Thumbnail

ჩემპიონი, კაპიტანი და ახალბედა მწვრთნელი | ინტერვიუ ნინო პასიკაშვილთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნინო პასიკაშვილი 18 წლიდან თამაშობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში
  • ნინოს გუნდი, თბილისის ნიკე სადებიუტო სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს ქალთა ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს: 10-გუნდიანი ჩემპიონატის ბოლოს წინა ტურში, თბილისის ნიკემ ნორჩი დინამო 2:1 დაამარცხა და პირველი ადგილი გაინაღდა. ნიკე ახალი შექმნილი გუნდია და ჩემპიონის ტიტული სადებიუტო სეზონში მოიპოვა.

გუნდის ლიდერი ნინო პასიკაშვილია, რომელიც ამავდროულად გუნდის მწვრთნელადაც მუშაობს. 26 წლის ნახევარმცველი საქართველოს ქალთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანია. popsport-თან ინტერვიუში ნინო პასიკაშვილმა განვლილ ჩემპიონატზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა... 

popsport: ნიკე საქართველოს ჩემპიონი გახდა. როგორ შეაფასებ სეზონს?

პასიკაშვილი: ეს ჩემი პირველი სეზონია საქართველოში და ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გამოვიდა. ბოლო ორ სეზონში ქუთაისის მართვე აშკარა ფავორიტი იყო და გახდა კიდეც ჩემპიონი, წელს კი კონკურენცია გაიზარდა. ორი მატჩის ჯამში მართვეს 6:1 მოვუგეთ და დავიმსახურეთ პირველობა. ძლიერი გუნდები ჰყავდათ ქუთაისს და ბათუმს. ჯამში, საქართველოს ქალთა ლიგაში 10 გუნდი ასპარეზობს. 

popsport: ნიკეს მოთამაშე-მწვრთნელი ხარ. ამასთან, 14 გოლი გაქვს გატანილი, რაც საუკეთესო შედეგია...

პასიკაშვილი: 14 გატანილი გოლით გუნდის ბომბარდირი ვარ, ჩემპიონატში კი საუკეთესო მეგოლეებს შორის მესამე ადგილი მიკავია. მხოლოდ ორი ფეხბურთელი მისწრებს, თუმცა ისინი თავდამსხმელები არიან, მე კი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ. ვფიქრობ, ცუდი შედეგი არაა. 

საქართველოს ჩემპიონი: თბილისის ნიკე

popsport: ეს შენი პირველი სეზონია საქართველოს ჩემპიონატში. იქამდე თურქეთში, ბელარუსში და უკრაინაში თამაშობდი. თუ შეგიძლია შეადარო ეს ჩემპიონატები ერთმანეთს?

პასიკაშვილი: საქართველოში ყველაზე მეტი ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ აქამდე მთავარი პრობლემა საქმისადმი მიდგომა იყო. სხვა ქვეყნებში ქალთა ფეხბურთს პროფესიონალური სახე აქვს, ჩვენთან კი უფრო გართობა იყო. საბედნიეროდ, ვითარება შეიცვალა და გოგონებიც უფრო სერიოზულად ეკიდებიან საქმეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ნიჭით ბევრს ვჯობივართ, მაგრამ მეტი ფინანსებია საჭირო, რომ საქართველოში ქალთა ფეხბურთი განვითარდეს.

popsport: მწვრთნელობა ახალი დაწყებული გაქვს. როგორია შენი საფეხბურთო ხედვა?

პასიკაშვილი: ნიკეში სამი მწვრთნელი ვართ. გივი კვარაცხელიასთან და ლევან ნებიერიძესთან ერთად ვმუშაობ და მათგან ბევრს ვსწავლობ. მამაკაცი მწვრთნელებისთვის ბევრი გაუგებარი დეტალია, რაც ქალთა ფეხბურთს ახასიათებს. ჩვენი ფეხბურთელებისთვის მე არა მარტო თანაგუნდელი და მწვრთნელი, არამედ მეგობარიც ვარ და ეს მიქმნის კომფორტს. სწორედ ასე იქმნება გუნდში ჯანსაღი გარემო. ჩემი და ჩემი კოლეგების ხედვა არის კომბინაციური, სწრაფი და შემტევი ფეხბურთის თამაში. 17 შეხვედრაში 90 გოლი გავიტანეთ და მხოლოდ 6 გავუშვით, რაც ყველაფერზე მეტყველებს.

popsport: მთავარი, რაც შენ საფეხბურთო კარიერაზე შეგიძლია გვითხრა…

პასიკაშვილი: 16 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მოვხვდი და ეს ჩემი პირველი წარმატება იყო. 18 წლის უკვე უცხოეთში წავედი სათამაშოდ და შემდეგ, ეროვნულ ნაკრებშიც გამომიძახეს. სწორედ ეროვნული ნაკრებია ჩემი მთავარი ოცნება და სწორედ ეროვნულ გუნდს უკავშირდება ყველაზე დიდი ემოციები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ნიკესთან ერთად საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვება. ხარკოვის ჟილსტროისთან ერთად, უკრაინის ჩემპიონი გავხდი, მაგრამ მსგავსი სიხარული ნამდვილად არ განმიცდია. საქართველოს ჩემპიონობას ვერაფერი შეედრება. ასევე ვითამაშე ბელარუსულ მინსკში და თურქულ ათაშეჰირბელედიესპორში. სამწუხაროდ, ბელარუსის და თურქეთის ჩემპიონი ვერ გავხდი, თუმცა ვერცხლის მედალი არაერთხელ მოვიპოვე. 

popsport: ნიკე საქართველოს ჩემპიონია. რა არის მომდევნო მიზანი?

პასიკაშვილი: 2019 წლის აგვისტოში ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებთ და ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც მივაღწიოთ წარმატებას. ამასთან, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ნიკეში საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელთა ძირითადი ბირთვი ასპარეზობს და ვფიქრობ, მათთან ერთად ჩვენი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი იქნება.  

ნინო პასიკაშვილი საქართველოს ნაკრების კაპიტანია

popsport: ზოგადად, რა ვითარებაა ქართულ ქალთა საკლუბო ფეხბურთში?

პასიკაშვილი: ფინანსების ნაკლებობაა. რთულია სპონსორების მოზიდვა, რადგან კომპანიებს არ აქვთ გაცნობიერებული თუ რამხელა რესურსია ქალთა ფეხბურთში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერა რომ არა, ეროვნული ჩემპიონატი ალბათ არც ჩატარდებოდა. კარგი იქნება თუ ქალთა კლუბები მეტი პრივილეგიით ისარგებლებენ და მაგალითად, სტადიონებს შეღავათიან ფასებში იქირავებენ. 

popsport: საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხარ. რას უნდა ველოდოთ ეროვნული გუნდისგან?

პასიკაშვილი: სანამ ეროვნულ ნაკრებზე ვიტყვი, მინდა აღვნიშნო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წარმატება, რომელმაც განვითარების თასი მოიგო. იმ გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან 8 მოთამაშე ნიკეს წევრი იყო. ამიტომ, ვფიქრობ რომ ნიკე ნაკრების საბაზო გუნდი იქნება. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ნოემბერში გვაქვს ამხანაგური მატჩი თურქეთთან, აპრილიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დავიწყებთ და მიზნად ელიტ-რაუნდში გასვლა გვაქვს დასახული.

popsport: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალთა ფეხბურთში მასობრიობა იზრდება და წლიდან წლამდე უფრო მეტი გოგონა თამაშობს ფეხბურთს?

პასიკაშვილი: ნამდვილად ასეა. ერთი წლის წინ, დაახლოებით 200 გოგონა იყო დაკავებული ფეხბურთით, წელს კი რაოდენობა გაორმაგდა. სასიხარულოა, რომ სკოლბურთშიც ჩაებნენ გოგონები და იმედია, ეს კიდევ უფრო გაზრდის მასობრიობას. 

​popsport-ის სიუჟეტი ნინო პასიკაშვილის შესახებ

 

კომენტარები

ბოლო ამბები