Thumbnail
  • ინტერვიუ ეროვნული ლიგის ლიდერის, საბურთალოს მთავარ მწვრთნელთან
  • გიორგი ჭიაბრიშვილის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, სატურნირო ცხრილს კი 70 ქულით საბურთალო ლიდერობს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ერთადერთ კონკურენტ თბილისის დინამოს 7 ქულით უსწრებს. საბურთალო საქართველოს ჩემპიონის ტიტულს უახლოვდება და 1999 წელს დაარსებული კლუბისთვის ეს მართლაც ისტორიული მიღწევა იქნება. საბურთალოს წინ ორი თბილისური დერბი ელოდება: ჯერ ლოკომოტივთან და შემდეგ, დინამოსთან. თუ ლიდერმა ოროვე მატჩი მოიგო, საქართველოს ჩემპიონი გახდება. ამ თემებზე საბურთალოს მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ვესაუბრეთ...

popsport: ეროვნული ლიგის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, საბურთალო კი ლიდერია და უახლოეს კონკურენტს 7 ქულით უსწრებს. სეზონის წინ, გქონდათ ასეთი მოლოდინი?

ჭიაბრიშვილი: სეზონის წინ, ასეთი მოლოდინი ნამდვილად არ გვქონდა. უმაღლეს ლიგაში ახალი გადმოსულები ვართ და ასეთ მოკლე დროში, ჩემპიონობაზე არ ვფიქრობდით. თუმცა, ამ შედეგის უკან ძალიან დიდი შრომა დევს და კარგია, რომ ეს შრომა გვიფასდება.

popsport: მაინც რა არის საბურთალოს წარმატების ფორმულა?

ჭიაბრიშვილი: ეს კომპლექსური საკითხია. კლუბს აქვს შესანიშნავი ბავშვთა აკადემია. ფეხბურთელები ერთად იზრდებიან, ერთად თამაშობენ და უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. სწორედ ამ მოთამაშეებზე დაყრდნობით გადმოვედით ეროვნულ ლიგაში და შემდეგ უკვე ვაწარმოეთ სწორი სელექცია. კლუბმა მაქსიმალურად შემიწყო ხელი, რომ დაგვემატებინა ის მოთამაშეები, რომელთა დამატება ჩემი სურვილი იყო. ჩვენი ხედვები სწორი აღმოჩნდა და შედეგიც სახეზეა. 

ეროვნული ლიგის 31-ე ტური: საბურთალო 2:1 რუსთავი

popsport: საბურთალო ტიტულს უახლოვდება. ხომ არ არის გუნდში ეიფორიული განწყობა, რამაც დასკვნით ტურებში შეიძლება ხელი შეგიშალოთ?

ჭიაბრიშვილი: ეროვნული ლიგის პირველივე ტურიდან გვაქვს მიდგომა, რომ ჩვენთვის მთავარია ყოველი მომდევნო შეხვედრის მოგება და დღემდე ამ პრინციპის ერთგულნი ვართ. მაგალითად, შემდეგი თამაში ლოკომოტივთან გვიწევს და მხოლოდ ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. შესაბამისად, საჩემპიონო ეიფორია არ გვაქვს და ვერც გვექნება, რადგან იქამდე ძალიან შორი გზაა გასავლელი. 5 ტური დარჩა და 15 ქულაა გასათამაშებელი, ჩვენ კი ჯერ მხოლოდ გარკვეულ უპირატესობას ვფლობთ. კი ბატონო, ლიდერები ვართ, მაგრამ მთავარი თამაშები წინაა და მათ შორის კონკურენტებთან.

popsport: ამბობთ, რომ მხოლოდ ლოკომოტივთან თამაშზე ფიქრობთ, მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ 33-ე ტურში თბილისის დინამოს ხვდებით და შესაძლოა, სწორედ ამ თამაშში გახდეს საბურთალო საქართველოს ჩემპიონი...

ჭიაბრიშვილი: ვიმედოვნებ, რომ ჩემი ფეხბურთელები მხოლოდ ლოკომოტივთან მატჩზე ფიქრობენ. ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ლოკომოტივმა ერთხელ მოგვიგო და ერთხელ ორი ქულა დაგვაკარგვინა. ასე რომ, რთული მეტოქე გვყავს და მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, დინამოზე კი მხოლოდ ამ მატჩის შემდეგ ვიფიქრებთ. ჩემი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და მე მჯერა მათი.

გიორგი ჭიაბრიშვილი

popsport: ჩემპიონობაზე ლაპარაკი შესაძლოა ადრეა, მაგრამ ევროსაგზური ნამდვილად მოიპოვეთ. როგორი იქნება კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ?

ჭიაბრიშვილი: კლუბის მესვეურები სწორად უძღვებიან საქმეს და ეს შედეგზეც შესაბამისად აისახა. ვფიქრობ, მომავალშიც ასე გაგრძელდება. ეროვნულ ლიგაში მხოლოდ აკადემიის აღზრდილებით გაგვიჭირდებოდა წარმატების მიღწევა და ამიტომ, ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ. ზუსტად ასევე, ამ რესურსით გაგვიჭირდება ევროარენაზე წარმატების მიღწევა და აუცილებლად უნდა გავძლიერდეთ. ჩვენი მიზანია, რომ ევროტურნირებზე მხოლოდ მონაწილეობით არ შემოვიფარგლოთ, რადგან იქ უკვე საქართველოს სახელით ვიასპარეზებთ. 

popsport: სანაკრებო ფანჯარა ახლოვდება და საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაში ჯგუფის დასკვნითი ორი მატჩი ელოდება. ვლადიმირ ვაისი ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს მაშინაც არ ენდობა, როდესაც საკადრო პრობლემები აქვს. როგორც ეროვნული ლიგის ლიდერის მთავარი მწვრთნელი, რომელ ფეხბურთელებს გაუწევთ რეკომენდაციას და რამდენად ამართლებთ ვაისის ასეთ პოლიტიკას?

ჭიაბრიშვილი: ვლადიმირ ვაისი ძლიერი სპეციალისტია და ეს ნაკრების შედეგებსაც ეტყობა. ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ვაისს, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციაც ეხმარება, სწორი სელექცია აქვს. რთულია ნაკრებში ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელის მიწვევა, რადგან ერთა ლიგაში გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთია და მოთხოვნებიც მეტია. ვფიქრობ, არასწორია, როდესაც ფეხბურთელი ითხოვს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას და სწორია, როდესაც ის თამაშით ცდილობს მის საჭიროებაში მწვრთნელი დაარწმუნოს. კარგი სეზონი აქვს ჩვენ მეკარეს, ლაზარე კუპატაძეს და მან მიიღო შანსი. მოვა ევროთასების დრო და სწორედ იქ უნდა დაამტკიცონ ფეხბურთელებმა, რომ ისინი ნაკრებში თამაშს იმსახურებენ. ისე კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები და მათ შეუძლიათ უფრო მაღალ დონეზე თამაში.

კომენტარები

ბოლო ამბები