Thumbnail
  • არტურო ვიდალის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა
  • ჩილელი ნახევარმცველი ბაიერნიდან ბარსელონაში გადადის
  • ვიდალს ბარსაში ორშაბათს წარადგენენ
  • ერნესტო ვალვერდემ ტრანსფერი ახსნა და ვიდალი პაულინიოს შეადარა

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ არტურო ვიდალი მილანის ინტერში გადადიოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ჩილელისთვის ბრძოლაში ბარსელონა ჩაერთო და, რა გასაკვირია, რომ ყველაფერი სწორედ კატალონიური გრანდის სასარგებლოდ გადაწდა. ბარსამ და მიუნხენის ბაიერნმა შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურეს - ჩილელს ბარსელონაში ორშაბათს წარადგენენ.

არტურო ვიდალმა ბაიერნში 3 წელი გაატარა

“მინდა, არტურო ვიდალს ამ შესანიშნავი წლებისთვის მთელი ბაიერნის სახელით მადლობა გადავუხადო,” - ნათქვამია ბაიერნის გენერალური დირექტორის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებაში, რომელიც დასძენს: “ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ერთად დიდი წარმატებები ვიზეიმეთ, რაშიც არტუროს დიდი წვლილი მიუძღვის. მნიშვნელოვან მატჩებში ის ყოველთვის თავდაუზოგავად იბრძოდა, ჩვენ მას ყოველთვის ვენდობოდით!”

“მადლობა ბაიერნს და მის გულშემატკივრებს. მიუნხენში გატარებული წლებით ძალიან ვისიამოვნე. ბავარიულ კლუბს იმის გამოც ვუხდი მადლობას, რომ მომცეს შანსი, კიდევ ერთი დიდი გამოწვევა მივიღო და კარიერა ისეთ გრანდში გავაგრძელო, როგორიც ბარსელონაა,” - ეს თავად ვიდალის სიტყვებია.

ვიდალი ბაიერნში სამჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი

31 წლის ჩილელ ნახევარმცველს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2019 წლამდე ჰქონდა გაფორმებული და საიდუმლოს არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ბავარიელები მზად იყვნენ, ჩილელი სხვა გუნდში გაეშვათ. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ვიდალისთვის ბრძოლაში ფავორიტი მილანის ინტერი იყო - მეტიც, იტალიური და გერმანული მედია წერდა, რომ “ნერაძურიში” ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მერე საქმეში ბარსელონა ჩაერთო და მოვლენებიც შესაბამისად განვითარდა.

ეს, რა თქმა უნდა, მონტაჟია - ვიდალს ბარსელონაში, სავარაუდოდ, ორშაბათს წარადგენენ

სხვათა შორის, ვიდალი მეორე ფეხბურთელია, რომელიც ბარსელონამ ამ ზაფხულს იტალიის სერია A-ს წაართვა - კატალონიელებმა მანამდე მალკომი გადაიბირეს, რომელსაც რომის ბილეთები აღებული ჰქონდა და კარიერა რომაში უნდა გაეგრძელებინა.

არტურო ვიდალი საფეხბურთო ევროპამ ლევერკუზენის ბაიერიდან გაიცნო. 2011 წელს ჩილელი ტურინის იუვენტუსში გადავიდა, სადაც 4 წარმატებული წელი გაატარა, რის შემდეგაც მიუნხენის ბაიერნს მიაშურა. ბუნდესლიგაში გატარებულ 3 სეზონში ვიდალმა ბაიერნის ფორმა 79-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა. ბაიერნთან ერთად ის სამჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ერთხელ გერმანიის თასიც მოიგო.

ბარსელონაში ვიდალი პაულინიოს შემცვლელად სჭირდებათ - როგორც იცით, ბრაზილიელი ჩინეთში წავიდა. ესპანური და გერმანული მედიის ინფორმაციით, ბარსელონამ ბაიერნს 30 მილიონი ევრო გადაუხადა.

ვალვერდე: ვიდალი მაგარი მებრძოლია!

ვალვერდე: "სწორედ ასეთი ტიპი მჭირდებოდა!"

ვიდალის ტრანსფერს ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე გამოეხმაურა: “ის დიდი მებრძოლია და განსხვავდება იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც ჩვენ გვყავს. იმედი გვაქვს, რომ ვიდალი ნახევარდაცვაში ენერგიას შეგვმატებს. მას უდიდესი გამოცდილება აქვს და ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია. არტურო დიდ გუნდებში თამაშობდა და ყოველთვის წამყვანი ფიგურა იყო. ის მიჩვეულია უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში თამაშს,” - განაცხადა ვალვერდემ.

ბარსას თავკაცმა პაულინიოს შარშანდელი ტრანსფერიც გაიხსენა და ბრაზილიელი ვიდალს შეადარა: “შარშან, როცა პაულინიო მოვიყვანეთ, ამ ტრანსფერის გამო ბევრი გვაკრიტიკებდა. ოღონდ, ეს მანამდე ხდებოდა, სანამ ბრაზილიელი ჩვენთან ითამაშებდა. მერე კი ყველა დარწმუნდა, რომ პაულინიო შესანიშნავი არჩევანი იყო. თამაშის სტილით ვიდალი საკმაოდ ჰგავს პაულინიოს - ისეთ გრანდში, როგორიც ბარსელონაა, სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელები გვჭირდება.”

კომენტარები

ბოლო ამბები