს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა
  • მაშველებს მისი და თვითმფრინავის ეკიპაჟის გადარჩენის იმედი აღარ აქვთ

საზარელი ამბავის დრამატული დეტალი - მედიამ ემილიანო სალას აუდიო-ჩანაწერი გაავრცელა!

28 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა, ოჯახის წევრებს და მეგობრებს თვითმფრინავიდან Whatsapp-ით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ თვითმფრინავის საქმე ცუდადაა, თვითონ კი ძალიან შეშინებულია.

ემილიანო სალა

როგორც იცით, კარდიფ სიტის თავდამსხმელი ორშაბათს საღამოს ნანტიდან კარდიფში პატარა, კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა, რომელიც რადარებიდან გაქრა. დიდი ალბათობით ჯეტი (Piper PA-46 Malibu) ჩამოვარდა. სწორედ ამაზე მიუთითებს დრამატული ხმოვანი შეტყობინება, რომელიც სალამ Whatsapp-ით ახლობლებს გაუგზავნა. როგორც ჩანს, შეტყობინება მას მერეა გაგზავნილი, რაც თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა. სალას უკანასკნელი სიტყვებია: “ისე მეშინია…”

სალას შეტყობინება სიტყვასიტყვით: “თვითმფრინავში ვარ და საქმე ისეა, რომ ნაწილებად დაიშლება… კარდიფში მივფრინავ.”

ემილიანოს მამამ, ორასიომ გაზეთ “კლარინს” დაუდასტურა, რომ აუდიო-ჩანაწერში ნამდვილად მისი შვილის ხმაა. სალა: “იმ შემთხვევაში, თუ უახლოესი საათნახევრის განმავლობაში ჩემგან არაფერს გაიგებთ: არ ვიცი, გამოგზავნიან თუ არა ვინმეს, რომ მიპოვონ, მაგრამ მაინც ვერ მიპოვნიან. მამა, ძალიან მეშინია. ისე მეშინია…” - ფეხბურთელის ხმის ფონზე თვითმფრინავის ძრავის ხმა ისმის.

სალამ კარდიფთან კონტრაქტი შაბათს გააფორმა

დაუჯერებელია, მაგრამ სალა საკმაოდ მშვიდი ხმით ლაპარაკობს და ეტყობა, რომ ახალი გაღვიძებულია. მის ხმაში გადარჩენის იმედი არ იგრძნობა. არგენტინელი ფეხბურთელი დაახლოებით 1-წუთიან შეტყობინებაში კიდევ ამას ამბობს: “კარდიფში უნდა ჩავსულიყავი, ხვალ იქ ვარჯიში იწყება. ხალხო, ეს ჩემი ახალი გუნდია. ბოლო დღეებში ნანტში ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი საქმე მქონდა. საქმეები არა და არ გამოილია!” - დიდი ალბათობით ეს იყო ბოლო შეტყობინება, რომელიც მან მეგობრებს გაუგზავნა.

ემილიანო სალამ კარდიფთან კონტრაქტი შაბათს გააფორმა (ტრანსფერის ღირებულება 17 მილიონი ევრო). ორშაბათს მან ნანტის ბაზაზე თავისი ნივთები ჩაალაგა და უელსში გასაფრენად მოემზადა. მანამდე, სალამ ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ნანტის ფეხბურთელებთან ერთადაა გადაღებული და მეგობრებს დაემშვიდობა.

ნანტის გულშემატკივრები

მაშველებს ემილიანო სალას და ეკიპაჟის სხვა წევრების გადარჩენის დიდი იმედი აღარ აქვთ. აი, რას ამბობს ჯონ ფიჯერალდი, რომელიც სამაშველო ოპერაციას ხელმძღვანელობს: “არა მგონია, რომ ვინმე ცოცხალი იყოს. ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ დაიკარგა თვითმფრინავი. ის სრულიად გაქრა, შეტყობინების გარეშე. ვფიქრობ, ზღვის ტემპერატურისა და სხვადასხვა გარემოებების გამო, ძალიან შემცირდა შანსი, რომ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ.”

პოლიციის ინფორმაციით, ძებნის პროცესი 100 კვადრატული კილომეტრის ფართობზე მიმდინარეობს - პროცესში ჩართულია 5 თვითმფრინავი და 2 სამაშველო გემი. ცნობები იმის შესახებ, რომ წყალზე რაღაც საგნები შეამჩნიეს, არ დადასტურდა.

სალას მამა: “ნელ-ნელა ვკარგავ იმედს. ემილიანო წყალში ვერ იპოვეს და ვხვდები, რომ ეს კარგს არაფერს ნიშნავს.”

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა კი ემილიანოს პოვნის იმედს არ კარგავს: “იმედს არ ვკარგავ. იქნებ ჯერაც ცოცხლები არიან!”

კარდიფშიც და ნანტშიც, სადაც სალა 2015 წლის ზაფხულიდან თამაშობდა, შოკირებულები არიან. ნანტის ოთხშაბათს დაგეგმილი სათასო მატჩი გადაიდო.

მეტი ამ თემაზე

🎧 ემილიანო სალას ხმოვანი შეტყობინება

კომენტარები

ბოლო ამბები