Thumbnail
  • ლონდონის არსენალმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო
  • უნაი ემერის გმირი კარდიფში ლაკაზეტი გახდა

მანჩესტერ სიტისთან (0:2) და ჩელსისთან (2:3) პირველ ტურებში წაგებების შემდეგ, ლონდონის არსენალმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გამოიკეთა. კარდიფმა საკუთარ მოედანზე შესანიშნავად იბრძოლა, სეზონში პირველი გოლებიც გაიტანა, მაგრამ გამარჯვება საბოლოოდ მაინც არსენალს დარჩა, რაც ალექსანდრ ლაკაზეტის დამსახურებაა, რომელმაც “ოქროს გოლი” მატჩის 81-ე წუთზე, ტორეირას პასით გაიტანა. ლონდონელებმა საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვეს - უნაი ემერის გუნდისთვის ეს ვესტ ჰემთან 3:1-ის შემდეგ მეორე მოგებაა.

კარდიფი 2:3 არსენალი

გოლები: 0:1 მუსტაფი (11), 1:1 კამარასა (45+2), 1:2 ობამეიანგი (62), 2:2 დ. უორდი (70), 2:3 ლაკაზეტი (81)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, სოკრატისი, მონრეალი - გენდუზი (70. ტორეირა), ჯაკა - იოზილი (84. უელბეკი), რემზი, ობამეიანგი (89. მხითარიანი) - ლაკაზეტი.

წინა ტურში, ვესტ ჰემთან, უნაი ემერის მესუთ იოზილი გუნდის განაცხადშიც კი არ ჰყავდა, ამჯერად კი, არა მხოლოდ გუნდში, არამედ ძირითად შემადგენლობაშიც დააბრუნა, ოღონდ, ისევ ფლანგზე გაამწესა, რაც მესუთს, როგორც ცნობილია, ძალიან არ მოსწონს. გასულ კვირაში ბევრი დაიწერა იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მოხვდა იოზილი ვესტ ჰემთან განაცხადში. უნაი ემერიმ უარყო მოარული ხმები მესუთთან გაუგებრობის შესახებ და აღნიშნა, რომ იოზილი ავად იყო.

მატჩი მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო: უკვე მე-11 წუთზე, გრანიტ ჯაკას მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, შკოდრან მუსტაფიმ ბურთი კარში თავით გადაგზავნა და ანგარიში გახსნა. მართალია, ლონდონელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ და მათი ბურთის პროცენტის მაჩვენებელმა 80 პროცენტამდეც კი მიაღწია, მაგრამ კარდიფელები მედგრად იბრძოდნენ.

ბობი რეიდის მაკრატელა, რომელსაც გოლი არ მოჰყვა

არსენალთან შეხვედრამდე კარდიფი ერთადერთი გუნდი იყო პრემიერლიგაში, რომელსაც ახალ სეზონში გოლი არ ჰქონდა გატანილი და ეს არასასიამოვნო სტატისტიკა სწორედ ამ შეხვედრაში შეიცვალა: მასპინძლებმა ორჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. ლონდონელთაგან მეორე ბურთი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა - ამ სეზონში ეს გაბონელის პირველი გოლია. რაც შეეხება გამარჯვების გოლს: ლაკაზეტმა არსენალს 3 ქულა ტორეირას პასით მოუტანა. ბოლო წუთებში კარდიფელები ბევრს ცდილობდნენ, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კარგი შანსიც მიეცათ (მორისონის თავური დარტყმა), მაგრამ მესამედ გათანაბრება ვეღარ მოახერხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები