Thumbnail

მსუქანი რონალდო და დაუნდობელი ზიზუ - რეალის ფეხბურთელმა ხმა აიმაღლა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მადრიდის რეალის ნახევარმცველმა რონალდოზე და ზინედინ ზიდანზე ისაუბრა
  • დანი სებალიოსი ფრანგი მწვრთნელით უკმაყოფილო იყო
  • მისი თქმით, რეალი ოდნავადაც არ დასუსტებულა

მადრიდის რეალის ფეხბურთელმა დანი სებალიოსმა ყოფილი გოლეადორი რონალდო და სამეფო კლუბის ექს-მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გააკრიტიკა. რადიო “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში 22 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიელ ლეგენდას დასცინა, ზიზუს მიმართ კი უკმაყოფილება გამოხატა.

კითხვაზე, დაასუსტა თუ არა რეალი კრიშტიანო რონალდოს წასვლამ, სებალიოსმა ასე უპასუხა: “კრიშტიანომ მიგვატოვა, მაგრამ გუნდი ფუნქციონირებს. რეალში ყოველთვის თამაშობდნენ დიდი ფეხბურთელები და მათი უმრავლესობა გუნდს, ადრე თუ გვიან, ყოველთვის ტოვებდა ხოლმე - მაგალითად, მსუქანი რონალდო, კაკა და ა.შ. მიუხედავად ამისა, რეალი არსებობას აგრძელებდა და ტიტულებს იგებდა.”

სებალიოსმა მადრიდული გრანდის ყოფილ თავკაც ზინედინ ზიდანზეც ისაუბრა და თქვა, რომ ფრანგი მწვრთნელი მას ძალიან იშვიათად ათამაშებდა: “მიუხედავად იმისა, რომ მაგრად ვშრომობდი, ზიდანი ძალიან ცოტა სათამაშო დროს მაძლევდა. კვირები ისე გადიოდა, ოდნავადაც ვერ ვგრძნობდი, რომ გუნდში საჭირო ვიყავი, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან რთულია. მაშინაც კი, როცა ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი ტრავმირებულები იყვნენ, ზიდანი მე კი არ მათამაშებდა, არამედ ტაქტიკას ცვლიდა. ამის გამო გული ძალიან მტკიოდა,” - ამბობს ცენტრალური ნახევარმცველი, რომელმაც წინა სეზონში ლა ლიგის მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ სებალიოსი რეალში ერთი წლის წინ, ბეტისიდან გადავიდა.

რაც შეეხება რეალის ახალ დამრიგებელს - სებალიოსი ხულიენ ლოპეტეგის დანიშვნას მიესალმება და ამბობს: “ლოპეტეგი საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვინც შეიძლებოდა მადრიდში დანიშნულიყო. მის ხელში რეალი განსაკუთრებული სტილით ითამაშებს,” - დასძენს სებალიოსი.

კომენტარები

ბოლო ამბები