Thumbnail

PREVIEW | ბორუსიას ადვილი საშინაო დავალება? სპექტაკლი და გოლები გარანტირებულია!

გოტფრიდ ლენცი პროფილის ფოტო
გოტფრიდ ლენცი
  • 📅 15 დეკემბერი | ⌚ 21:30 | ⚽ დორტმუნდი V ვერდერი
  • გაზრდის დორტმუნდის ბორუსია უპირატესობას?
  • უახლოეს მდევარ გლადბახს ჰოფენჰაიმთან რთული მატჩი აქვს
  • ბაიერნი ჰანოვერში ჩადის და ალბათ ადვილად მოიგებს

დავითი გოლიათის წინააღმდეგ - ასე მოიხსენიებს “კიკერი” ჰანოვერისა და ბაიერნის დაპირისპირებას, რომელიც შაბათს ნაშუადღევს, ბუნდესლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩამდე (დორტმუნდი V ვერდერი) გაიმართება. ჰანოვერთან შედარებით რეკორდმაისტერი მართლაც გოლიათია, რადგან ქვემოსაქსონიელები 14 ტურის შემდეგ ბოლოსწინა ადგილზე არიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “გოლიათ” ბაიერნს სწორედ ასეთმა “დავითმა” გაუტანა ნოემბრის ბოლოს 3 გოლი და უხვგოლიან ფრეს მიაღწია (ბაიერნი 3:3 დიუსელდორფის ფორტუნა). ბავარიულმა გრანდმა შუა კვირაშიც 3:3 ითამაშა - აიაქსთან, ჩეპიონთა ლიგაში…

მოსწონთ, თუ არა ეს მიუნხენში, ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში მთავარ როლში დორტმუნდის ბორუსიაა. ტურის ცენტრალურ მატჩში BVB ბრემენის ვერდერს მასპინძლობს. ბორუსია გერმანიის ჩემპიონატში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია (11 მოგება, 3 ფრე) და საკმაოდ მცირეა იმის ალბათობა, რომ ვერდერმა დორტმუნდში იზეიმოს.

ბუნდესლიგაში საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი ფეხბურთელებიდან მაქსიმილიან ეგშტაინს (ვერდერი, მარცხნივ) და პაკო ალკასერს (დორტმუნდი, მარჯვნივ) აქვთ გატანილი

ბორუსია ბრწყინვალე ფორმაშია და, თანაც, შავ-ყვითლების მთავარმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში (2:0 მონაკოში) წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა. მან მონაკოსთან სასტარტო შემადგენლობაში 9 ახალი ფეხბურთელი ათამაშა და მაინც მოიგო - ჯგუფში მეხუთე მატჩი დაასრულა მიღებული გოლის გარეშე.

დორტმუნდში ვერდერი აუტსაიდერია, მაგრამ წელს ბრემენული კლუბი რაღაცებს ახერხებს, თანაც, დაცვის ბურჯი მოისანდერი უბრუნდება და ფაქტია, რომ თავისი შანსისთვის იბრძოლებს. სხვათა შორის, შარშან ვერდერმა ბორუსიას დორტმუნდში 2:1 მოუგო - მართალია, ის ბორუსია ცუდად თამაშობდა, მაგრამ მაინც. მას მერე დორტმუნდელებმა ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთი თამაში წააგეს (მაინცთან, 1:2, 33-ე ტურში).

შარშან, დორტმუნდის ბორუსია საკუთარ მოედანზე ვერდერთან 1:2 დამარცხდა

საინტერესო ფაქტები

► დორტმუნდელებს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი (7). მეორე ადგილზე კი ამ მხრივ სწორედ ბრემენის ვერდერია (5). საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი ფეხბურთელებიდან მაქსიმილიან ეგშტაინს (ვერდერი) და პაკო ალკასერს (დორტმუნდი) აქვთ გატანილი.

► დორტმუნდს ბუნდესლიგაში ზედიზედ 5 მატჩი აქვს მოგებული და ერთადერთი გუნდია გერმანიაში, რომელსაც ჯერაც არ აქვს წაგება (11 მოგება, 3 ფრე).

► ბორუსიას ამ სეზონში ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი 39 გოილი აქვს გატანილი და აქედან 25 საშინაო მატჩებში გაიტანა (6 მოგება, 1 ფრე საკუთარ მოედანზე), რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3,57 გოლს ნიშნავს. თუმცა, BVB საშინაო მატჩებში საკუთარ კარშიც ბევრს უშვებს - “სიგნალ იდუნა პარკზე” მხოლოდ 2 მატჩში შეინახა კარი მშრალად.

► გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში დორტმუნდის 16 ფეხბურთელს (!) აქვს გოლი გატანილი, რაც 14 ტურის შემდეგ მთელი ბუნდესლიგის მასშტაბით რეკორდია.

► წინა ტურში ვერდერმა დიუსელდორფის ფორტუნა 3:1 დაამარცხა და 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (1 ფრე, 3 წაგება).

► ბრემენის ვერდერის მატჩები ამ სეზონშიც თვალსასეიროა - საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3,36 გოლი გადის.

► ბორუსიამ საშინაო მატჩებში გატანილი 25 გოლიდან 17 (68%) მეორე ტაიმში გაიტანა.

► ვერდერის ფეხბურთელებმა ამ სეზონში 24 ყვითელი ბარათი მიიღეს - 1,71 საშუალოდ ერთ მატჩში.

► დორტმუნდში ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში პენალტი დაინიშნა.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, დიალო, ჰაკიმი - დილეინი, ვიტსელი - სანჩო, როისი, გერეირო - პაკო ალკასერი.

ვერდერი (3-5-2): პავლენკა - ლანგკამპი, შაჰინი, მოისანდერი - გებრე სელასიე, ეგშტაინი, ოსაკო, კლაასენი, აუგუსტინსონი - მ. კრუზე, რაშიკა (ან პისარო).

კომენტარები

ბოლო ამბები