Thumbnail
  • პელე, მარადონა, მესი… არსებობენ ადამიანები, თანაც ძალიან ბევრი, რომლებსაც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტო ბაჯო მიაჩნიათ
  • იტალიელი ათიანი, რომლის თამაში 90-იან წლებში ფეხბურთის მოყვარულებს გულისცემას უჩქარებდა, საბოლოოდ ტრაგიკულ გენიად იქცა
  • ერთი რამ ფაქტია: ბაჯოს ფეხბურთის ისტორიაში ნამდვილად ყველა დროის ყველაზე მაგარი ვარცხნილობა ჰქონდა

ზუსტად ისე, როგორც ყველა დიდმა ტურნირმა, მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატმაც დაგვიტოვა კადრები, რომლებიც არასდროს წაიშლება იმ ადამიანების მეხსიერებიდან, ვინც ის მუნდიალი ნახა, მომავალი თაობები კი აუცილებლად გადააწყდებიან არქივებში. მაგალითად, კადრი, რომელზეც ასახულია, როგორ მიდის დიეგო მარადონა თავის დასთან ერთად დოპინგ-კონტროლზე; როჟე მილა; ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელების გოლის აღნიშვნა - თითქოს ბავშვს აძინებენ; შტეფან ეფენბერგის შუა თითი…

ჩემთვის, 9 წლის ბავშვისთის, ეს პირველი მუნდიალი იყო. პირველი დიდი საფეხბურთო ტურნირი, უკიდურესად მძაფრი ემოციები და კადრი, რომელიც იმ ზაფხულის მერე დიდხანს ვეღარ ამოვიდგე თავიდან - კადრი, რომელიც ფინალის შემდეგ, ყოველი დაძინების წინ თვალწინ მედგა.

რობერტო ბაჯო აცილებული პენალტის შემდეგ - წამი, რომელმაც 1994 წლის მუნდიალის ფინალის ბედი გადაწყვიტა 

პატარა იტალიელი “კიკინით”, თავდახრილი და დოინჯშემოყრილი დგას, ჯერ მინდორს უყურებს, მერე ზემოთ იხედება და გასცქერის იმ სივრცეს, სადაც მის მიერ დარტყმული ბურთი გაფრინდა. არ შეუხედავს მეკარე კლაუდიო ტაფარელისთვის, რომელიც მუხლებზე დაემხო და, მიხვდა რა, რომ მსოფლიოს ჩემპიონია, ხელები ცისკენ აღაპყრო. არ დაუნახავს ბრაზილიელი ფეხბურთელების სალტოები. არ შეუხედავს თანაგუნდელებისთვის, რომლებსაც სისხლი გაეყინათ. დოინჯშემოყრილი იდგა და ერთი შეხედვით უემოციო სახით უყურებდა ჯერ მინდორს, მერე კი იმ სივრცეს, კარის ზემოთ, სადაც მისი ბურთი გაფრინდა.

ბედნიერი კლაუდიო ტაფარელი და სასოწარკვეთილი რობერტო ბაჯო

მან, მთელი იტალიის იმედმა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ააცილა პენალტი, რის გამოც ბრაზილია იმწამსვე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, იტალიაში კი ცრემლების ნიაღვრები წამოვიდა. რობერტო ბაჯო იმ მომენტში მსოფლიოში ყველაზე მარტოხელა ადამიანი იყო.

ცხოვრებისეული გაკვეთილი ამერიკიდან

ბაჯო, რომელმაც იტალია ფაქტობრივად მარტომ გაიყვანა ფინალში, ამ უკიდურესად დიდი წარუმატებლობის მომენტში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი გახდა. იმედგაცრუება, მარცხი, წარუმატებლობა - ამ მომენტამდე ეს სიტყვები ჩემთვის, 9 წლის ბავშვისთვის, აბსოლუტურად უცხო იყო. ბაჯომ, თავისი ცარიელი თვალებით, ცხოვრებაში პირველად მიმახვედრა, რომ ცხოვრება მხოლოდ კარაქიანი პური და გოგლიმოგლი არ არის. ბაჯომ მასწავლა, როგორი განცდაა, როცა ვიღაცას იმედს უცრუებ, ან შენ გიცრუებენ იმედს. ეს იყო შეცოდების, მწუხარების გაზიარების და აღფრთოვანების უნიკალური სინთეზი - გაკვეთილი, რომელიც იტალიის ნაკრების ათმა ნომერმა 1994 წლის 17 ივლისს ამერიკიდან ჩამიტარა.

დღეს უკვე 53 წლის რობერტო ბაჯო ამბობს, რომ ეს პენალტი დღემდე მისი კოშმარია და ფეხბურთში ერთი რამის შეცვლა რომ შეეძლოს, თერთმეტმეტრიანების სერიას გააუქმებდა...

რამდენიმე დღე დაძინება მიჭირდა. რობერტო ბაჯოს გაყინული მზერა თვალებიდან არ მშორდებოდა. არც ბრაზილიელთა მუხლებზე დამხობილი მეკარე კლაუდიო ტაფარელი. არც ის მომენტი, როცა რობიმ ფრანკო ბარეზის ხელი გადახვია და ორივემ თავი დახარა. იმ დღეებში ძალიან მინდოდა, რომ მქონოდა გრძელი თმა და ბაჯოს მსგავსი “კიკინა”.

ყველასათვის საყვარელი, ყველასგან განსხვავებული

მას მერე რობერტო ბაჯოს თამაშის ყურება ჩემი საყვარელი საქმიანობა გახდა და ბედნიერი ვარ, რომ მან ფეხბურთი კიდევ 10 წელი ითამაშა. ფეხბურთის უამრავ მოყვარულს ვიცნობ, მაგრამ დღემდე არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ ბაჯო სძულს. იმიტომ, რომ ის არა მარტო გენიალური ფეხბურთელი, არამედ უნიკალური ადამიანიცაა. ბაჯო დაუმორჩილებელი იყო, მაგრამ ყველას უყვარდა - მწვრთნელების გარდა. ის იყო მასების საყვარელი მოთამაშე - იმიტომ, რომ მასებისგან განსხვავდებოდა.

უნიკალური ტექნიკა, მოედნის ხედვა, სიმშვიდე და ფეხბურთის შეუდარებელი სიყვარული - ეს არის რობერტო ბაჯო

რობერტო ბაჯო ბუდისტია - კათოლიკურ იტალიაში. უყვარს იხვებზე ნადირობა და ამ სისხლიან ჰობის იმით ამართლებს, რომ სიკვდილი ბუნებრივია. ამავდროულად, დარწმუნებულია იმაში, რომ ერთ-ერთ წინა ცხოვრებაში თვითონაც იხვი იყო.

ბაჯო ჰედონისტია - ჰედონიზმი კი ეთიკის იდეალისტური მიმდინარეობა გახლავთ, რომლის მიხედვითაც, ცხოვრების მიზანს უდიდესი სიამოვნება, სიტკბოება წარმოადგენს.

ბაჯო ფილოსოფიაა. ბაჯო ფეხბურთის უკანასკნელი ჰიპია

“ჩემი ოცნებაა, რომ ვიყო გლეხი ფერმერი. დავფუძნდე ჩემს სახლში, კალდონიოში. მივყვე მიწათმოქმედებას და მუშაობისას ვუსმინო ფეხბურთის რადიორეპორტაჟებს,” - აი, ასეთი განცხადება გააკეთა ბაჯომ 1994 წლის მუნდიალის ფინალის შემდეგ.

ბაჯო უკვე 53 წლისაა, უყვარს ნადირობა და ხშირად სტუმრობს თავის მეგობარ გაბრიელ ბატისტუტას არგენტინაში

რობერტო ბაჯოს კარიერის დასაწყისის შესახებ, რა თქმა უნდა, მოგვიანებით წავიკითხე. გავიგე, როგორ ამოვიდა მისი ვარსკვლავი ფიორენტინაში და როგორ მიიღო მუხლის პირველი სერიოზული ტრავმა. როგორ გადავიდა 1990 წელს იუვენტუსში, რის გამოც ფლორენციელი ტიფოზების ნერვულმა აშლილობამ პიკს მიაღწია, ქალაქში გამოვიდნენ და ყველაფერს ლეწავდნენ. როგორ თქვა ბაჯომ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ მიკროფონში, რომ ფიორენტინა ყოველთვის მის გულში იქნება. და როგორ გახდა 1993 წელს ევროპის და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი. მისი ყოფილი მწვრთნელი ჯიჯი მანფრედი ბაჯოს ასე ახასიათებდა: “ის ფეხბურთში უფრო მეტია, ვიდრე წმინდანები სამოთხეში.”

1993 წელი: რობერტო ბაჯო ოქროს ბურთით

თავად ბაჯოს კი სამოთხეში მოხვედრა არ სურდა. იმის გამო, რომ მისთვის საკუთარ ოჯახთან სიახლოვე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, 2000 წელს არაერთ უცხოურ წინადადებაზე თქვა უარი და ბრეშაში გადავიდა. ეს ის დროა, როცა გაზეთი “კორიერე დელო სპორტი” ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე აქვეყნებდა ერთსა და იმავე სტატიას, სათაურით “ბაჯომ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს.”

კარიერის მიწურულს, ბაჯომ აუტსაიდერ ბრეშაში ყველას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა თავისი შესაძლებლობები

2002 წელს იტალიის ნაკრების იმჟამინდელ თავკაც ჯოვანი ტრაპატონის მთელი იტალიური პრესა მოუწოდებდა, ბაჯომ მუნდიალზე უნდა ითამაშოსო, მაგრამ ტრაპმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მას დელ პიერო და ტოტი ჰყავდა. 2000 წელს იტალიელებმა საფრანგეთთან ფინალი წააგეს, 2002-ში კი, მერვედფინალში, სულაც სამხრეთ კორეასთან დამარცხდნენ. ბაჯოს გარეშე. ტოტისთან და დელ პიეროსთან ერთად.

ბაჯომ ბრეშაში 4 წელი ითამაშა და სერია A-ს სუსტ გუნდს სახელი გაუთქვა.

არ დამავიწყდება 2004 წლის 16 მაისიც - როცა ბაჯო ფეხბურთიდან წავიდა. გენიალურ ფეხბურთელს “სან სიროზე” 80 000 მაყურებელი წამოუდგა. მილანელებმა მეტოქე გუნდის კაპიტანი კოლექტიური ტაშით გააცილეს. ბაჯომ მოასწრო და თავის კარიერაში მილანის ორივე გრანდის ტიფოზებიც გააბედნიერა - ითამაშა მილანშიც (1995-1997) და ინტერშიც (1998-2000).

2004 წლის 16 მაისი, "სან სირო": რობერტო ბაჯო კარიერის ბოლო მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ

მანამდე არ დაკვირვებივარ, იმ დღეს კი დავინახე, რომ უკვე სხვანაირი იყო. ეს იყო 37 წლის გაჭაღარავებული კაცი. ოღონდ, ისევ “კიკინით”. უკვე მეც დიდი ვიყავი. სკოლაში აღარ დავდიოდი. მაგრამ ისევ მომინდა, რომ მქონოდა გრძელი თმა და ბაჯოს მსგავსი “კიკინა”.

ზუსტად ისე, როგორც 1994 წლის ფინალის მეორე დღეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები