Thumbnail

ბრაზილიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს - ნეიმარი მსახიობობას აღარ აპირებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ ნეიმარი გუნდის კაპიტნად დანიშნა
  • პარი სენ-ჟერმენის ლიდერის ნაკრებში დებიუტიდან ზუსტად 8 წელი გავიდა
  • “სელესაო” ოქტომბერში არგენტინის ნაკრებს შეხვდება

პარი სენ-ჟერმენის სუპერვარსკვლავი ნეიმარი ამიერიდან ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი იქნება - ეს ინფორმაცია “სელესაოს” მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ აშშ-ის ნაკრებთან მატჩის წინ დაადასტურა. ამით დამთავრდა ბრაზილიის ნაკრებში კაპიტნების ხშირი ცვლა. შეგახსენებთ, რომ ტიტეს ერაში “სელესაოს” ჯამში 16 სხვადასხვა კაპიტანი ჰყავდა, ნეიმარს კი სამკლავური მხოლოდ ერთხელ, 2017 წლის მარტში ეკეთა.

როგორც იცით, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნეიმარს ხშირი სიმულანტობის გამო აკრიტიკებდნენ, თუმცა პსჟ-ს ვარსკვლავმა პირობა დადო, რომ ასე აღარ მოიქცევა. 57 წლის ტიტე დარწმუნებულია, რომ ნეიმარი მზად არის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს ყველა მატჩში უკაპიტნოს.

ზუსტად 8 წლის წინ, ნეიმარმა “სელესაოს” ფორმით პირველი მატჩი ასევე აშშ-ის ნაკრებთან, ასევე MetLife Stadium-ზე ჩაატარა - ის შეხვედრა ბრაზილიელებმა 2:0 მოიგეს, ნეიმარმა კი გოლი გაიტანა. “აქ დაიწყო ყველაფერი და ჩემთვის დიდი პატივია, რომ 8 წლის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი ვხდები,” - განაცხადა 26 წლის ნეიმარმა.

აშშ-ის ნაკრებთან ტესტ-მატჩის შემდეგ, ბრაზილია სამშაბათს, ვაშინგტონში სალვადორს დაუპირისპირდება. გარკვეულია “სელესაოს” მომდევნო მატჩებიც: 12 ოქტომბერს ტიტეს გუნდი საუდის არაბეთს ესტუმრება, სადაც ადგილობრივი ნაკრების გარდა, 16 ოქტომბერს არგენტინის ნაკრებსაც შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები