Thumbnail

‘ჩემი მიზანი? მხოლოდ ფორმულა 1’ - შუმახერის შვილი მამის გზაზე დგას

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მიხაელ შუმახერის შვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
  • 19 წლის მიკის მიზანი ფორმულა 1-ია

ფორმულა 1-ის რეკორდსმენის, მიხაელ შუმახერის შვილი მიკ შუმახერის მრბოლელია, მაგრამ “დიდ ცირკამდე” ჯერ ვერ მიაღწია. თუმცა, მიკი მხოლოდ 19 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი კარიერა წინ აქვს. ლეგენდარული შუმის ვაჟი ახლა ფორმულა 3-ში ასპარეზობს, სადაც Prema Powerteam-ის ღირსებას იცავს და უკვე აქვს გარკვეული წარმატებები.

'ჩემთვის მისაბაძი მაგალითი, რა თქმა უნდა, მამაჩემია. მან ჩემს გადაწყვეტილებაზე და ზოგადად ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.'

“როცა გადავწყვიტე, რომ მამის გზას დავდგომოდი და ავტომრბოლი გამოვსულიყავი, მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა - ფორმულა 1-ში წარმატებების მიღწევა. ჩემთვის მისაბაძი მაგალითი, რა თქმა უნდა, მამაჩემია. მან ჩემს გადაწყვეტილებაზე და ზოგადად ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ბავშვობიდან ყოველთვის ვაკვირდებოდი, რას როგორ აკეთებდა და მეც ფორმულა 1-ში ასპარეზობაზე ვოცნებობდი. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რასაც, იმედი მაქვს, გამოვიყენებ,” - განაცხადა მიკ შუმახერმა BBC-სთან ინტერვიუში.

19 წლის გერმანელს სჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ფორმულა 1-ში გადაინაცვლებს და დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ იმიტომ არ მოხდება, მიხაელ შუმახერის შვილი რომ არის: “საბედნიეროდ, ავტოსპორტში ყოველთვის უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია. სხვანაირად არავინ არსად მიგიღებს. მეც მინდა დავამტკიცო, რომ უბრალოდ მიხაელ შუმახერის შვილი კი არა, კარგი მრბოლელი ვარ!” - ამბობს მიკი.

შუმის შვილს მიაჩნია, რომ სწორი გზა გაიარა და ახლაც სწორ გზაზე დგას: “ფორმულა 3 უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ფორმულა 2-ისკენ, მერე კი, რა თქმა უნდა, ფორმულა 1 იქნება ჩემი მიზანი. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ პროგრესი არ შევწყვიტო და ყველას ვუჩვენო, რა შემიძლია.”

კომენტარები

ბოლო ამბები