Thumbnail
  • ჰიუსტონმა ვაშინგტონთან ისტორიული მატჩი ჩაატარა
  • ჯეიმს ჰარდენმა და კომპანიამ 26 სამქულიანი ჩააგდეს, რაც ახალი რეკორდია
  • როკეტსმა უიზარდსი 136:118 დაამარცხა
  • გოლდენ სტეიტი დამარცხდა, ზაზა ფაჩულია პარკეტზე დაბრუნდა
  • რასელ ვესტბრუკმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა
  • იგორ კოკოშკოვის ფინიქსმა ბოსტონის დამარცხება შეძლო

ვაშინგტონ უიზარდსი ჰიუსტონ როკეტსის 3-ქულიანების წვიმამ გაანადგურა! ჯეიმს ჰარდენმა, კრის პოლმა და კომპანიამ ჯამში 55 სამიანი ესროლეს და 26 ჩააგდეს, რაც NBA-ს ახალი რეკორდია. ტექსასელებმა ვაშინგტონი 136:118 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ სამქულიანების რეკორდი აქამდე კლივლენდს ეკუთვნოდა - კავალიერსს ერთ მატჩში 25 სამიანი ჰქონდა ჩაგდებული.

ჯეიმს ჰარდენმა 6 სამქულიანი ჩააგდო

ყველაზე მეტი 3-ქულიანით, რა თქმა უნდა, წინა სეზონის MVP ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა - მან 6 სამიანის ჩაგდება მოახერხა (11 მცდელობა). გარდა ამისა, “წვერი” 35 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელიც გახდა. ჰარდენის შემდეგ დისტანციიდან საუკეთესო კრის პოლი გახლდათ, რომელმაც 5 სამიანი ჩააგდო. ერიკ გორდონისა და ჯერალდ გრინის აქტივში 4-4 ზუტი სამიანია, პი ჯეი ტაკერმა კი 3 ჩააგდო. დანარჩენი 4 წარმატებული სამქულიანი კი დანიელ ჰაუს ჯუნიორმა (2), მაიკლ კარტერ-უილიამსმა (1) და გარი კლარკმა (1) გაინაწილეს. სწორედ კლარკი იყო ის მოთამაშე, რომელმაც ჰიუსტონს საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 42 წამით ადრე, 25-ე სამიანით კლივლენდის 2017 წლის რეკორდი გაამეორებინა. კავალიერსის რეკორდის გაუმჯობესება კი კარტერ-უილიამსმა, მატჩის დასრულებამდე 31 წამით ადრე შეძლო.

რაც შეეხება მატჩს: როკეტსის გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ ერთი წუთაც არ დამდგარა. მიუხედავად იმისა, რომ უიზარდსიდან ბრედლი ბილი (28 ქულა) და ჯონ უოლი (18 ქულა, 12 პასი) მაგრად იბრძოდნენ, ვაშინგტონმა სეზონში მე-20 მატჩი წააგო და აღმოსავლეთში მე-11 ადგილზეა.

ჰიუსტონ როკეტსი 16 მოგებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე აღზევდა.

📺 ჰიუსტონის ახალი რეკორდი - ყველა სამქულიანი

სხვა მატჩები

🏀 ზაზა ფაჩულიას დეტროიტმა მინესოტა სტუმრად, ოვერტაიმში, 128:123 დაამარცხა. მატჩის ძირითადრო დრო 118:118 დამთავრდა. პისტონსის ქართველი ცენტრი გამოჯანმრთელდა და პარკეტს დაუბრუნდა, თუმცა მხოლოდ 5 წუთი ითამაშა და ამ დროში ერთადერთი მოხსნის გაკეთება შეძლო. საუკეთესოები გრიფინი (34 ქულა) და ბალოკი (33) იყვნენ.

რასელ ვესტბრუკმა ამ სეზონში მე-8 სამმაგი დუბლი შეასრულა

🏀 ზედიზედ ორი მატჩის მოგების შემდეგ გოლდენ სტეიტი ისევ დამარცხდა. უორიორსმა ამჯერად იუტა ჯაზთან სტუმრად წააგო (103:108). მიუხედავად მარცხისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშეები მაინც სტეფ კარი (32 ქულა) და კევინ დურანტი (30 ქულა, 7 მოხსნა) იყვნენ. იუტადამ შესანიშნავი, გუნდური კალათბურთი ითამაშა - კრაუდერმა (18 ქულა, 11 მოხსნა) და გობერმა (17 ქულა, 15 მოხსნა) ორმაგი დუბლები შეასრულეს. ინგლესმა 20 ქულა ჩააგდო, მიტჩელმა - 17, ხოლო კორვერმა და ფავორსმა 12-12.

🏀 დასავლეთ კონფერენციაში ოკლაჰომა ლიდერ დენვერის დევნას განაგრძობს. რასელ ვესტბრუკისა და პოლ ჯორჯის გუნდმა ამჯერად საკრამენტოს მოუგო - სტუმრად, 132:113. ვესტბრუკმა მორიგი (ამ სეზონში მე-8)  სამმაგი დუბლი შეასრულა (19 ქულა, 17 პასი, 11 მოხსნა), ჯორჯმა კი სულაც 43 ქულა ჩააგდო და რაკი 12 მოხსნაც ჰქონდა, ორმაგი დუბლი მიითვალა.

🏀 იგორ კოკოშკოვის ფინიქსმა სტუმრად ბოსტონის დამარცხება შეძლო (111:103). ყველაზე მეტი ქულა სელტიკსის ლიდერის, კაირი ირვინგის ანგარიშზეა (29, პლუს 10 მოხსნა). ფინიქსიდან საუკეთესოები ბუკერი (25 ქულა, 8 პასი) და დეანდრე ეიტონი (23 ქულა, 18 მოხსნა) იყვნენ. კოკოშკოვის გუნდისთვის ეს ზედიზედ მე-4 გამარჯვებაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფინიქსი დასავლეთ კონფერენციაში მაინც ბოლო ადგილზეა (8 მოგება, 24 წაგება).

🏀 ფილადელფიამ ნიუ იორკ ნიქსი 131:109 გაანადგურა. ბენ სიმონსმა სამმაგი დუბლი შეასრულა (13 ქულა, 10 პასი, 11 მოხსნა), ჯოელ ემბიიდმა - ორმაგი (24 ქულა, 10 მოხსნა).

📺 დღის ტოპ 10

კომენტარები

ბოლო ამბები