Thumbnail

სკანდალი ბუნდესლიგაში - ვერდერი ჰოფენჰაიმს დრონით უთვალთვალებდა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ვერდერის სკაუტი ჰოფენჰაიმის ვარჯიშს საიდუმლოდ იღებდა
  • საქმე აღიძრა, მაგრამ კლუბები უკვე შეთანხმდნენ

ბუნდესლიგაში ასეთი რამ ნამდვილად პირველად მოხდა, სხვაგან - არ ვიცით!

19 დეკემბერს ვერდერმა ჰოფენჰაიმს უმასპინძლა და ეს მატჩი 1:1 დასრულდა. მანამდე, ბრემენელებს ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება ჰქონდათ და კრიზისის გამო, ჰოფენჰაიმთან თამაშამდე, ერთი განსაკუთრებული იდეა მოუვიდათ.

ვერდერმა ჰოფენჰაიმის ბაზაზე სკაუტი გაგზავნა, რომელიც დრონით იყო აღჭურვილი. გაგრძელებას ალბათ უკვე მიხვდით, მაგრამ მაინც: აგენტის როლში შესულმა სკაუტმა დრონი ააფრინა და ჰოფენჰაიმის ვარჯიში საიდუმლოდ გადაიღო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჰოფენჰაიმში ეს ამბავი არ გამოეპარათ და პოლიციაში საქმე აღძრეს.

ახლა ვერდერის გენერალურმა მენეჯერმა ფრანკ ბაუმანმა დრონის გამოყენება დაადასტურა: “დიახ, ეს მართალია. დრონი მართლაც გამოვიყენეთ. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ! თუკი ამის გამო ჰოფენჰაიმს პრობლემა შეექმნა, ბოდიშს ვიხდით. ჩვენ უბრალოდ ინფორმაციის მოპოვებას ვცდილობდით,” - განაცხადა ბაუმანმა.

ბრემენის ვერდერის გენერალური მენეჯერი ფრანკ ბაუმანი

თუმცა ეს ამბავი “უბრალოდ ინფორმაციის მოპოვების” მცდელობად ვერ ჩაითვლება, რადგან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დრონით სარგებლობა აკრძალულია. ბაუმანი ამბობს, რომ ვერდერის საქციელში არალეგალური არაფერია, რადგან დრონს უშუალოდ სავარჯიშო მოედნის თავზე არ გადაუფრენია. მან ისიც თქვა, რომ ჰოფენჰაიმთან უკვე ყველაფერი გარკვეულია.

როგორც ჩანს, ამ ამბავს უკვე ჰოფენჰაიმშიც აღარ აღიქვამენ მტკივნეულად: “ვფიქრობ, ლოგიკურია, როცა მეტოქე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გვითვალთვალოს,” - ეს ჰოფეს მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები