Thumbnail
  • 'არტემიო ფრანკიზე' ლელო თამაზ მჭედლიძემ დადო
  • 11 ქულიანი სხვაობით წაგებული უმნიშვნელოვანესი მატჩი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იტალიას ფლორენციაში ეთამაშა და 17:28 დამარცხდა. ნოემბრის ამ ტესტს ქართველი გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. მატჩის დასაწყისი ემოციური გამოდგა. 

ფიორენტინას საშინაო არენაზე ბორჯღალოსნების საქომაგოდ მისულმა 6 000-მდე ქართველმა ქომაგმა და თავად მოთამაშეებმა ჰიმნი ერთად შეასრულეს, სტადიონზე ჩართული იყო რამდენიმე წუთით ადრე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე  შეკრებილი გულშემატკივრის მიერ შესრულებული ეროვნული ჰიმნიც.

'ბორჯღალოსნებმა' მატჩი აქტიურად დაიწყეს, თუმცა მათ შეცდომა უკვე მეორე წუთზე დაუშვეს. იტალიელებმა პირველი 10 წუთი სტუმრების ნახევარზე გაატარეს. მასპინძლებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ტომაზო ალანმა ანგარიში გახსნა.

თამაზ მჭედლიძის ლელო იტალიის წინააღმდეგ

მილტონ ჰეიგის ნაკრებმა შეტევები აქტიურად გააგრძელა, ქართველებმა აუტი მოაწოდეს, რის შემდეგაც მოლი ააგორეს, რომელსაც ჯაბა ბრეგვაძე მოწყდა და რამდენიმე მეტრი მოიგო. ვასილ ლობჟანიძემ ბურთი ფრთაზე თამაზ მჭედლიძეს გაუტანა, რომლის გაჩერებაც იტალიელებმა ვეღარ შეძლეს - 'ბორჯღალოსნებმა' ფლორენციაში პირველი ლელო დადეს, რომელიც სოსო მათიაშვილმა გარდასახა.

თამაზ მჭედლიძე 🏉 15'

იტალიელებმა საპასუხო ლელო 4 წუთში დადეს. მიკელე კამპანიაროს შეჩერება ვერავინ მოახერხა, ტომაზო ალანი ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო. იტალიელთა 'ათიანმა' გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.
 

კამპანიარო🏉 19'

პირველი ტაიმის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი გიორგი ცუცქირიძის სინბინი იყო. ქართველი მორაგბე ათი წუთით გაუშვეს მინდვრიდან. იტალიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება შეძლეს, თუმცა მასპინძელთა ლელო თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

იტალიელებს კიდევ ერთი საოცარი შანსი ჰქონდათ ლელოს გატანის, მაგრამ ტომაზო კასტელო არასწორი მიმართულებით წავიდა და 'ბორჯღალოსნებმა' მეტოქის შებოჭვა მოასწრეს.

კონორ ო'შის ნაკრებმა ლელოზე თამაშს ჯარიმის გატანა ამჯობინა, ტომაზო ალანმა მესამე ზუსტი დარტყმა შეასრულა და იტალია 6 ქულით წინ გაიყვანა.

ცუცქირიძის დაბრუნებამ საქართველოს ვერ უშველა, იტალიელებმა აუტი მოიგეს, მოლი ააგორეს და მატია ბელინიმ მესამე ლელო დადო. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 18:7 მოიგეს.

მატია ბელინი 🏉 38

იტალიამ მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყო, 43-ე წუთზე სიმონე ფერარის ლელომ იტალიის უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა. 53-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა ჯარიმის გატანა მოახერხა და იტალიასთან მეორე დარტყმაც ზუსტად შეასრულა.

სიმონე ფერარი 🏉 43'

იტალიელებმა მორიგი იერიში 57-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ფლანგზე კარგად ჩაათამაშეს ბურთი და ტომაზო ალანმა მატჩში ლელოთი პირველად გამოიჩინა თავი, მაგრამ გარდასხვა არც ამჯერად იყო ზუსტი.
 

ტომაზო ალანი 🏉 57'

საქართველოს ნაკრებმა შეტევები გააგრძელა, ჰეიგმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა. 63-ე წუთზე ბექა ბიწაძე ლელოს დებდა, როდესაც ტომაზო ბენვენუტიმ თამაშის წესი დაართვია და სინბინიც დაიმსახურა. ამასთან ერთად საქართველოს საჯარიმო ლელოც ჩაეთვალა - 28:17.
 

საჯარიმო ლელო 🏉 63'

საქართველო შეტევებს აგრძელებდა, მაგრამ 'ბორჯღალოსნები' შეტევაში რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და მატჩი იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ იტალიას თავისი გეგმის შესრულება არ გამოუვიდა. მათი მთავარი მიზანი იყო ბორჯღალოსანთა დიდი ანგარიშით დამარცხება, რაც არ გამოუვიდათ.

ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ საქართველოს ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე კიდევ ორ მატჩს გამართავს, სამოასა და ტონგას წინააღმდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები