Thumbnail

'საქართველო უბანში ახლად გადმოსული ბიჭია' - მილტონ ჰეიგის იმედი იტალიასთან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • "ბორჯღალოსნების" თავკაცის კომენტარი იტალიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ
  • ახალზელანდიელი საქართველოს ფავორიტად არ მიიჩნევს, მაგრამ მაინც იმედიანადაა
  • მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრებზე საინტერესო შედარება გააკეთა 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იტალიასთან გასამართი ნოემბრის ტესტ-მატჩის წინ ბორჯღალოსნების შემადგენლობასა და მომავალი შეხვედრის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. მანამდე ახალზელანდიელმა სპეციალისტმა 23-კაციანი სამატჩო შემადგენლობა გამოაცხადა.

საქართველოს და იტალიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება ფლორენციაში, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. "ბორჯღალოსნებისთვის", რომლებსაც ექვს ერში თამაშის ამბიცია აქვთ, ამ ტურნირში მოთამაშე გუნდთან დაპირისპირება და იქ ნაჩვენები შედეგი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.

სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ჰეიგი:

"გვეძლევა მშვენიერი შესაძლებლობა, მთელ სარაგბო სამყაროს და განსაკუთრებით ექვს ერში გადაწყვეტილებების მიმღებებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ქართულმა რაგბიმ დიდი პროგრესი განიცადა.

ჩვენ კარგად ვიცით და გააზრებული გვაქვს, რომ შაბათს ფავორიტები არ ვიქნებით, მაგრამ ადრეც მითქვამს და გავიმეორებ - ასე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობთ.

იტალია v საქართველო | ბორჯღალოსნების შემადგენლობა

#ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი იტალიის წინააღდეგ გაიგე მეტი აქ 👉 https://goo.gl/rahia8 🇮🇹️ იტალია v საქართველო 🇬🇪️ | 10 ნოემბერი, 18:00 #ბრძოლაშიბედნიერნი #რაგბიჩვენითამაშია თიბისი რაგბის სერიები 2018 🏉 ბილეთები შეიძინე აქ 👉 www.TKT.GE/Rugby 17 ნოემბერი: საქართველო vs სამოა, ავჭალა, 18:00 24 ნოემბერი: საქართველო vs ტონგა, მესხი, 18:00

Posted by Georgian Rugby on ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018

ჩვენ მიერ დასახელებული შემადგენლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ თამაშის მნიშვნელობას. სასტარტოში გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად გვყავს ნაკლებად გამოცდილებიც, თუმცა სწორედ ისინი მატებენ გუნდს ენთუზიაზმს, ენერგიასა და მიზანდასახულობას, რადგან მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნაკრების ძირითადში ყოფნას იმსახურებენ. მწვრთნელისთვის ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?!

ასეთივე მდგომარეობაა მარქაფაში და მიგვაჩნია, რომ შაბათის მატჩში ეს მოთამაშეები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ", - აცხადებს ჰეიგი. 

ახალზელანდიელ მწვრთნელს ეროვნულ ნაკრებში განსაკუთრებით ახარებს მერაბ შარიქაძის დაბრუნება:

"გაგვიმართლა და მოხარულები ვართ, რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე სწორედ ამ თამაშის წინ დაგვიბრუნდა, რომლის ლიდერობაც აქამდე ძალიან გვაკლდა".

მილტონ ჰეიგი ყურადღებას იტალიის ნაკრების სიძლიერეზე ამახვილებს და დასძენს, რომ "ბორჯღალოსნები" მეტოქეს დიდ ბრძოლას გაუმართავენ:

"იტალია ძალიან ძლიერი, პირველი ეშელონის სარაგბო ერია, რომელსაც ზურგს ძალიან დიდი სარაგბო ისტორია უმაგრებს, საქართველო კი "უბანში ახლად გადმოსული ბიჭია", რომელსაც თავისი ისტორიის შექმნა უნდა. წინ უდაოდ დიდი ბრძოლა გველის, მაგრამ ჩვენ ხომ სწორედ ბრძოლაში ვართ ბედნიერნი!".

კომენტარები

ბოლო ამბები