Thumbnail

სუპერლიგა | დინამომ ოლიმპს 1 ქულით მოუგო და ლიდერებს მიუახლოვდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სუპერლიგაში მე-6 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა
  • დინამომ მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

საკალათბურთო სუპერლიგის მე-6 ტურში დინამომ ერთი ქულის სხვაობით, 80:79 სძლია ოლიმპს და წარმატებული სერია 4 მატჩამდე გაზარდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ინტრიგამ ბოლო წამამდე გასტანა. პირველ პერიოდში დინამო უკეთ თამაშობდა და მეოთხედი 6-ქულიანი უპირატესობით მოიგო, 25:19.

მეორე მეოთხედში ოლიმპი გააქტიურდა, განსაკუთრებით კი ნიკა დარბაიძე გამოირჩა, რომელიც ფარქვეშ თამამად შედიოდა და სამქულიანიც ჩააგდო. ნიკას თანაგუნდელებმა აუბეს მხარი და ოლიმპმა ტაიმი 47:44 მოიგო. მესამე პერიოდიდან ქულა-ქულაში თამაში გაჩაღდა და გუნდები თანაბრად მივიდნენ ბოლო წუთამდე. ბოლოსწინა შეტევაში რეჯერ დოუელმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, დინამო 80:79 დააწინაურა და თამაში ასეც დასრულდა. 

გამარჯვებული გუნდიდან 22 ქულით ყველაზე შედეგიანი რეჯერ დოუელი იყო. 20 ქულა მიითვალა მერაბ ბოქოლიშვილმა, დემაგოი ბუბალოს ანგარიშზე კი 19 ქულა და 9 მოხსნაა. ორმაგი დუბლით (10 ქულა, 13 მოხსნა) დაასრულა შეხვედრა ჯორდან სვოპშირმა. ოლიმპში 21 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი,  რევაზ როგავამ 14 ქულა მოაგროვა, ხოლო ნიკა დარბაიძემ 12. ამ გამარჯვების შემდეგ, დინამომ 10 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე აინაცვლა. ჩემპიონატს 11-11 ქულით ქუთაისი და თსუ-ჰიუნდაი ლიდერობენ.

დინამო 80:79 ოლიმპი
ფოტოები: GBF.GE-დან

 

კომენტარები

ბოლო ამბები