Thumbnail

'დინამო ევროთასებზე კონკურენტუნარიანი ძალა იქნება' - შიო ხეცურიანის გეგმები

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ზაზა ფაჩულიამ და შიო ხეცურიანმა თბილისის დინამო და კლუბის ბაზა იყიდეს
  • დინამოს ახალი მფლობელების მიზნები და გეგმები

ქართულ კალათბურთში მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეა. ყველაზე ტიტულოვანი ქართული საკალათბურთო კლუბი თბილისის დინამო დეტროიტ პისტონსის ლეგიონერმა ზაზა ფაჩულიამ და ვეტერანმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა შეიძინეს. შეგახსენებთ, რომ ხეცურიანი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას და პაატა გურასპაულის ყველაზე რეალურ კონკურენტად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო მომენტში მოხსნა კანდიდატურა, რადგან ჩათვალა, რომ ის უთანასწორო კონკურენციაში იყო და გურასპაულის გამარჯვება წინასწარ იყო გადაწყვეტილი. მაშინ, ხეცურიანს ზაზა ფაჩულია უჭერდა მხარს, დღეს კი ისინი თბილისის დინამოს ახალი მფლობელები არიან. ამ თემაზე შიო ხეცურიანს ვესაუბრეთ, რომელმაც შთაბეჭდილებები გაგვიზიარა და სამომავლო გეგმები გაგვანდო...

შიო ხეცურიანი და ზაზა ფაჩულია - გოლდენ სტეიტი ჩემპიონობას აღნიშნავს

შიო ხეცურიანი (თბილისის დინამოს მფლობელი)

ყველამ იცის თუ რა ისტორიული გუნდია თბილისის დინამო და რა ტიტულები აქვს მოგებული. დინამოში რამდენიმე წელი ვითამაშე და ეს გუნდი ჩემთვისაც განსაკუთრებულია. თბილისის დინამო საქართველოს ბანკის მფლობელობაში იყო. მე და ზაზა ფაჩულიამ ბანკთან მოლაპარაკება გავმართეთ და შეთანხმება შედგა. გარიგების ფინანსური მხარე კონფიდენციალურია. 

გეგმები და მიზნები

ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველ ბავშვებს შევუქმნათ ყველა პირობა, რომ განვითარდნენ და კალათბურთი მაღალ დონეზე ითამაშონ როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. ბუნებრივია, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია, რომ შემდეგ ეს მოთამაშეები საქართველოს ნაკრებს გამოადგნენ. რა თქმა უნდა, დინამომ უნდა იბრძოლოს სუპერლიგის მოგებისთვის, მაგრამ ეს არაა მთავარი ამოცანა. უფრო შორს ვიყურებით და საკითხს 5-7-წლიან ჭრილში განვიხილავთ. ამ პერიოდში, თბილისის დინამო უნდა იქცეს ახალგაზრდა, პერსპექტიული კალათბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდად, რომელიც ევროთასებზე კონკურენტუნარიანი ძალა იქნება.

აქცენტი ახალგაზრდა ქართველ მოთამაშეებზე

არ ვამბობ, რომ თბილისის დინამოში ლეგიონერები არ ითამაშებენ, მაგრამ პრიორიტეტული მიზანი მაინც პერსპექტიული ქართველი კალათბურთელების წარმოჩენა და განვითარებაა. გვეყოლება ასაკობრივი გუნდები, საიდანაც შეივსება მთავარი გუნდი. საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ რთულია გყავდეს ევროპული გრანდი. უნდა გამოვიყენოთ ხორვატიის, სლოვენიის და მსგავსი ქვეყნების მაგალითი, რომლებიც პერსპექტიულ ახალგაზრდებზე აკეთებენ აქცენტს და ყოველთვის კონკურენტუნარიანი გუნდები ჰყავთ. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას აკადემიას, ჩვეულებრივად გააგრძელებს ფუნქციონირებას და არ შეუერთდება თბილისის დინამოს.

შიო ხეცურიანი გოლდენ სტეიტის თასებთან ერთად

მენეჯმენტი და მოთამაშეები

თბილისის დინამოს პრეზიდენტი იყო ვატო ნაცვლიშვილი, თუმცა როდესაც ჩვენ კლუბი ვიყიდეთ, მას უკვე დატოვებული ჰქონდა თანამდებობა. კლუბის აღმასრულებელი დირექტორია ბუბა კვიმსაძე და ის დარჩება აღნიშნულ პოსტზე. კონტრაქტი შეუნარჩუნდებათ როგორც მწვრთნელებს, ისე მოთამაშეებს. დანარჩენი უკვე დროის ამბავია და ბუნებრივია, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება. რაც შეეხება დინამოს გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაზე და მარცხს ბერძნულ არისთან, ჩემგან არ იქნება სწორი რომ ამ თემაზე ვილაპარაკო. 

დაპირისპირება საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან

დღეს არ მსურს საქართველოს კალათბურთის ფედერაციიის და მისი პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასება. ვერც იმაზე ვილაპარაკებ თუ რა დამოკიდებულება მაქვს მათდამი. მხოლოდ თბილისის დინამოზე ვარ კონცენტრირებული და იმ საქმეებზე, რომელიც წინ მელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები