Thumbnail
  • ავსტრალიის ღია პირველობას TOP 10-ის კიდევ ერთი ჩოგბურთელი გამოეთიშა
  • დომინიკ ტიმი მეტოქეს მესამე სეტში დანებდა
  • სტენ ვავრინკამ მილოშ რაონიჩთან 4 სეტში წააგო

მსოფლიოს მე-8 ჩოგანმა დომინიკ ტიმმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა მეორე წრეში დაასრულა - 25 წლის ავსტრიელი რეიტინგის 10 საუკეთესო ჩოგბურთელიდან მესამე მოთამაშეა, რომელიც წლის პირველ დიდ სლემს უკვე გამოეთიშა. მანამდე, TOP 10-დან კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა, მე-5 ჩოგანი) და ჯონ ისნერი (აშშ, მე-9) დამარცხდნენ.

ტიმის მეტოქე ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი გახლდათ, რომელსაც დომინიკი მესამე სეტში დანებდა (5:7, 4:6, 0:2). ექიმები ავსტრიელის დახმარებას თამაშის დროს ცდილობდნენ, მაგრამ ტრავმამ დომინიკს თამაშის გაგრძელების საშუალება არ მისცა. პოპირინი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, რეიტინგში 149-ე ადგილზეა და ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში უაილდქარდით მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მან პირველ წრეში მიშა ზვერევი დაამარცხა.

ავსტრალიის ღია პირველობას დღეს TOP 10-ის ყოფილი მოთამაშე სტენ ვავრინკაც გამოეთიშა. დიდი სლემის ტურნირების სამგზის გამარჯვებული, რომელმაც 2017 წელს მუხლზე ორი ოპერაცია გადაიტანა, კანადელ მილოშ რაონიჩთან 4 სეტში დამარცხდა - 7:6 (7:4), 6:7 (6:8), 6:7 (11:13), 6:7 (5:7). შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ავსტრალიის ღია პირველობა სწორედ ვავრინკამ მოიგო.

შვეიცარიელი დიდ ჩოგბურთს 2018 წლის დასაწყისში დაუბრუნდა და მისი საუკეთესო მიღწევა შარშან სანკტ პეტერბურგის ტურნირის ნახევარფინალში თამაში იყო. აღსანიშნავია, რომ 33 წლის ვავრინკა აშშ-ის ღია პირველობაზეც რაონიჩთან დამარცხდა (მესამე წრეში). დღესდღეობით შვეიცარიელი მსოფლიოს 59-ე ჩოგანია.

კომენტარები

ბოლო ამბები