Thumbnail
  • ლა ლიგის 10 ტოპ-ტრანსფერი ივლის-აგვისტოში
  • რონალდო ლა ლიგაში აღარ ითამაშებს, ვინ არიან მისი შემცვლელები
5 ამბავი ესპანეთიდან - ოპერაცია ლოპეტეგი, სუპერდუელის გარეშე, ლათინური ბარსა

ლა ლიგაში, ისევე, როგორც ევროპის უმეტეს ჩემპიონატებში, სატრანსფერო სეზონი 31 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. ასე რომ, წინ კიდევ მრავალი ტრანსფერია, თუმცა კონტურები უკვე გამოიკვეთა. ვნახოთ, ლა ლიგის კლუბების უდიდესი შენაძენები...

კრიშტიანო რონალდო 117 მილიონ ევროდ გადავიდა იუვენტუსში, ახალგაზრდა ბასკი მეკარე კეპა არიზაბალაგა 80 მილიონად ჩელსის საკუთრება გახდა, პაულინიო ჩინეთში დაბრუნდა, იერი მინა ინგლისში გადაბარგდა, მატეო კოვაჩიჩი რეალს "ნისლიან ალბიონზე" გაექცა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია და როგორც ხედავთ, ვარსკვლავებს ლა ლიგაც კარგავს. ვინ მოდის მათ ნაცვლად?

1. თომა ლემარი 

მონაკოდან ატლეტიკოში. € 70 მილიონი 

22 წლის ფრანგის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, პირიქით, ის ძალიან გააძლიერებს ატლეტიკოს მარცხენა ფრთაზე, მაგრამ ეს ტრანსფერი არ უნდა იყოს ლა ლიგის ტოპ-ტრანსფერი, არადა, ასეა. დიეგო სიმეონემ პოზიცია 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გააძლიერა გუნდში. 

2. ვინისიუს ჟუნიორი

ფლამენგოდან რეალში. 45 მლნ

ეს ტრანსფერი დიდი ხნის წინათ შეთანხმდა და მხოლოდ ამ ზაფხულს განხორციელდა. 18 წლის მარცხენაფლანგელი ახლავე მზადაა დაამტკიცოს, რომ რეალის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შენაძენია. ფაქტია, იგი კლუბმა ჯერ მეორე გუნდში დაარეგისტრირა, მაგრამ ახლა ყველაფერი თავად ბრაზილიელზეა დამოკიდებული.

3. მალკომი

ბორდოდან ბარსელონაში. 41 მლნ

ბარსამ მალკომი ბოლო წამს ააცალა რომას, ფეხბურთელს უკვე კურსი იტალიისკენ ჰქონდა აღებული, რის გამოც რომა ფიფაში ჩივილსაც აპირებდა. ამ ტრანსფერმა რომასა და ბარსელონას შორის კარგი ურთიერთობა საბოლოოდ გააფუჭა. ღირდა ამად (და 41 მილიონ ევროდ) ბრაზილიელი შემტევი? დრო გვიჩვენებს. მალკომი მხოლოდ 21 წლისაა და ის ლიგა 1-შიც არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა.  

4. ტიბო კურტუა 

ჩელსიდან რეალში. 35 მლნ

როგორც ჩანს, რეალს სკანდალის გარეშე აღარაფერი გამოსდის - ტიბო კურტუა ფაქტობრივად გამოიპარა ჩელსიდან. მუნდიალის საუკეთესო გოლკიპერის სანაცვლოდ რეალმა 35 მილიონი გადაიხადა, რაც ზუსტად ნახევარია ლემარის ტრანსფერთან შედარებით. კეილორ ნავასი კარგი მეკარეა, მაგრამ ყოველთვის იყო იმის შეგრძნება, რომ კოსტარიკელი არ იყო "სამეფო კლუბის" დონის გოლკიპერი. თუმცა ნავასი პირველობის იოლად დათმობას არ აპირებს. 

5. მიში ბაჩუაი

ჩელსიდან ვალენსიაში. იჯარა

"ღამურებს" ეს ტრანსფერი სულ 3 მილიონი ევრო დაუჯდათ, ეს არის ბელგიელი ფორვარდის საიჯარო ფასი. ბაჩუაიზე მოთხოვნა სხვა ქვეყნებშიც დიდი იყო, მაგრამ მან ლა ლიგაში თამაში არჩია. თქმა არ უნდა, ვალენსიასთვის ეს სუპერტრანსფერია.

6. კლემან ლონგლე 

სევილიიდან ბარსელონაში. 35 მლნ

ფრანგი მცველი ბარსელონაში სევილიიდან გადავიდა, ეს ტოპ-შიდა ტრანსფერია ლა ლიგაში. ამის შემდეგ ბარსაში იერი მინას ადგილი აღარ დარჩა და მან ევერტონს მიაშურა. ლონგლე 23 წლისაა და მას დიდი მომავალი აქვს. 

7. არტური

გრემიოდან ბარსელონაში. 31 მლნ

21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი განაცხადს ბარსას სასტარტო 11-ეულზე აკეთებს. ეს ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში დაემატა კატალონიურ გუნდს, თუმცა შეთანხმება კიდევ უფრო ადრე მოხდა.

8. ალვარო ოდრიოზოლა

სოსიედადიდან რეალში. 30 მლნ

ხულიენ ლოპეტეგის პირველი შენაძენი. 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი გადაიხადეს. ასე რომ, დანი კარვახალს ძალზე სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა დაცვის მარჯვენა ფლანგზე. 

9. როდრი

ვილიარეალიდან ატლეტიკოში

ამ ბიჭს ადრე თუ გვიან, ესპანეთის ნაკრების ნახევარდაცვის ლიდერობას ჩააბარებენ. როდრის აქამდე ერთი "ნაკლი" ჰქონდა, ნაკლებად ვარსკვლავურ ვილიარეალში თამაშობდა. 22 წლის ფეხბურთელი ატლეტიკოს ძალიან გააძლიერებს. 

10 არტურო ვიდალი

ბაიერნიდან ბარსელონაში. 18 მლნ

31 წლის ჩილელი გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე მასში გადახდილი 18 მილიონი ევრო. ბრავო ბარსას ამ ტრანსფერისთვის. სხვათა შორის, კიდევ რამდენიმე ტრანსფერში იმაზე მეტი გადაიხადეს, ვიდრე ვიდალში ბარსამ, მაგრამ ჩვენ მაინც მეფე არტუროს ტრანსფერი გამოვარჩიეთ.  

ტოპ-ათეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ეს ტრანსფერებიც: ჟელსონ მარტინში ატლეტიკოში; ვილი კარვალიო ბეტისში; იური ბერჩიჩე ბილბაოში; ანდრე სილვა სევილიაში; კევინ გამეირო ვალენსიაში; კარლ ეკამბი და სანტი კასორლა ვილიარეალში და სხვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები