Thumbnail
  • 31 წლის ნახევარმცველის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად წერენ
  • შესაძლოა, ჩილელმა კატალონიაში სამედიცინო შემოწმება უახლოეს საათებში გაიაროს  

მიუნხენის ბაიერნისა და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი ბარსელონაში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ამის შესახებ ავტორიტეტული კატალონიური და იტალიური გამოცემები და ჟურნალისტები წერენ.

"მაცნობეს, რომ ვიდალის ტრანსფერზე საუბარი სერიოზულადაა", - წერს კატალონიური Onda Cero-ს მიმომხილველი ალფრედო მარტინესი ტვიტერში.

როგორც ირკვევა, კატალონიურ კლუბს მიუნხენელებთან ტრანსფერის ბოლო დეტალებიღა დარჩა შესათანახმებელი. ამას ჯანლუკა დი მარციო აცხადებს:

ბარსელონასთან უკვე მოლაპარაკებულია თავად ჩილელი ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონები დაახლოებით 20-30 მილიონ ევროს გადაიხდიან. 

Sport.es წერს, რომ ვიდალი ბარსელონაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად უახლოეს საათებში შესაძლოა ჩავიდეს.

31 წლის ჩილელს ბარსა რამდენიმე სეზონია აკვირდება. კატალონიაში გადაბარგებასთან არტურო ძალიან ახლოს გასულ სეზონშიც იყო, მაგრამ საბოლოოდ ბარსელონამ პაულინიო გაიფორმა. ბრაზილიელის წასვლის შემდეგ, ვიდალის დამატების საკითხი კვლავ აქტურალური გახდა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არტურო კარიერას მილანის ინტერში გააგრძელებდა, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიელებს ბარსელონასთან ჭიდილი არ გამოუვათ.

არტურო ვიდალი ბაიერნის ღირსებას 2015 წლიდან იცავს და კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

ბუნდესლიგის გასულ სეზონში 31 წლის ნახევარმცველმა 22 მატჩში (17 ძირითადში) ითამაშა, გაიტანა 6 გოლი.

მიუნხენის ბაიერნში გადაბარგებამდე არტურო ვიდალი ოთხი წლის განმავლობაში ტურინის იუვენტუსში გამოდიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები