Thumbnail
  • გურამ კაშიას, გიორგი მერებაშვილისა და ნიკა კვეკვესკირის კომენტარები
  • საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის იბრძოლებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა D ლიგის პირველ ჯგუფში ბოლო ტურის მატჩი გამართა და 'დინამო არენაზე' ყაზახეთს 2:1 მოუგო. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ნაკრებმა 6-დან 5 მატჩი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 16 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ტურნირი და შეხვედრა შეაფასეს. მათ სამომავლოდ გასამართ მატჩებზე და მთავარ მიზანზე გაამახვილეს ყურადღება.

უამრავი ადამიანი გავაბედნიერეთ

გურამ კაშია: 'ძალიან ღირსეულად ვითამაშეთ. მცირე ხარვეზი გვქონდა ანდორაში, რაც დღეს კარგი თამაშით გამოვასწორეთ. სასიხარულოა, რომ მატჩზე ამდენი გულშემატკივარი მოვიდა, რომლებსაც ფეხბურთის იმედი დავუბრუნეთ. ისეთი ნაბიჯი გადავდგით, რაც ძალიან გვაახლოვებს სასურველ ოცნებასთან.

იმ ორ შეხვედრამდე დიდი დროა, მაგრამ პროგრესი იგრძნობა და ყველამ პოზიტივი უნდა დავინახოთ ამ ტურნირიდან გამომდინარე. ქართველი ფეხბურთელების იმედი უნდა გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ გრანდებისთვის არ მოგვიგია, საამაყოა, რომ ეს ჯგუფი ასე დავასრულეთ.

დღევანდელი გამარჯვებით უამრავ ადამიანს მივანიჭეთ სიხარული და ბედნიერება. ბედნიერებაა, რომ სავსე სტადიონის წინაშე თამაშობ. ამ დროს ვალდებული ხარ, რომ მხოლოდ მოგებაზე იფიქრო.'

ყველასთან მოსაგებად გავალთ

გიორგი მერებაშვილი: 'უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა გულშემატკივარს. მათ დიდი წვლილი მიუძღვით დღევანდელ გამარჯვებაში. რაც შეეხება თამაშს, ყაზახეთის ნაკრები დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, ასეთი ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია.

ჩვენი მიზანი შევასრულეთ და მატჩი მოვიგეთ. გოლმაც ძალიან გამახარა. არ ვიცი მომდევნო ეტაპზე ვინ შეგვხვდება, მაგრამ ყველასთან მოსაგებად ვიბრძოლებთ, რათა ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.'

იმ ერთ თამაშსაც არ ვივიწყებთ

ნიკა კვეკვესკირი: '6-დან მხოლოდ ერთ თამაშში არ დაფიქსირდა ჩვენთვის სასურველი შედეგი. იმ ერთ შეხვედრასაც არ ვპატიობთ საკუთარ თავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვეცდებით.'

კომენტარები

ბოლო ამბები