Thumbnail
  • დინამო 67:75 ქუთაისი
  • ტუღუშისა და ხოშტარიას სამწვრთნელო დუელი ამჯერად, ტუღუშმა მოიგო

კალათბურთში საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული ქუთაისი გახდა. ოთარ ქორქიას სახელობის ტიტული იმერულმა კლუბმა თბილისის დინამოსთან დაპირისპირებაში 75:67 მოიგო. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგა.

მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ, კოტე ტუღუშის გუნდი 16:10 დაწინაურდა. მეორე მეოთხედში ვითარება არ შეცვლილა. იმერულმა კლუბმა უპირატესობა გაიმყარა და დიდი შესვენებისთვის 17 ქულით, 42:25 დაწინაურდა.

საქართველოს თასის მფლობელმა ჩემპიონს აჯობა
ფოტოები GBF.GE-დან

თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა დინამოელები არ დანებდნენ, მესამე პერიოდი 23:17 მოიგეს და გადამწყვეტ ათწუთეულში ქუთაისელებს მოსაგებად შეუტიეს. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირება მოახერხა, თუმცა ქუთაისელებმა მალევე აკრიფეს ქულები და საქართველოს თასის შემდეგ, სუპერთასიც მოიგეს.

ქუთაისს 14 ქულითა და 11 მოხსნით ტერენს ტომპსონმა ულიდერა. 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა აქტივში ჯონათან ლიმ, ხოლო ლევან ფაცაციამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. დინამოში 17 ქულით როჯერ დოუელი გამოირჩა. მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე კი 14 ქულაა.

დიდი შესვენების დროს დაჯილდოვდა გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელი, დინამოს მესაჭე, ირაკლი ხოშტარია. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ დაჯილდოვებაზე ქუთაისელთა კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი ვეტერანმა კალათბურთელმა, ნოდარ ქორქიამ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცეს.

ოთარ ქორქიას სახელობის თასი გამარჯვებულს გადაეცა

 

კომენტარები

ბოლო ამბები