Thumbnail
  • შარლოტისა და ფილადელფიას მატჩი დრამატული და ისტორიული გამოვიდა
  • სიქსერსმა ოვერტაიმში 122:119 გაიმარჯვა
  • ჰორნეტსის გამთამაშებელმა 60 ქულა დააგროვა
  • ბრწყინვალე საღამო მას ბატლერმა ბოლო წამებში ჩაუმწარა

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მატჩის გმირი ჯიმი ბატლერი გახდა. არადა, მანამდე, თითქმის 53 წუთის განმავლობაში ისე ჩანდა, რომ კემბა უოკერს ბრწყინვალე დღეს ვერავინ და ვერაფერი ჩაუმწარებდა. შარლოტის გამთამაშებელი დაფრინავდა - მისი შემჩერებელი არავინ იყო. მიუხედავად წაგებისა, ეს დღე გუნდის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

მოკლედ, კემბამ ზღაპრულად ითამაშა! 60 ქულა თავისთავად ფრენჩაიზ-რეკორდია - “სქაიუოკერად” წოდებულმა კემბამ 34 მცდელობიდან 21 ჩააგდო, მათ შორის 6 სამქულიანი, თორმეტივე საჯარიმო ზუსტად ესროლა და რთულად დასაჯერებელ 60 ქულას 7 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრაც შემატა.

ყველაზე დრამატული კი ის არის, რომ მიუხედავად ასეთი ციფრებისა, შარლოტმა თამაში მაინც წააგო, რაც ზემოთ ნახსენები ბატლერის დამსახურებაა. ფილადელფიას ფორმით ჩატარებულ მესამე შეხვედრაში მან, მართალია, მხოლოდ 15 ქულა დააგროვა, მაგრამ სწორედ ბატლერი იყო ის კაცი, ვინც ფილას ოვერტაიმში გამარჯვება მოუტანა. ბოლო წუთზე მან ჯერ უოკერს დაუფარა, მერე კი ბურთი შესანიშნავი მოქმედებით გადაარჩინა - 11,1 წამი იყო დარჩენილი, ანგარიში კი 119:119 გახლდათ.

თუმცა ბატლერმა ესეც არ იკმარა: დარჩენილ წამებში ისევ მან აიღო პასუხისმგებლობა და სირენამდე 2 წამით ადრე 3-ქულიანი გაუშვა. და ჩააგდო!!! ფილადელფიამ 122:119 მოიგო.

“თამაშის ასე მოგება საოცარი შეგრძნებაა, - ბედნიერი იყო მატჩის შემდეგ ბატლერი საკუთარი გეიმვინერით, - ბოლო წალებში უბრალოდ მინდოდა, რომ ცოტა სივრცე მომეპოვებინა, ავმხტარიყავი და ისეთი ბურთი ჩამეგდო, რაც მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსს საბოლოოდ მოუსპობდა. მიხარია, რომ ეს შევძელი.”

ბატლერმა იქვე უოკერის ფანტასტიკურ თამაშზეც ილაპარაკა: “კემბა დღეს გადასარევი იყო. მან 60 ქულა ჩაგვიგდო!”

შარლოტის გამთამაშებლის წინააღმდეგ, ბატლერის გარდა, ჯოელ ემბიიდი (33 ქულა, 11 მოხსნა), ბენ სიმონსი და ჯეი-ჯეი რედიკიც იბრძოდნენ (23-23 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები