Thumbnail
  • ზაზა ფაჩულიამ ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა
  • პისტონსმა ორლანდო ოვერტაიმში, 120:115 დაამარცხა
  • ქართველმა ცენტრმა დრამატულ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა

NBA-ს კალენდარში მარტამდე, ან სულაც აპრილამდე აუცილებლად მოსაგები თამაშები თითქოს არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად არის ისეთი მატჩები, რომლებშიც, უმჯობესია, არ დამარცხდე. ზაზა ფაჩულიას დეტროიტს სწორედ ასეთი შეხვედრა ჰქონდა ორლანდო მეჯიქთან, რომელიც პისტონსმა დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში 120:115 მოიგო. რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, ამ მატჩში ზაზა ფაჩულია არა მარტო დაბრუნდა, არამედ თავისი გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მას მერე, რაც ზაზა არ თამაშობდა, დეტროიტს კრიზისი დაეწყო. 2019 წელს ჩატარებული 8 თამაშიდან, პისტონსს მხოლოდ 2 ჰქონდა მოგებული. ორლანდო კი, პლეი ოფის გზაზე დეტროიტის უშუალო კონკურენტია, რომლის დამარცხების შემდეგ, პისტონსში შვებით ამოისუნთქეს, თუმცა ფაჩულიას გუნდს მომდევნო შეხვედრაც ასეთივე მნიშვნელოვანი აქვს - 19 იანვარს მაიამისთან, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა (21 მოგება, 21 მარცხი).

“ვფიქრობ, რომ კარგ მდგომარეობაში ვართ. მართალია, უმჯობესი იქნებოდა, რომ კონფერენციის 8 საუკეთესო გუნდს შორის ვიყოთ, მაგრამ საუკეთესო ექვსეულისგან შორს არ ვართ,” - უთხრა მატჩის შემდეგ ფაჩულიამ ჟურნალისტებს და დასძინა: “თამაშს არავინ გვაჩუქებს. ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო მატჩია მაიამისთან, რომელიც ჩვენზე წინაა.”

ის ფაქტი, რომ ორლანდოსთან დაძაბული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა სწორედ ფაჩულიას სთხოვეს კომენტარი, აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ზაზა 8-მატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და უშეცდომოდ ითამაშა. ქართველმა ცენტრმა ტრავმა 30 დეკემბერს მიიღო და მას მერე, დეტროიტს მეორე და მეოთხე პერიოდების პირველ წუთებში ხშირად უჭირდა. ამჯერად, პისტონსმა ძალიან კარგად ჩაატარა მეორე პერიოდის საწყისი წუთები, როცა თამაშში ფაჩულია ჩაერთო და ნორმალურად დასვენების საშუალება მისცა ანდრე დრამონდს.

ზაზამ 15 წუთი ითამაშა და ამ დროში მისი +/- კოეფიციენტი +16 იყო, რაც არა მარტო გუნდში, არამედ მატჩში საუკეთესო მაჩვენებელია. ზაზამ 6 ქულა, 3 პასი და 3 მოხსნა (2 დაცვაში, 1 შეტევაში) დააგროვა. მან ორივე საჯარიმო ზუსტად ესროლა და 2 ორქულიანი ჩააგდო.

“ზაზა დიდ სამუშაოს ასრულებს - პასები, მოხსნები, პატარ-პატარა რაღაცების კეთება, რაც სტატისტიკაში არ შედის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი სეზონია, შესანიშნავად გამოიყურება. რამდენიმე მატჩის შემდეგ დღეს პირველად მოხდა, რომ ყველა ჩვენი მოთამაშე ჯანმრთელია, რაც ძალიან კარგია და შედეგზეც აისახა. იმედია, ასე გაგრძელებას შევძლებთ,” - ეს ბლეიკ გრიფინის სიტყვებია, რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა 30 ქულით (5 პასი, 4 მოხსნა). რაც შეეხება ანდრე დრამონდს, მან 14 ქულა ჩააგდო და 22 მოხსნა გააკეთა.

მატჩის შემდეგ, ფაჩულიაზე დეტროიტის მთავარმა მწვრთნელმა დუეინ კეისიმაც ილაპარაკა - ის ელოდება, რომ ფაჩულიას დაბრუნება პისტონსის საკალათბურთო IQ-ს აამაღლებს.

ზაზა ფაჩულია 8-მატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

“ჩვენ ის საკმარისად სწრაფად ვერ დავაბრუნეთ. ზაზა ჭკვიანი მოთამაშეა. შეიძლება იყო ხისტი, თამაშობდე მძლავრად და მე ვფიქრობ, რომ იუტაში სწორედ ასე ვითამაშეთ. მაგრამ ყველაფერ ამასთან ერთად მაღალი IQ გჭირდება. სწორედ ეს შეგვმატა ზაზამ!” - განაცხადა კეისიმ.

კომენტარები

ბოლო ამბები