Thumbnail

'ჩემი მიზანი UFC-ში ბრძოლაა' - ინტერვიუ ლიანა ჯოჯუასთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლიანა ჯოჯუა Fight Night Global-ის ეგიდით ასპარეზობს
  • 23 წლის მებრძოლის წარმატებები და სამომავლო გეგმები

ლიანა ჯოჯუა 23 წლის სპორტსმენია, რომელიც ММА-ს საჩემპიონო ქამრის მფლობელია. ქართველმა მებრძოლმა, რომლის მეტსახელია ‘მგელი’, სატიტულო ორთაბრძოლაში მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი სამბოში, მარინა მოხნატკინა დაამარცხა. ლიანა ჯოჯუას დიდი გეგმები აქვს და სამომავლოდ UFC-ში აპირებს ძალების მოსინჯვას. popsport-მა ლიანასთან ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მოამზადა, სადაც რუსეთში მოღვაწე ქართველი მებრძოლი საკუთარ თავზე, კარიერასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს...

popsport: როდის და რატომ დაინტერესდი სპორტის საბრძოლო სახეობით?

ჯოჯუა: ბავშვობიდან სპორტის არაერთ სახეობაზე დავდიოდი, მათ შორის ფიგურულ სრიალზე და ცურვაზე, მაგრამ არ მომეწონა და დავანებე თავი. მშობლებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ საბრძოლო სახეობაში მსურდა ძალების მოსინჯვა. ხშირად ვუყურებდი ჯინა კარანოს ბრძოლებს და ჩემი სურვილებიც აქედან მოდიოდა. 17 წლის ვიყავი, როდესაც ტაილანდურ კრივზე მივედი და აქედან დაიწყო ჩემი კარიერა.

ლიანა ჯოჯუა დღეში მინიმუმ 2 საათს ვარჯიშობს

popsport: სპორტული კარიერა მოსკოვში დაიწყე. მოგვიყევი შენი ბავშვობის შესახებ...

ჯოჯუა: თბილისში დავიბადე, თუმცა პატარა ვიყავი, როდესაც მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად. იქ დავიწყე სწავლა, დავამთავრე სკოლა და უნივერსიტეტი. თავიდან მამაჩემი მასწავლიდა ილეთებს უბრალო თავდაცვისთვის, თუმცა არ იყო მომხრე, რომ სპორტული კარიერა დამეწყო, თუმცა შემდეგ შეურიგდა ბედს, დედას კი დღემდე არ მოწონს, რომ სპორტის ამ სახეობით ვარ დაკავებული. 

popsport: როგორია შენი დღის რეჟიმი?

ჯოჯუა: მინიმუმ ორი საათი ყოველ დღე ვვარჯიშობ და თუ წინ ბრძოლა მელოდება, დღეში ორჯერადი ვარჯიშები მაქვს. იდეალურ ფორმაში რომ ვიყო, კვების რაციონსაც ვაქცევ ყურადღებას. თუმცა მხოლოდ სპორტი არაა ჩემი ცხოვრება: მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა და მუსიკის მოსმენა.  

ლიანა პატარა იყო, როდესაც საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, თუმცა ყოველთვის საქართველოს სახელით ასპარეზობს

popsport: რა ეტაპზეა შენი სპორტული კარიერა: რა ორგანიზაციის ეგიდით გიწევს ბრძოლა და რა მიღწევები გაქვს?

ჯოჯუა: არის ასეთი რუსული ორგანიზაცია: Fight Night Global, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია თავის სფეროში. ამ ორგანიზაციაში ბევრი სპორტსმენია გაერთიანებული, მათ შორის UFC-დან მოსული. ჯერჯერობით, აქ ვარ და ვცდილობ, რომ წარმატებას მივაღწიო, სამომავლოდ კი ჩემი მიზანი UFC-ში გადასვლაა. მქონდა კიდეც შემოთავაზება UFC-დან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ადრეა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან არ ვარ მზად ამ დონეზე თავის წარმოსაჩენად. კიდევ რამდენიმე ბრძოლა და შემდეგ დავფიქრდები ამერიკაში წასვლაზე. რაც შეეხება Fight Night Global-ს, უკვე მქონდა საჩემპიონო ბრძოლა და უმძიმეს დაპირისპირებაში მარინა მოხნატკინას მოვუგე, რომელიც სამბოში მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია და რუსეთში ძალიან პოპულარულია. 

popsport: უფრო დეტალურად გავიხსენოთ ეს ბრძოლა...

ჯოჯუა: ეს იყო ჩემი პირველი ბრძოლა ჩემპიონობისთვის და შესაბამისად, დიდი გამოცდა. ნახევარი საათი ვიჩხუბეთ და მძიმე ბრძოლაში გავიმარჯვე. არავინ ელოდა ჩემ გამარჯვებას, რაც კოეფიციენტებითაც ჩანდა და ვინც ჩემზე გააკეთა ფსონი, დიდ ფულსაც მოიგებდა. ეს იყო ნამდვილი სენსაცია. ველოდები შემდეგ ბრძოლას, რათა დავიცვა ტიტული. ჯერჯერობით, ჩემი მიზანია რომ საუკეთესო რუსი სპორტსმენები დავამარცხო, მათ შორის იულია ბერეზიკოვა. ჩემი უახლოესი მიზანია, რომ რუსეთსა და რეგიონში საუკეთესო ვიყო, შემდეგ კი ამერიკასა და UFC-ზე ვიფიქრებ. 

ლიანა ჯოჯუას სატიტულო ორთაბრძოლა

popsport: თუ გაქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ მხოლოდ სპორტულ კარიერაზე იფიქრო და დასახულ მიზნებს მიაღწიო?

ჯოჯუა: მქონდა შედარებით რთული პერიოდი, როდესაც მშობლებს არ სურდათ, რომ სპორტის საბრძოლო სახეობით ვყოფილიყავი დაკავებული და ხელსაც მიშლიდნენ. თუმცა, დღეს უკვე სხვა ვითარებაა: მშობლებიც გვერდში მიდგანან და კლუბიც ყველა პირობას მიქმნის, რომ კარგად მოვემზადო. 

popsport: რუსეთში გამართულ ბრძოლებში საქართველოს სახელით გამოდიხარ. რას ნიშნავს ეს შენთვის?

ჯოჯუა: პირველივე ბრძოლიდან მე საქართველოს სახელით გამოვდივარ და ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. მინდა ყველამ იცოდეს საიდან ვარ და რომელ ქვეყანას წარმოვადგენ. საქართველოში ნაკლებად მიცნობენ, თუმცა ამ მხრივაც იცვლება ვითარება. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სპორტის სხვადასხვა საბრძოლო სახეობიდან რომ საქართველოს სახელით ტურნირებში მივიღო მონაწილეობა. მაგალითად, ნოემბერში იაპონიაში კუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე წავალ საქართველოს ნაკრებთან ერთად. კუდო იაპონური საბრძოლო სახეობაა.

ლიანა ჯოჯუა სპორტ-დარბაზში

popsport: რა არის შენთვის სპორტი და კონკრეტულად სპორტის საბრძოლო სახეობები?

ჯოჯუა: მესმის, რომ გოგო სპორტის საბრძოლო სახეობაში უჩვეულოა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველას უნდა შეეძლოს თავის დაცვა. მაგალითად მე, მოსკოვში ვცხოვრობ, ტყესთან ახლოს და საბრძოლო ხელოვნება ცხოვრებაშიც გამომადგა. გარდა ამისა, სპორტი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

popsport: ბოლოს, მოგვიყევი ერთი ისტორია, როდესაც სპორტი თავდაცვისთვის გამოგადგა...

ჯოჯუა: იყო შემთხვევა, როდესაც ვარჯიშზე ავტობუსით მივდიოდი, გზაში კი დაახლოებით 50 წლის კაცი გადამეკიდა და სრულიად უმიზეზოდ შარი მომდო. მივხვდი რომ ჩემს მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი და მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყოფა მომაყენა, გავერიდე. გაჩერებაზე ჩამომყვა, არ მომეშვა, ჩემი კავკასიური გარეგნობა ახსენა და კიდევ ერთხელ მომაყენა შეურაცხყოფა. აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და ვცემე. ბევრი მოხვდა, თუმცა ადგომა შეძლო და გაიქცა. გავეკიდე, თუმცა შემდეგ შევეშვი. ასე რომ, სპორტი პირად ცხოვრებაშიც გამომადგა.

კომენტარები

ბოლო ამბები