Thumbnail

ქალს ეარშიყა, მის ქმარს ცხვირი გაუტეხა - არდა თურანს 12 წლით ციხე ემუქრება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას ჰავბეკი, რომელიც იჯარით ბაშაქშეჰირში გამოდის, დიდ სკანდალში გაეხვა
  • 31 წლის ფეხბურთელმა ღამის კლუბში ცნობილ თურქ მომღერალს ცხვირი გაუტეხა
  • მანამდე არდა მომღერლის ცოლს ავიწროებდა

ბარსელონას თურქი ჰავბეკი არდა თურანი, რომელიც იჯარის წესით მშობლიურ ისტანბულ ბაშაქშეჰირში გამოდის, შესაძლოა, 12 წლით ციხეში აღმოჩნდეს. 31 წლის ფეხბურთელს, რომელსაც თურქეთის ნაკრებში ჩატარებულ 100 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი, ბრალად სექსუალური შევიწროება, ტრავმების მიყენება და იარაღის უკანონოდ ფლობა ედება.

თურანს პოლიციაში თურქეთში ცნობილმა მომღერალმა ბერქაი შაჰინმა უჩივლა. სკანდალი კი სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა, სადაც ფეხბურთელი ჯერ  მომღერლის ცოლს გადაეკიდა, შემდეგ კი თავად ბერქაის გაუსწორდა ფიზიკურად - ჩხუბში ცხვირი გაუტეხა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოგვიანებით თურანი შაჰინს თავზე საავადმყოფოში პისტოლეტით დაადგა, იარაღი გაუწოდა და უთხრა: "არ ვიცოდი, რომ შენი ცოლი იყო. აიღე და მესროლე".

CNN Turk-ის ცნობით, ფეხბურთელისთვის სტამბოლის პროკურატურამ 12 წლით პატიმრობა მოითხოვა. თურანს ბრალი სექსუალურის ხასიათის შევიწროებაში, სხეულის განზრახ დაზიანებაშო, საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნასა და სპეციალური ნებართვის გარეშე, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობაში ედება.

ინციდენტს გამოეხმაურა ბაშაქშეჰირის ხელმძშღვანელობაც, რომელმაც ფეხბურთელი მომხდარის გამო 370 ათასი ევროთი დააჯარიმა. კლუბის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თურანი ვარჯიშს ჩვეულებრივად გააგრძელებს.

არდა თურანი მუშტებზე თამაშის დროსაც იყურება

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც არდა თურანი სკანდალში ეხვევა. ამა წლის გაზაფხულზე ფეხბურთელი ერთ-ერთი თურქ ჟურნალისტს, მისი აზრით, არაეთიკური შეკითხვის დასმის გამო, თავის გატეხვით დაემუქრა. მაისში, თურქეთის ჩემპიონატის შეხვედრის დროს, არდა თავს მსაჯის ასისტენტსაც დაესხა, რისთვისაც 16-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

არდა თურანი ბარსელონაში 2015 წელს გადავიდა. მანამდე კი 4 წლის განმავლობაში მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას იცავდა. ფეხბურთელს თურქეთში გალათასარაისა და მანისასფორშიც უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები