Thumbnail
  • ბოლო დღეებში ქართველი ლეგიონერები საოცრად თამაშობენ.
  • ბითაძე, ფაჩულია, შერმადინი, მარკოიშვილი და შენგელია.
  • მაგრამ ვინ არის პირველი?

ბოლო დღეებში ქართველი კალათბურთელები დიდებულად თამაშობენ ევროპისა და ამერიკის დარბაზებში. გთავაზობთ მათ მიმდინარე POWER RANKINGS-ს. 

TOP-5-ში ვერ მოხვდნენ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანის ბიბლოსში გადავიდა და დებიუტში 11 ქულაც მიითვალა: სერია A2-ის ალმა ტრიესტეში ორჯერ 12-12 ქულა მიითვალა გიგა ჯანელიძემ; გიორგი თვალაბეიშვილმა ანდორას დუბლებში კარგი თამაშით ACB ლიგაში განაცხადში მოხვედრა დაიმსახურა; მაიკლ დიქსონმა თურქულ ბაჰჩეშეჰირში დებიუტი 26 ქულით აღნიშნა; ესპანური ლ'ოსპიტალეტის რიგებში შესანიშნავად ასპარეზობს შოთა გელაზონია, ბოლო მატჩში მან 27 ქულა მიითვალა; NCAA-ში სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი ყოჩაღობს...

5. გოგა ბითაძე, მეგა ბიმაქსი (სერბეთი)

გოგა ბითაძეს nbadraft.net-ზე ინდექსი აუმაღლეს

მეგა ბიმაქსი ადრიატიკის ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, თუმცა გოგა ბითაძე კვლავ კარგად თამაშობს. დეკემბერში ადრიატიკის ლიგაში ქართველის გუნდმა 5-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო. სწორედ იგოკეასთან გოგამ ორმაგი დუბლი შეასრულა (13 ქულა, 10 მოხსნა), რასაც 4 ბლოკი დაუმატა.

30 დეკემბერს მორნართან წაგებულ შეხვედრაში გოგა 21 ქულითა და 6 მოხსნით მეგა ბიმაქსში საუკეთესო იყო. 

სწორედ ამიტომაც nbadraft.net-მა გოგას NBA-ს 2018 წლის დრაფტის სავარაუდო ნომერი 51-დან 36-ემდე გადმოუწია. 

► აურზაური ბითაძის დაფარების გამო

► გოგა ბითაძის სუპერბლოკი დრაჟენ პეტროვიჩის დარბაზში

4. ზაზა ფაჩულია, გოლდენ სტეიტი (NBA)

მემფისთან ზაზამ და კარიმ გაილაღეს

"სამწუხაროა, რომ სტეფმა დღეს ზაზას შოუ დაჩრდილა. ის უბრალოდ ზაზაა, მაგრამ ჩვენ ძალიან მოგვწონს ზაზა", ეს სიტყვები სტივ კერმა მემფისთან მოგებული მატჩის შემდეგ თქვა, როცა ზაზამ გოლდენ სტეიტის მაისურით პირადი რეკორდი დაამყარა - 17 ქულა ჩააგდო (თამაშიდან 6-ვე სროლა ჩააგდო, ხოლო საჯარიმოდან ხუთივე), 8 მოხსნა და 6 პასიც მიითვალა.

"ზაზამ დიდებული კალათბურთი ითამაშა", ეს უკვე კევინ დურანტის სიტყვებია. მოკლედ, ზაზა დაბრუნდა და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს. 

► ფაჩულიას ბრწყინვალე თამაში და 17 ქულა! სტეფ კარი ზღაპრულად დაბრუნდა

► სტივ კერი: ამ სეზონში მატჩების უმეტესობას ზაზა ფაჩულია დაიწყებს

3. გიორგი შერმადინი, უნიკახა (ესპანეთი)

შერმადინი მალაგელთა ლიდერი ხდება

გიორგი შერმადინი ძალიან სწრაფად გამოდის უნიკახას სასტარტო ხუთეულის კალათბურთელთა ჩრდილიდან და მაქსმიმალურად იყენებს მისთვის მიცემულ დროს. 

ის, რომ უნიკახამ ევროლიგაზე ზედიზედ 4 მატჩი მოიგო შერმადინის დამსახურებაცაა. მაკაბისთან თამაშში ქართველმა "იფეთქა" - 15 წუთში 15 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. და ტურის ვარსკვლავებში მე-8 ადგილზე გავიდა. 10 ქულა ჩაუგდო მან რუსულ ხიმკის.

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში ბილბაოს წინააღმდეგ შერმადინმა 19 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. 

► შერმადინის თითქმის ორმაგი და უნიკახას ზედიზედ მე-4 გამარჯვება

► შერმადინის უნიკახას ზედიზედ მესამე ტრიუმფი ევროლიგაზე

2. მანუჩარ მარკოიშვილი, რეჯო ემილია (იტალია)

რეჯო ემილიას წარმატება მთლიანად მარკოიშვილზეა დამოკიდებული

არც ისე ბრწყინვალე დასაწყისის მერე მანუჩარ მარკოიშვილი რეჯო ემილიას ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. მაგალითად, იტალიის ჩემპიონატში ვარეზესთან მოგებულ შეხვედრაში მანუჩარმა 20 ქულა მიითვალა (6 სამქულიანი). ხოლო ვენეციასთან ასევე მოგებულ მატჩში მარკოიშვილმა 11 ქულას, 7 მოხსნასა და 5 პასს მოუყარა თავი. ბოლოს ყოფილ გუნდ კანტუს მარკოიშვილმა 19 ქულა ჩაუგდო.

ევროთასზე რეჯო ემილიამ ზედიზედ ორჯერ მოიგო და აქაც დიდი წვლილი მარკოიშვილს მიუძღვის - ჰაპოელს 13 ქულა ჩაუგდო, ხოლო ბაიერნს 8 ქულა. გერმანელებთან მანუჩარის გადამწყვეტმა სამქულიანმა იტალიურ კლუბს ტოპ-16-ის საგზური მოუტანა.

► ძალიან მაგარი კაპიტანი! მარკოიშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო

► ტოპ-16-ში მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანით

1. თორნიკე შენგელია, ბასკონია (ესპანეთი)

თორნიკე შენგელიას კარიერაში საუკეთესო დროება უდგას

ასეთი ბრწყინვალე კარიერის მონაკვეთი თორნიკე შენგელიას არასოდეს ჰქონია, ის ევროპული კალათბურთის კაშკაშა ვარსკვლავია. ასე თუ გააგრძელა, არც NBA-ში დაბრუნებაა მიუღწეველი.

თორნიკემ ლამის მარტომ მოუგო ევროლიგაზე ბარსელონას - 24 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა და ევროლიგის ტურის MVP გახდა. კიდევ უკეთ ითამაშა ცსკა-სთან წაგებულ შეხვედრაში და მხოლოდ ამიტომ ვეღარ მიიღო MVP-ის ტიტული - მან ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა და 13 მოხსნა. 

შენგელია შეუჩერებელია ესპანეთის ჩემპიონატშიც - ბოლო ტურში მურსიასთან მან 17 ქულა მიითვალა. დეკემბრის 4 ტურში ის ყოველთვის ცდებოდა 10-ქულიან ზღვარს. 

► თორნიკე შენგელიამ 2017 წელი 17 ქულით დაასრულა, გიორგი შერმადინმა - 19-ით

► თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის მესამე ვარსკვლავია

კომენტარები

ბოლო ამბები