Thumbnail

ბექა ბიწაძის ლელო ორიაკთან და პრო დ2-ის სხვა ამბები

  • ბექა ბიწაძის ლელო ორიაკთან.
  • შალვა სუთიაშვილის გამარჯვება მონ დე მარსანთან.
  • მონტობანი პრო დ2-ში ერთპიროვნულად გალიდერდა.

საფრანგეთში Pro D2-ის მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართა. ამ ტურში რამდენიმე ქართველმა მორაგბემ ითამაშა.

ნარბონისა და ორიაკის მატჩი ქართველი გულშემატკივრისთვის მეტად საინტერესო გამოდგა. ნარბონის ძირითად შემადგენლობაში ბექა ბიწაძემ ითამაშა, რომელმაც ლელოს დადება მოახერხა. ქართველმა მორაგბემ ლელოს ხაზთან შექმნილი არეულობით ისარგებლა და ორიაკის ჩათვლის მოედანში ბურთი 27-ე წუთზე დაამიწა, თუმცა მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის გუნდის წინააღმდეგ ნარბონი ვერაფერს გახდა. მატჩი სტუმრებმა 17:31 მოიგეს.

შარიქაძემ მატჩი სრულად ჩაატარა და 43-ე წუთზე მის ბრწყინვალე თამაშს ლელო მოჰყვა. ქართველი მორაგბე რამდენიმე მეტოქეს გასცდა და ლატუკა მაიტუკუს ლელო დაადებინა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი მინდორზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. ნარბონი გასავარდნ ზონაშია, გუნდი მე-15 ადგილს იკავებს, ორიაკი მერვე პოზიციაზეა.

Superbe première victoire à l’extérieur et pas des moindres ! Bravo à nos joueurs ! #RCNMSA #J16 #phaseretour #StadeAurillacois #bienplusqu1maillot

Posted by Stade Aurillacois Cantal Auvergne on პარასკევი, 15 დეკემბერი, 2017

შალვა სუთიაშვილის ანგულემმა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, მონ დე მარსანს უმასპინძლა და მეტოქე 16:13 დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში იყო შალვა სუთიაშვილი, რომელიც 72-ე წუთზე ვიქტორ ლებასმა შეცვალა. მასპინძელთა რიგებში გამორჩეული იყო ჟან რიკ ლომბარდი, რომელმაც ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა. ანგულემს 33 ქულა აქვს და მეათე ადგილს იკავებს.

შალვა სუთიაშვილის შეჩერება მონ დე მარსანის მორაგბეებს ძალიან უჭირდათ

 ილია კაიკაციშვილის მასი გიორგი ნაცარაშვილის, მირიან ბურდულისა და შალვა მამუკაშვილის კარკასონსს შეხვდა და 13:9 იმარჯვა. კაიკაციშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. კარკასონი ბოლო , მე-16 ადგილს იკავებს. მასი მე-11 პოზიციაზეა. მირიან ბურდულმა 34-ე წუთზე ტრავმა მიიღო, მამუკაშვილი სტადიონზე მეორე ტაიმში გამოვიდა.

ვახტანგ მაისურაძის ვანი გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერთან, მონტობანთან განადგურდა. მასპინძლებმა მეტოქეს  ცხრა ლელო დაუდეს და ცხრავე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს. საბოლოო შედეგი ტაბლოზე 73:0 დაფიქსირდა.

დანარჩენი მატჩები ასე დასრულდა: ბაიონა - პერპინიანი 12:30, ნევერი - კოლომიე 16:12,
ბეზიე - გრენობლი 38:8. დაქსი - ბიარიცი 19:16.

პრო დ2-ის მე-16 ტურის დასრულების შემდეგ, მონტობანი პირველ ადგილზეა 56 ქულით. მეორე ადგილს მონ დე მარსანი იკავებს 50 ქულით. მესამე და მეოთხე ადგილებს პერპინიანი და გრენობლი ინაწილებენ 49-49 ქულით. პრო დ2-ის მორიგი ტური 21-22 დეკემბერს გაიმართება, 2018 წელს ჩემპიონატი 5 იანვრიდან განახლდება.

კომენტარები

ბოლო ამბები