Thumbnail
  • გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰუმელსი და ბოატენგი გააკრიტიკა
  • ლიოვი ბაიერნის მცველებს ძირითადში თამაშის გარანტიას არ აძლევს
  • მანუელ ნოიერის პირველობას საფრთხე არ ემუქრება
  • ბუნდესმწვრთნელი ალბათ საკლუბო ფეხბურთში გადაინაცვლებს

UPDATE: გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ტელეკომპანია ZDF-ის გადაცემა Sportstudio-ში ბუნდესგუნდისა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

კითხვაზე, რას აპირებს მომავალში და გადაინაცვლებს თუ არა საკლუბო ფეხბურთში, ლიოვმა ასე უპასუხა: "დიახ, ეს შესაძლებელია. ფაქტია, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე დიდხანს აღარ დავრჩები. ადრე თუ გვიან, უნდა დავიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ გაგრძელდება ჩემი კარიერა. რომელიმე კლუბის გაწვრთნა ჩემთვის ნამდვილად საინტერესოა!" - აღნიშნა იოგიმ.

და სად ურჩევნია მუშაობა? ლიოვი: "გერმანიაში ნაკლებად, უფრო უცხოეთში." რეალ მადრიდი? ლიოვი: "რეალი, რა თქმა უნდა, ისეთი გუნდია, რომელიც ნებისმიერი მწვრთნელისთვის საინტერესოა."

იოგიმ გადაცემაში ბუნდესგუნდის ცენტრალური მცველები, 29 წლის მატს ჰუმელსი და 30 წლის ჯერომ ბოატენგი გააკრიტიკა - შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დუეტით გახდა გერმანია 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი.

“ჰუმელსი და ბოატენგი გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მაშინ ითამაშებენ, როცა ფორმაში იქნებიან. მინდა ვთქვა, რომ ისინი ბოლო დროს ფორმაში არ იყვნენ,” - აღნიშნა ლიოვმა.

მატს ჰუმელსის თამაში ლიოვს ბოლომდე აღარ აკმაყოფილებს

ეს იმას ნიშნავს, რომ ბაიერნის მცველებს ბუნდესგუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აღარ აქვთ. ბოატენგი წლის ბოლო სანაკრებო მატჩებში საფრანგეთთან (1:2/ერთა ლიგა), რუსეთთან (3:0/ტესტმატჩი) და ჰოლანდიასთან (2:2/ერთა ლიგა) საერთოდ არ ყოფილა, ჰუმელსი რუსეთთან გამოძახებული არ იყო, ჰოლანდიასთან კი ისევ 90 წუთი ითამაშა.

ლიოვი ბუნდესგუნდში ბევრ რამეს შეცვლის

გარდა ამისა, სატელევიზიო გამოსვლისას, ლიოვმა მანუელ ნოიერის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ბაიერნის 32 წლის მეკარეს ბუნდესგუნდში პირველობა გარანტირებული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებენ და ლიოვისგან პირველ ნომრად მარკ ანდრე ტერ შტეგენის აღიარებას ითხოვენ, მანუელი პირველი ნომერი იქნება: “ჩვენი გეგმის მიხედვით, მანუ 2020 წლამდე პირველი მეკარე იქნება,” - შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ევროპის ჩემპიონატია.

“ის ჩვენი კაპიტანი და გუნდის უმთავრესი ფიგურაა. მანუ წლების მანძილზე უალტერნატივო მეკარე იყო და ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიასკოს შემდეგ, ისევ შევიდა ფორმაში. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ნოიერი ევროპის ჩემპიონატის ჩათვლით პირველი ნომერი იქნება,” - განმარტა ლიოვმა.

მანუელ ნოიერი ევროპის ჩემპიონატის ჩათვლით პირველი მეკარე იქნება

გერმანიის ნაკრების დამრიგებლის თქმით, ეს არ არის ტერ შტეგენის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება: “მარკის შესაძლებლობებს არ ვაკნინებ. გერმანიის ნაკრებში თავიდან მასაც ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ახლა ისიც მსოფლიო დონის მეკარეა,” - თქვა იოგიმ 26 წლის ტერ შტეგენზე და დასძინა, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც გერმანია ჯგუფში ჰოლანდიასთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ესტონეთთან და ბელარუსთან ერთად მოხვდა, ბარსელონას მეკარეს 1-2 შანსს მისცემს, მაგრამ პირველ მეკარედ ნოიერი რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები