Thumbnail
  • ფრაგმენტები ხორვატიასთან მარცხის შემდეგ არგენტინის ნაკრების თათბირიდან  
  • მესისა და არგენტინელი ფეხბურთელების პრეტენზიები ხორხე სამპაოლისთან
  • ახლა გასაგებია, რატომ გამოვიდა მუნდიალზე უფერულად 'ალბისელესტე'

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დროს, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ხორხე სამპაოლის შორის უთანხმოება რომ იყო, ეს ცნობილია. არგენტინელმა ჟურნალისტმა არიელ სენოსიანმა კი წიგნში "მუნდიალის ისტორია", დეტალურად აღწერა "ალბისელესტეს" ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის, ხორვატიასთან წაგებული მატჩის (0:3) შემდეგ გამართული 15-წუთიანი საუბარი. 

წიგნიდან ფრაგმენტბი Ole-მ გააქვეყნა.

"როდესაც თქვენ ნერვიულობთ, ამას გრძნობენ მოთამაშეებიც. თუკი ფეხბურთელები არ გენდობიან, შეუძლებელია კოლექტიურ ორგანიზებაზე საუბარი. ჩვენ ვერ გაგვიგია, რაზე გველაპარაკებით. აღარ გენდობით და გვინდა, საკუთარი აზრი გამოვთქვათ", - თქვეს ფეხბურთელებმა.

სამპაოლიმ დაკონკრეტება ითხოვა, თუ რასთან დაკავშირებით სურთ ფეხბურთელებს აზრის გამოხატვა, რაზეც პასუხად მიიღო: 

"ყველაფერთან დაკავშირებით".

"და რა, თავად აპირებთ გუნდის შემადგენლობის შედგენას, გაწვრთნას და ყველაფერი დანარჩენის გაკეთებას?", - დაინტერესდა მწვრთნელი.

საუბარში ჩაერია გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი:

"უკვე ათჯერ მაინც მკითხე, ვისი დანახვა მსურს შემადგენლობაში და ვისი - არა. მაგრამ, მე არასდროს დამისახელებია არცერთი ფეხბურთელი. თქვი ყველასთან, თუ დამისახელებია შენთან რომელიმე".

ოთახში, სადაც 23 მოთამაშე და სამი მწვრთნელი იყო, ასევე იმყოფებოდა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია, რომელმაც ერთ მომენტში სამპაოლის უთხრა:

"უნდა დათმოთ".

მუნდიალზე ბოლო მატჩებში ფეხბურთელები თავად ადგენდნენ ნაკრების შემადგენლობას

ხორვატიასთან თამაშის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნიგერიასთან ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის არგენტინის ნაკრების შემადგენლობას თავად ფეხბურთელები შეარჩევდნენ. "ალბისელესტემ" აფრიკელები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

2018 წლის მუნდიალზე არგენტინის ნაკრები ⅛-ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთთან დამარცხდა - 3:4

ხორხე სამპაოლიმ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 15 ივლისს დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები