Thumbnail
  • ხოსე არნაისმა ბარსელონას მაისურით ზედიზედ მესამე სათასო მატჩში გაიტანა.
  • ვიგოში მოედანს უსმან დემბელე დაუბრუნდა.

სელტა 1:1 ბარსელონა

ვიგოში გამართულ ესპანეთის თასის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში სელტა და ბარსელონა ფრეს დასჯერდნენ.

ანგარიში მესისა და სუარესის გარეშე მოთამაშე კატალონიელებმა მე-15 წუთზე გახსნეს. მარცხენა ფრთაზე გაჭრილმა ანდრე გომეშმა მასპინძელთა საჯარიმოში ხოსე არნაისს უპასა და ამ უკანასკნელმაც ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა სერხიო ალვარესის კარში.

ამრიგად, 22 წლის თავდამსხმელი, რომელმაც ესპანეთის თასის მიმდინარე გათამაშებაში უკვე ზედიზედ მესამედ გაიტანა, ბარსელონას წლის პირველი გოლის ავტორი გახდა. ბოლო ორი წელი ამას ლეო მესი ახერხებდა...

31-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში არეულობას, პიონე სისტოს მიერ მახვილი კუთხიდან გატანილი გოლი მოჰყვა.

შესვენების შემდეგ გამოსარჩევი ბარსელონას რიგებში თითქმის 4 თვის უთამაშებელი უსმან დემბელეს გამოჩენა იყო. შეგახსენებთ, რომ 105 მილიონ ევროდ ნაყიდი ფრანგი თავდამსხმელი სექტემბერში ისე დაშავდა, საოპერაციო გახდა და აქამდე ვერ თამაშობდა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ არა იმით, რომ გავიტანე, არამედ იმით, რომ გუნდმა იბრძოლა. ვიგოში ფრე კარგი შედეგია. სასიამოვნოა, რომ პირველ გუნდში ვითამაშე, მაგრამ კიდევ უფრო გახარებული ვიქნებოდი, რომ მოგვეგო. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ", - თქვა არნაისმა თამაშის შემდეგ.

ესპანეთის თასის 1/8-ფინალში ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა ნოუ კამპზე 11 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები