Thumbnail

არტურო ვიდალის ახდენილი ოცნება - ბარსელონამ ჩილელი 'კამპ ნოუზე' წარადგინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 31 წლის ნახევარმცველმა კატალონიურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • 'კამპ ნოუზე' პრეზენტაციამდე არტურო ვიდალმა კომენტარი გააკეთა
  • ჩილელს ბარსელონასთან ერთად ყველა ტურნირის მოგება სურს

არტურო ვიდალი ბარსელონას ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. დღეს კატალონიურმა კლუბმა ჩილელი ნახევარმცველი ახალწვეულის რანგში წარადგინა. 31 წლის ფეხურთელის პრეზენტაცია ‘კამპ ნოუზე’ გაიმართა.

არტურო ვიდალმა ბარსელონასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ყოფილი კლუბი მიუნხენის ბაიერნი კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარსელონასგან 20-25 მილიონ ევროს მიიღებს.

იუწყებიან, რომ ჩილელის კონტრაქტში პირგასამტეხლო თანხად 300 მილიონი ევრო ჩაიწერა.

პრეზენტაციამდე ვიდალმა კატალონიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ, რომ ბარსელონაში გადმოვედი. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ ახალ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს, ჩავიცვამ ბარსელონას ფორმას და გავალ მოედანზე. 

ითამაშო ბარსელონაში - ოცნებაა. იმედი მაქვს, მივაღწევ დასახულ მიზნებს და მოვიგებ ყველა ტურნირს. ამისთვის კი მოედანზე არაფერს დავიშურებ. 

ბედნიერი ვარ, რომ მესისთან, სუარესსა და ბუსკეტსთან ერთად თამაშის შესაძლებლობა მექნება. ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან", - უთხრა კლუბის პრესსამსახურს ჩილელმა.

არტურო ვიდალი მიუნხენის ბაიერნის ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავდა. მანამდე ოთხი წელი კი ის ტურინის იუვენტუსში გამოდიოდა.

ბუნდესლიგის გასულ სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა 22 მატჩში ითამაშა, გაიტანა 6 გოლი და შეასრულა 2 შედეგიანი პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები