Thumbnail
  • 🏉 საქართველო V სამოა 📅 შაბათი ⌚ 18:00 📺 RUGBY TV
  • ბორჯღალოსნები ავჭალაში ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩს გამართავენ
  • მილტონ ჰეიგის გუნდი თამაშს სამი დებიუტანტით ხვდება

17 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნები" შაბათს ავჭალის სარაგბო სტადიონზე სამოას ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ და წაგებათა სერიის შეწყვეტას შეეცდებიან.

"ბორჯღალოსნებს" სამოასთან დადებითი ბალანსი აქვთ. აქამდე ჩატარებული ოთხი დაპირისპირებიდან, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ორჯერ მოუგო, ერთხელ დაუზავდა და ერთშიც დამარცხდა.

საქართველოს და სამოას პირველი დაპირისპირება 2003 წლის მსოფლიო თასზე გაიმართა და მაშინ კუნძულელებმა პირველად და უკანასკნელად გაიმარჯვეს - 46:9.  

ისტორიული მატჩი - 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 📺

"ბორჯღალოსნებმა" რევანში 2013 წლის 23 ნოემბერს აიღეს. ეს იყო ისტორიული მატჩი - საქართველომ 16:15 მოიგო და პირველად დაამარცხა ნაკრები, რომელიც მსოფლიოს რეიტინგის ათეულში შედიოდა. ბოლო ორი მატჩი 2016 წელს გაიმართა. ზაფხულში, წყნარი ოკეანის ტურნეს დროს, აპიაში თამაში ფრედ დასრულდა - 19:19, ხოლო ნოემბერში, "მიხეილ მესხზე" მასპინძლებმა გაიმარჯვეს - 20:16.

ბორჯღალოსნები სამოასთან თამაშს სამი დებიუტანტით ხვდებიან
ფოტო: FB/GEORGIAN RUGBY 

ნოემბრის ტესტების პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ერთი კვირის წინ სტუმრად იტალიასთან წააგო - 17:28, სამოამ კი აშშ-სთან მატჩი ერთი ქულის სხვაობით დათმო - 29:30. შედეგად, რეიტინგში თითო ადგილით საქართველოც (14) დაქვეითდა და სამოაც (17). ავჭალაში ორივე ნაკრები მოგებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. სტუმრები შეეცდებიან, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, "ბორჯღალოსნებთან" გამარჯვება იზეიმონ.

მომავალ დაპირისპირებას საქართველოს ნაკრებში სამი დებიუტანტით ხვდება. მოედანზე თავიდანვე იქნება 19 წლის თედო აბჟანდაძე, რომელმაც A ნაკრებში ზაფხულის თასზე ითამაშა. თედოსთან ერთად, ეროვნულ ნაკრებში პირველად არიან მიწვეულნი 20 წლის გურამ გოგიჩაშვილი და 26 წლის ბექა გიგაშვილი, რომლებიც თამაშს სათადარიგო სკამიდან დაიწყებენ.

დებიუტანტების გარდა, სამოასთან მატჩი ღირშესანიშნავი კიდევ ოთხი ბორჯღალოსნისთვისაა: თამაზ მჭედლიძე 50-ე კეპს მოიხვეჭს, შალვა მამუკაშვილი მე-60-ეს, ხოლო ანზორ სიჭინავასა და გელა აფრასიძისთვის ეს მე-10 სანაკრებო თამაში იქნება. 

სამოას საქართველოს ნაკრების დამარცხება 15-წლიანი პაუზის შემდეგ სურს
ფოტო: FB/GEORGIAN RUGBY 

საქართველოს ნაკრები

უკანა ხაზი: 15 ლაშა ხმალაძე, 14 გიორგი კვესელაძე, 13 მერაბ შარიქაძე (კაპ), 12 თამაზ მჭედლიძე, 11 ზურაბ ძნელაძე, 10 თედო აბჟანდაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე.
 
შერკინება: 1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 დუდუ ქუბრიაშვილი, 4 ნოდარ ჭეიშვილი, 5 ლაშა ლომიძე, 6 ოთარ გიორგაძე, 7 გიორგი ცუცქირიძე, 8 ბექა გორგაძე
 
მარქაფა: 23 ანზორ სიჭინავა, 22 ლაშა მალაღურაძე, 21 გელა აფრასიძე, 16 შალვა მამუკაშვილი, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18 ბექა გიგაშვილი, 19 შალვა სუთიაშვილი, 20 ბექა ბიწაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები