Thumbnail

მაესტრო 41 წლის გახდა - რატომ გვენატრება ანდრეა პირლო ასე ძალიან

გოტფრიდ ლენცი პროფილის ფოტო
გოტფრიდ ლენცი
  • ის ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო
  • არავინ იცის, როდის გამოჩნდება ფეხბურთში კიდევ ასეთი არქიტექტორი
  • დღეს მისი დაბადების დღეა: 19 მაისს ანდრეა პირლო 41 წლის გახდა

“ხომ არ გაგიჟდი, ეს რა გააკეთე?” - ეუბნებოდნენ თანაგუნდელები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც იტალიის ნაკრებმა ინგლისს პენალტების სერიით მოუგო.

ანდრეა პირლომ იმ თამაშში გააკეთა ის, რაც მანამდეც ხშირად გაუკეთებია - თერთმეტმეტრიანი შუაში, “პანენკას” სტილში დაარტყა. და გაიტანა. საქმე ისაა, რომ ეს პირლოსთვის და ზოგადად იტალიური ფეხბურთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პენალტი იყო. ასეთ დროს “პანენკას” შესრულება უდიდესი რისკია, მაგრამ ვის უნდა დაერტყა მნიშვნელოვანი თერთმეტმეტრიანი ასე, თუ არა პირლოს, ვისაც, ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ არასდროს უნერვიულია.

პირლოს 5 გენიალური პასი

 

ინგლისთან გატანილი “პანენკა” ანდრეამ, როგორც სჩვევია, მშვიდად და ლოგიკურად ახსნა: “ბურთი შუაში, რბილად რომ დავარტყი, ამას ძალიან მარტივი მიზეზი ჰქონდა: უკანასკნელ წამს ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ეს ამ პენალტის გატანის ერთადერთი და ყველაზე უსაფრთხო საშუალება იყო.”

ჩეხმა ფეხბურთელმა ანტონინ პანენკამ ასეთი პენალტი პირველად 1976 წელს შეასრულა. ანდრეა პირლო 3 წლის შემდეგ, ლომბარდიაში, ბრეშასთან ახლოს მდებარე ფლეროში დაიბადა. ფეხბურთის ისტორიას უამრავი კარგი ფეხბურთელი და ბევრი სუპერვარსკვლავი ახსოვს, მაგრამ პირლოს მსგავსი - ძალიან ცოტა.

ანდრეა ისეთი ფეხბურთელების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც ფეხბურთს თავისებურად ალამაზებენ, ამდიდრებენ, ასოლიდურებენ. არა კონკრეტული ფინტებით ან დრიბლინგებით, არამედ უბრალოდ საკუთარი, განსაკუთრებული სტილით, თამაშის მართვის უნიკალური ნიჭითა და განუმეორებელი დირიჟორობით.

პირლო ნაღდი “მაესტრო” იყო. მაგრამ ის არ იყო უბრალოდ დიდოსტატი - ანდრეას უფრო ფეხბურთის არქიტექტორი, თამაშის შემოქმედი ეთქმის.

ბურთი ეძებდა პირლოს

2003 წელი: ფილიპო ინძაგი, მასიმო ამბროზინი და ანდრეა პირლო

ანდრეა პირლო არასდროს ეძებდა ბურთს, ბურთი ეძებდა მას და პოულობდა - ყოველთვის. თავად პირლო სივრცეებს ეძებდა - იქ, სადაც სივრცეები არ იყო, იქ, სადაც სივრცეს სხვა ვერავინ დაინახავდა. პირლო კი ხედავდა, პოულობდა და უნაკლო პასებს დაუჯერებელი სიზუსტით ასრულებდა. ეს ძალიან ცოტას შეუძლია. ცხადია, ასეთი პასების ჩამორიგება ბევრ კარგ ფეხბურთელს სურს, მაგრამ მთავარი შესრულებაა, რასაც მხოლოდ გამონაკლისები ახერხებენ და ისიც იშვიათად.

როცა საოცნებო საგოლე პასს არ აკეთებდა და არც საგოლე პასის წინა პასს, პირლოს თვითონაც გაჰქონდა გოლები, მაგრამ ზუსტად ისე, როგორც პასები, მისი გოლებიც განსაკუთრებული იყო - იმდენად განსაკუთრებული, რომ ფეხბურთის გემოვნებიან მოყვარულს აუცილებლად დაბურძგლავდა. 30-35 მეტრიდან... აბსოლუტურად მოულოდნელად… ანდრეა ბურთებს მარჯვენა მაღალ კუთხეში გზავნიდა. და ამას ისე ჩვეულებრივად, იმდენად მშვიდად ახერხებდა, თითქოს ცარიელ კარში შეაგორაო.

სიმშვიდის განსახიერება

მისი თამაში, პასები, ჯარიმები, პენალტები - მოედანზე ყველაფერს დაუჯერებელი სიმშვიდით აკეთებდა. ყოველთვის მოდუნებული ჩანდა, თითქოს მარტივად თამაშობდა, მაგრამ სრულყოფილი ნახევარმცველი იყო. თითქოს მოედანზე სხვებივით კი არ დარბოდა, არამედ დაცურავდა. თუკი რომელიმე ფეხბურთელს შეიძლება ვუწოდოთ cool ტიპი სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით, პირველ რიგში ალბათ ანდრეა პირლოს.

მილანთან და იუვენტუსთან ერთად მან ჯამში ექვსჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ორჯერ თასი. 2003 და 2007 წლებში აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი. ეს უკვე საკმარისზე მეტია, მაგრამ პირლოს კარიერის უდიდესი მიღწევა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონობაა. და ალბათ ახლა თქვენც ის გენიალური პასი გაგახსენდათ, ნახევარფინალში, მასპინძელ გერმანიასთან, 119-ე წუთზე რომ მისცა ფაბიო გროსოს, რომელმაც სრულიად საფეხბურთო გერმანიის იმედები დაასამარა და “სკუადრა აძურა” ფინალში გაიყვანა.

2006 წლის მუნდიალზე ტრიუმფამდე 1 წლით ადრე, ლივერპულთან წაგებული დრამატული ფინალის შემდეგ, პირლო ფეხბურთიდან წასვლაზე ფიქრობდა. ეს მოგვიანებით გაამხილა - ლივერპულთან წაგების შემდეგ ვფიქრობდი, რომ აზრი აღარაფერს ჰქონდაო.

კიდევ კარგი, რომ ეს აზრი თავიდან მალევე ამოიგდო. 2007 წელს პირლომ და მილანმა ლივერპულზე შური იძიეს, ანდრეამ კი კიდევ დიდხანს ითამაშა ფეხბურთი და კიდევ ბევრი ტიტული მოიგო. 

“მას გული წუთში 35-ჯერ უცემს,” - თქვა წლების წინ ლეგენდარულმა იტალიელმა ჯანლუკა ვიალიმ. პირლო სიმშვიდის განსახიერება იყო მოედანზე და მოედნის მიღმაც. არავინ იცის, როდის გამოჩნდება ფეხბურთში კიდევ ასეთი არქიტექტორი. ჩვენ ის ძალიან გვენატრება. თქვენ?

 

კომენტარები

ბოლო ამბები