Thumbnail
  • 📅 კვირა | ⌚ 23:45 | ⚽ ლევანტე V ბარსელონა
  • რატომ აუკრძალეს დემბელეს ტელეფონის გამორთვა

ლა ლიგაში 2018 წლის ბოლოსწინა ტურია - გამორჩეული თამაში არცერთია, თუმცა ჩემპიონის ვიზიტს ვალენსიაში ბევრი ელოდება და აი, რატომ - ამ წყვილის დაპირისპირებაზე კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ წლევანდელი 13 მაისი, როცა ლევანტემ შინ ბარსას... 5:4 მოუგო!

ემანუელ ბოატენგმა ჰეთ თრიკი შეასრულა, ენის ბარდიმ კი - დუბლი. ბარსას კი ფილიპე კოუტინიოს ჰეთ თრიკმაც ვერ უშველა. ამის მიუხედავად, ერნესტო ვალვერდეს გუნდი ლა ლიგის ჩემპიონი გახდა, რადგან ეს ამ თამაშამდე ჰქონდა განაღდებული. 

ნიღბიანმა ბოატენგმა ბარსას სამი გოლი გაუტანა

წლევანდელი ლევანტე სულაც არ არის აუტსაიდერობისთვის განწირული გუნდი, 22 ქულით მე-6 ადგილზეა, რომელიც ევროპალიგის საგზურს იძლევა. სამშაბათს ბარსამ მისთვის უმოტივაციო მატჩში ტოტენჰემთან წაივარჯიშა. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ევროთასების გამო კატალონიელები გადაღლილები არიან. 

არტურო თუ არტური?

"მარკას" ცნობით, მალკომმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, რომელმაც კოპა დელ რეიზე ტრავმა მიიღო. მის გარდა ვარჯიშს შეუდგა სერხი რობერტოც, თუმცა ამ დუეტის თამაში ვალენსიაში თითქმის გამორიცხულია. გარდა ამისა, კატალონიელებს აკლიათ: რაფინია, სამუელ უმტიტი და სერხი სამპერი. 

ახლა ვალვერდემ უნდა გადაწყვიტოს, ვის ანდოს ძირითადში ადგილი არტურო ვიდალს თუ არტურს. აი, უსმან დემბელემ კი ნამდვილად დაიმსახურა 11-ეულში ადგილი ფილიპე კოუტინიოს ნაცვლად. 

ბარსას ვარჯიშზე

სავარაუდო შემადგენლობები

ლევანტე (5-3-2): ოიერი - ხასონი, კაბაკო, ჩემა, რობერ პიერი, ტონიო - როჩინა, კამპანია, ბარდი - მორალესი, როხერი 

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი, ლ. სუარესი, დემბელე

ტელეფონი არ გამორთო!

დემბელე კარგად ათამაშდა, მაგრამ კარგად ჯერ კიდევ არ იქცევა

უსმან დემბელეს, მას მერე, რაც ბარსელონას ფეხბურთელი გახდა, ყოველთვის აკრიტიკებდნენ და ახლაც აკრიტიკებენ. მაგრამ პირველად ამის მიზეზი აღარ არის თამაშის ხარისხი.

ახლა ახალგაზრდა ფრანგი გუნდში ერთი მესის თუ ჩამოუვარდება, ისე კარგად თამაშობს, მაგრამ ის აგრძელებს უდისციპლინო ქცევას მინდორს მიღმა - აგვიანებს ვარჯიშებზე, ნაკლებად შრომობს და ასე შემდეგ. კლუბში მიიღეს გადაწყვეტილება და ახალგაზრდა ფეხბურთელს აუკრძალეს ტელეფონის გამორთვა. ახლა მას ყოველ დილით შეეხმიანებიან, რომ ვარჯიშზე აღარ დააგვიანოს. 

ბარსელონასი არ გვეშინია!

პაკო ლოპესი

პაკო ლოპესი (ლევანტეს მწვრთნელი): "ბარსას თასზეც შევხვდით. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ბევრს ნიშნავს. თუ ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ, მოგების შანსი გვექნება. გასული სეზონის 5:4? ყოველი თამაში განსხვავებული ისტორიაა, მაგრამ ეს მატჩი არცთუ დიდი ხნის წინათ იყო და მას მერე გუნდშია ფეხბურთელთა უმეტესობა. ბარსელონასი არ გვეშინია, მოედანზე გავალთ და ამას დავამტკიცებთ". 

საინტერესო ფაქტები

► ბარსელონა ლა ლიგაში ბოლო 38 თამაშიდან 35-ში დაუმარცხებელია, იმ 3-დან 1 სწორედ ლევანტესთან დათმო.

► ბოლო 7 ტურიდან 6-ში ბარსამ თამაშში სულ მცირე, 2 გოლის გატანა მოახერხა. 

► ლევანტესა და ბარსელონას ბოლო 9 მატჩიდან 8 ვალენსიაში უხვგოლიანი იყო.

► ლევანტემ შინ ბოლო 6 ტურიდან 5-ში სულ მცირე, 2 გოლის გატანა შეძლო თამაშში.

კომენტარები

ბოლო ამბები