Thumbnail
  • კარლენ ასიეშვილი სულ ცოტა 6 თვეს იუქმებს
  • ქართველ ბურჯს ბრივში ახალგაზრდები შეცვლიან

ორიოდე კვირის წინ, ბრივის ვარჯიშზე, კარლენ ასიეშვილს ჯვარედინი მყესი გაუწყდა. ესაა უმძიმესი ტრავმა, რომლის მკურნალობას და შემდგომ რეაბილიტაციას, როგორც წესი, სულ ცოტა 6 თვე მიაქვს. 31 წლის მარცხენა ბურჯი ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურაა საქართველოს ნაკრებისთვის, მაგრამ რას იზამ, ხსენებულ პოზიციაზე მწვრთნელებს მიხეილ ნარიაშვილთან ერთად სხვა მორაგბის შერჩევა მოუწევთ, თანაც, ამ ეტაპზე არც ნარიაშვილია მწყობრში - მიშამ ზაფხულში მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს. არადა, ნოემბერში ბორჯღალოსნები იტალიის, ტონგასა და სამოას ნაკრებებთან ტესტ-მატჩებს გამართავენ...

ბრივმა სონა ტაუმალოლოზე უარი თქვა

თუკი ასიეშვილის ამხელა პერიოდით დაკარგვა საქართველოს ნაკრებისთვისაა სერიოზული დარტყმა, იოლი წარმოსადგენია, რას განიცდიან მისი კლუბის, ფრანგულ პრო დ2-ში მოასპარეზე ბრივის ხელმძღვანელები. ქართველი ბურჯი ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და ბრიველთა დამრიგებელი ჯერემი დევიდსონი საგონებელში ჩავარდა. თავდაპირველად გადაწყდა, ქართველის ნაცვლად სამედიცინო ჯოკერი მოეწვიათ და კონკრეტულ ფიგურებზეც იყო საუბარი. კერძოდ, გუნდში უნდა მისულიყო 36 წლის სონა ტაუმალოლო, ვისაც ტოპ 14-შიც უთამაშია და სუპერ რაგბშიც.

მაგრამ ბრივის ხელმძღვანელობამ ახლახან ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც კლუბი სამედიცინო ჯოკერს აღარ დაიმატებს და კარლენ ასიეშვილის ხანგრძლივი არყოფნით შექმნილ ვაკანსიას ახალგაზრდა ბურჯებით შეავსებს.

ცნობისთვის, ბრივში კარლენ ასიეშვილის გარდა კიდევ 5 ქართველი ირიცხება: სოსო ბეკოშვილი, ოთარ გიორგაძე, ლუკა გოგინავა, ლუკა ჯაფარიძე და ვასილ ლობჟანიძე.

ლევან ჩილაჩავა მძიმე ტრავმას გადაურჩა

კომენტარები

ბოლო ამბები